რა გავლენას მოახდენს ენერგეტიკული ველების შეცვლა მაისის თვეში და როგორ იმოქმედებს მთვარის ჭარბი ასტრალური ძალები ადამიანებზე
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:56
გაზაფხულის შუა დეკადა მიიწურა. მისი ბოლო თვე, მაისი, როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, შედარებით მშვიდი იქნება. რა უნდა გაითვალისწინოთ გაზაფხულის ბოლო თვეს, რომ პერიოდი უმტკივნეულოდ და წარმატებულად განვლოთ და როგორი ენერგეტიკული პერიოდი გველის წინ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო მიხეილ, რა მოვლენებს უნდა ველოდოთ მაისის თვეში და როგორი იქნება გაზაფხულის ბოლო დეკადა ენერგეტიკული თვალსაზრისით?
– მაისი ის დროა, როცა ბევრ ადამიანს დასჭირდება გაზაფხულის წინა თვეების განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობისგან გათავისუფლება. მაისის დასაწყისი, სავსე მთვარის გამო, გაჯერებული იქნება მთვარის ჭარბი ასტრალური ძალებით. მაისის ეს პერიოდი ხელსაყრელი დრო იქნება ბავშვების ჩასახვის, ქორწილების ორგანიზების, სასიყვარულო, შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობების დასაწყებად. ახალი საქმეებისა და პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად საუკეთესოა 19-20 რიცხვები. 21 მაისს კი ენერგეტიკული და ასტრალური ველები შეიცვლება. მზე ტყუპების ნიშანში 04:38 საათზე შევა, სადაც 22 მაისს პლანეტა ურანს შეხვდება. ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებისთვის ხელსაყრელი იან ენერგიის პერიოდი იწყება, მაგრამ წყლისა და მიწის ნიშნებისთვის, ეს პრობლემური იქნება. მზარდ მთვარესთან ერთად, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ენერგია გაიზრდება ბევრი ადამიანისთვის, ვინც მზად არის ცვლილებებისთვის, გადაადგილებისთვის ან კარიერული ცვლილებისთვის. ვეცადოთ, მშვიდად გავიაროთ სავსემთვარეობის წინა პერიოდი, 31 მაისს, როდესაც მთვარე ურანთან ოპოზიციაში გადავა. თავად სავსემთვარეობის მომენტი, 12:46 საათზე დამატებით მხარს დაუჭერს და გაააქტიურებს ურანის ენერგიებს, რაც გააძლიერებს ტყუპების ნიშანზე სავსემთვარეობის გავლენას და ადამიანებს უფრო კომუნიკაბელურებს გახდის. ამრიგად, მაისის ბოლო კვირა ძალიან დადებითია ახალი საქმეებისთვის.
– როგორია მაისი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ თვე დანაკარგებისა და ზედმეტი პრობლემების, ბარიერებისა და სირთულეების გარეშე გავიაროთ?
– მაისში, ვერძის აქტიურობა შემცირდება, მისი ქმედება უფრო მშვიდ ფაზაში გადავა. გაიცნობს საინტერესო ადამიანებს. თუმცა, არ გირჩევთ ახალი საქმის დაწყებას. 10-დან 26 მაისამდე პერიოდი კიდევ უფრო სტაბილური და მშვიდია, კარგია საინტერესო კომუნიკაციისთვის, მოგზაურობისთვის, ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის. თვის ბოლოს კი, მცირე პრობლემებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ვერძის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
კუროსთვის, მაისი დასამახსოვრებელი და საინტერესო პერიოდია. განახლდება სასიცოცხლო ენერგიები, გაჩნდება შემოსავლების გაზრდის ახალი პერსპექტივები. ასევე, კაარგია ახალი რომანტიკული ურთიერთობისთვის. თვის ბოლოს კი შესაძლოა, სამსახურში სიტუაცია დაიძაბოს და არ არის გამორიცხული, კუროები ჭორების, ინტრიგებისა და ღალატის მსხვერპლი გახდნენ. ამიტომ უნდა იყვნენ ფრთხილად.
