ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მიგახვედრებთ, რომ კარმული ვალისგან გათავისუფლდით და რა უნდა შეიცვალოს თქვენი ცხოვრების წესში, რომ „სწორ გზას“ დაადგეთ

№16

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

კარმა სასჯელი კი არა, შანსია: წინა ცხოვრების შეცდომების გამოსყიდვისა და საკუთარ სულიერ მისიასთან დაბრუნებისა. კარმა ყველასთვის ინდივიდუალურია და მისი ვალის გადახდა ადამიანის განვითარებაზეა დამოკიდებული: ზოგი ადრევე იხდის, ზოგსაც - მთელი ცხოვრება არ ჰყოფნის ამისთვის. მაშ, რა მიგახვედრებთ, რომ კარმისგან გათავისუფლდით? - არსებობს რამდენიმე უტყუარი ნიშანი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება და სწორედ ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი გივი ლ.

- ამბობენ, კარმა განაჩენი კი არა, სავალი გზააო. ადრე თუ ის ციცაბო მთის ბილიკს ჰგავდა, დღეს, როცა დედამიწაზე ენერგიები იცვლება, უფრო მსუბუქი და გამჭვირვალე გახდა. ბევრი ჩვენგანი ამას გრძნობს: თანდათანობით, ცხოვრება მუდმივ ბრძოლას აღარ ჰგავს - სიყვარულის, პატივისცემისა და სინათლის გზად იქცა. მაგრამ როგორ გაიგებთ, რომ კარმული ვალები უკან მოიტოვეთ? სწორედ ამის მანიშნებელ ფაქიზ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსებზე გიამბობთ და თქვენ თავადვე გამოიტანთ დასკვნას: სწორ გზას ადგახართ, თუ უკვე მიზანსაც კი მიაღწიეთ. მაშ ასე, რა ნიშნებზეა საუბარი? უპირველესად, დააკვირდით თქვენს ქცევებს - ამჩნევთ, რომ უწინდებურად ყველაფერს აღარ აკონტროლებთ: პატივს სცემთ სხვის თავისუფლებას, თავს არ ახვევთ მათ საკუთარ შეხედულებებს და გწამთ უმაღლესი მიზნის; დავებსაც მშვიდობიანად წყვეტთ და მიზნებსაც სხვის დაუზიანებლად აღწევთ. სამყარო აღარ ჰგავს ბრძოლის ველს - ჰარმონიულ სივრცედ იქცა. შესაბამისად, ამას მოჰყვება მეორე ნიშანი, როცა სხეული სულთან ჰარმონიაშია: ავადმყოფობები უკან იხევს, მაგრამ, თუ მაინც დაავადდით, მას გაკვეთილად იღებთ და არა - სასჯელად. თქვენ, ასევე, ზრუნავთ სხვებზეც, მაგრამ არ თამაშობთ მხსნელის ან მსხვერპლის როლს. ჯანმრთელობა მხოლოდ სენის დამარცხება როდია, ადამიანის მდგომარეობაა მთლიანობაში.

- ნათესავებს რა როლი აქვთ ამ შემთხვევაში?

- როცა მიხვდებით, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გამოცდა კი არა, მხარდაჭერაა, უდიერ საქციელსაც აპატიებთ საყვარელ ადამიანებს და ურთიერთობებსაც აღიდგენთ მათთან, ანდა უბრალოდ, წყენას დაივიწყებთ. რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მათგან მზრუნველობის მიღებასაც ისწავლით და რაც მთავარია, შექმნით საკუთარ ოჯახს - დაფუძნებულს სიყვარულზე და არა მოძველებულ ტრადიციებზე. ამასობაში სხვებსაც სინათლისკენ მიუძღვებით: თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები იწყებენ გამოფხიზლებას - ინტერესდებიან სულიერებით და ცხოვრებასაც შესაბამისად იცვლიან. თქვენ კი მათ გამოცდილებას უზიარებთ მედიტაციის, იოგას ან უბრალოდ, საუბრების საშუალებით. ამასობაში თავადაც სრული ნდობა გიჩნდებათ სამყაროს მიმართ და მავნე ჩვევებს წარსულს აბარებთ.

- ესე იგი, ლიდერი ხდები?