მაისში ტყუპების ენერგეტიკული ველი არასტაბილურობისკენ შეიცვლება. 10 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით შედარებით სტაბილური პერიოდია, რაც ტყუპებს დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. თვის ბოლოს კი, იგრძნობენ ძალების მოზღვავებას. ამ თვეში მათ არ ვურჩევთ მოგზაურობას შორეულ ქვეყნებში.
კირჩხიბებისთვის მაისის თვე ფინანსური თავგადასავლებით იქნება დატვირთული. მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. 26 მაისიდან, აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ჯანმრთელობას.
მაისის დასაწყისი ლომებისთვის არახელსაყრელი პერიოდია. შესუსტებულია ენერგიები. სჯობს დამოუკიდებლად იმოქმედონ. თვის შუა პერიოდი შედარებით მშვიდია. მოსალოდნელია ახალი ურთიერთობის დაწყება, რამაც შესაძლოა, მათზე დიდი გავლენა მოახდინოს. თვის ბოლოს კი ლომის პოტენციალი გაიზრდება.
მაისში ქალწული შეძლებს ძალების აღდგენას, მის გარემოცვაში გამოჩნდებიან ახალი და საინტერესო ადამიანები. თვის შუა პერიოდში მოსალოდნელია კარიერული ზრდა, წინსვლა, შემოსავლის ახალი წყაროების გახსნა. კარგი პერიოდია ჯანმრთელობის აღსადგენად. თვის ბოლოს კი ყურადღებით უნდა იყვნენ ფინანსური კუთხით, რათა არ დაზარალდნენ.
მაისის თვე სასწორებისთვის პრეტენზიული იქნება, მოსალოდნელია კონფლიქტები. თვის შუა პერიოდში კი გააქტიურდება სასიყვარულო რომანები, საინტერესო შეხვედრები. კარგი პერიოდია უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გასამყარებლად. ფინანსური მხარეც უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა თვის ბოლოს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ გზებზე.
მაისის თვეში მორიელს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ძალები მოემატება. სასურველი დროა პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად. საინტერესო და დასამახსოვრებელია პერიოდი 10-დან 26 მაისის ჩათვლით. ოჯახში სასიამოვნო ცვლილებები მოხდება. თვის ბოლოს კი უნდა მოერიდონ ფულის სესხებასა და დაიცვან საკუთარი ქონება.
მაისი მშვილდოსნებისთვის ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდია, შესუსტებულია სასიცოცხლო ენერგია. არ არის გამორიცხული ფინანსური პრობლემები. თვის შუა პერიოდი შედარებით საინტერესოა და დატვირთული იქნება კარგი მოვლენებით. თვის ბოლოს კი აქტიურად განავითარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს.
თხის რქებისთვის მაისის თვე სულიერი ზრდის, შემოქმედებითი განვითარების, მთავარი მიზნების განსაზღვრის პერიოდია. გააქტიურებული ენერგიები თვითრეალიზაციაში დაეხმარებათ. 16 მაისის შემდგომი პერიოდი ხელსაყრელია ქორწინებისთვის, კონტრაქტების დასადებად. თუმცა უნდა ეცადონ, აქტიურად განახორციელონ გეგმები.
მაისის პირველი ათი დღე განსაკუთრებით არახელსაყრელი დროა მერწყულების ჯანმრთელობისთვის. თვის შუა პერიოდი კი შედარებით მშვიდი და ჰარმონიული იქნება. ამ პერიოდში საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდება მოულოდნელი ცვლილებები, რაც რადიკალურად შეცვლის მერწყულის გეგმებს. თვის ბოლოს მათი ენერგეტიკული პოტენციალი აღდგება და შეიცვლება ფსიქო-ემოციური განწყობაც.
მაისი თევზებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. შესაძლოა, სასიამოვნო ემოციური გამოცდილება მიიღონ. 10-დან 26 მაისის ჩათვლით პერიოდი თევზებისთვის საკმაოდ საინტერესო და აქტიურია, რაც ოჯახში რადიკალურ ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული. თვის ბოლოს მოსალოდნელია ფინანსური სირთულე, ამიტომ, თავი უნდა შეიკავონ ზედმეტი ხარჯებისგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