- დიახ, ხდებით ლიდერი, რაც ეფუძნება ნდობას და არა - ზეწოლას. ფაქიზად, კომპრომისების გამონახვით აქცევთ მათ თქვენს მიმდევრებად. საკუთარ თავზე კი ყოველთვის თავად იღებთ პასუხისმგებლობას და არასდროს ელით, რომ თქვენს პრობლემებს ვინმე სხვა გადაჭრის, რაც გარემოცვასაც იგივე საქციელისკენ უბიძგებს. ხდებით ძლიერი, მაგრამ ამ ძალას იყენებთ შექმნისთვის და არა განადგურებისთვის: მშვიდობიანად წყვეტთ პრობლემებს და ირჩევთ თანამშრომლობას, კონფლიქტის ნაცვლად. მთელ ძალას მიმართავთ სხვების დასახმარებლად და მიზნებსაც მათი ინტერესების გათვალისწინებით აღწევთ. თქვენი სამუშაო ხდება მომსახურება.

- ეს ხომ უპირობო სიყვარულია?..

- დიახ, ურთიერთობებში თქვენ ირჩევთ ერთგულებას და პატივისცემას, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, რომ პარტნიორი შეცვალოთ. ბავშვობის დროინდელი სცენარები აღარ მეორდება. საყვარელი ადამიანები გიყვართ ისეთები, როგორებიც არიან. ახლა ერთ უცნაურობასაც გაგიმხელთ: როცა შინაგანი სიბნელე მოკავშირედ იქცევა; როცა ჩახშობის ნაცვლად, უმეგობრდებით და გაგებით ეკიდებით საკუთარ აჩრდილს, შიშებსა და ცდუნებებს. ამ დროს სიამაყე და ამპარტავნება ადგილს უთმობს თავმდაბლობას და სიბრძნეს. მკაცრი განსაცდელის მიუხედავად, საკუთარი ღირებულებების ერთგული რჩებით. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ დაგიგროვდათ სიბრძნე, რომლის დაფარვა კი არა, სხვებისთვის გაზიარებაც გსურთ: გადასცემთ მათ თქვენს ცოდნას და ეხმარებით, იპოვონ საკუთარი გზა. სრულიად ღია ხართ სამყაროსთვის, რადგან გრძნობთ, რომ ყველანი უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული.

- მაშინ რა არის თავისუფლება?

- თავისუფლებაა, გამოხატავდეთ საკუთარ თავს. თქვენ ისწრაფვით დამოუკიდებლობისკენ და ხშირად მუშაობთ საკუთარ თავზე. თვითშეფასების გრძნობა საშუალებას გაძლევთ, დაამტკიცოთ თქვენი საზღვრები, წარუმატებლობას კი აღიქვამთ, როგორც გაკვეთილს და არა - დამარცხებას. თქვენ ხედავთ ადამიანის სულს და გრძნობთ მის ტკივილს, პოტენციალს, ნათელ და ბნელ მხარეებს. უჭერთ მხარს ისე, რომ არ არღვევთ მის თავისუფალ ნებას. თქვენი გული ღიაა, მაგრამ დაკვირვებული - ყველაფერს ამჩნევს. დაბოლოს, თქვენ იცით, რატომ მოხვედით აქ: მიზანი გახდა არა აბსტრაქტული, არამედ შინაგან კომპასად იქცა - თავდაჯერებულად მიჰყვებით თქვენს გზას და ფანტავთ რა უმეცრების სიბნელეს, თან მიგაქვთ სინათლე და სიყვარული მსოფლიოსთვის... და თუ ამ ჩამონათვალიდან რამდენიმეს მაინც პასუხობს თქვენი გული, ესე იგი, უკვე გზას დაადექით. კარმას ერთ წამში ვერ გამოიმუშავებ, ის სიყვარულითა და შეგნებულად გაკეთებული მრავალი არჩევნის შედეგად მიიღწევა. შესაძლოა, სწორედ ახლა იმკით ნაყოფს მრავალგზის განვლილი ცხოვრებიდან - რათა საბოლოოდ მაინც იცხოვროთ საკუთარი თავისთვის სიკეთესა და სიხარულში. გახსოვდეთ: ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ კარმა გამოიმუშავეთ, არის სიმსუბუქის, შინაგანი სიმშვიდისა და უპირობო სიხარულის განცდა ყოველდღიურ ცხოვრებაში... ის უკვე ძგერს თქვენს გულში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი