ჰოროსკოპი და შეუცნობელი

სამყაროს რა გზავნილებია მიმოფანტული ჩვენი ცხოვრების გზაზე და რა ცვლილებების მოტანა შეუძლია თითოეულ მათგანს

№9

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

როგორც იცით, უძველესი ხალხური გადმოცემები ცხოვრებისეულ ცვლილებებს გვიწინასწარმეტყველებს. ამჯერად განვიხილავთ, თუ რატომ არ უნდა დატოვოთ ფეხსაცმელი კარის ზღურბლზე და კიდევ რამდენიმე ისეთ მინიშნებას, ბედისწერა უხვად რომ გვიგზავნის ხიფათის თავიდან აცილებისა თუ წარმატების მოსაპოვებლად. ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლალი დ. განმარტავს თითოეულ ამ მინიშნებას და მიგვითითებს, როგორ მოვიქცეთ შესაბამის სიტუაციაში, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ.

- იდუმალი გზავნილები სამყაროსგან ჩვენი ცხოვრების მთელ გზაზეა მიმოფანტული, რათა გაგვაფრთხილოს, ზოგჯერ გაგვახაროს და მომავალი ცვლილებებისთვის მოგვამზადოს. კარგად დააკვირდით, სამყარო სავსეა ამ მინიშნებებით და თითოეული მათგანი გასაღებია ჩვენი ბედნიერი მომავლისა... და თუ მზად ხართ მათ ამოსაცნობად, ეს აუცილებლად მიგიყვანთ დადებით ცვლილებებამდე. ალბათ, გახსოვთ, ბავშვობიდან რომ გიჩიჩინებდნენ, ფეხსაცმელს კარის ზღურბლზე ნუ დატოვებო. თუმცა, ცოტამ თუ იცის ამ წესის წარმოშობის მიზეზი. რაციონალურად თუ ავხსნით, კარის ზღურბლზე დატოვებულ ფეხსაცმელს შეიძლება ფეხი წამოჰკრა, ჭუჭყი შეიტანო სახლში... თუმცა, არსებობს სხვა, უფრო ეზოთერული მიზეზებიც, რის უგულებელყოფასაც არ გირჩევთ. ფეხსაცმელი არც ისეთი მარტივი ნივთია, როგორიც ჩანს. ის ყველგან თან გვახლავს და შესაბამისად, შთანთქავს როგორც ათასობით ადამიანის, ასევე, შემხვედრი გზისა და მოვლენების ენერგიას, რომელთაგან ზოგი დადებითია, ზოგიც - უარყოფითი. წარმოგიდგენიათ, რამხელა ტვირთს შემოიტანთ სახლში ფეხსაცმლით? ზღურბლი განსაკუთრებული ადგილია, ერთგვარი წყალგამყოფი გარე სამყაროსა და შინაგან სივრცეს შორის, სადაც კედლებიც კი გიცავთ. ლეგენდის თანახმად, კარის ზღურბლზე დატოვებული ფეხსაცმელი სწორედ ამ საზღვარს გადარეცხავს და მას დაუცველს ტოვებს. ძლიერი ნეგატიური ენერგიის სახლში შეღწევა უფრო ადვილია, თუ ფეხსაცმელს რეგულარულად ტოვებთ ზღურბლზე.

- ესე იგი, კარის ზღურბლი უბედურების სატყუარაა?

- კარის ზღურბლზე ფეხსაცმლის დატოვება შეიძლება, ოჯახში მუდმივი ჩხუბისა და კამათის მიზეზი გახდეს. ამ დროს შესასვლელთან დატოვებული ფეხსაცმელი კედელს ჰგავს, რომელიც სახლში დადებითი ენერგიის შეღწევას ბლოკავს. ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმელი განსაკუთრებით საშიშია. უმჯობესია, ისინი საერთოდ არ შეინახოთ სახლში და დაუყოვნებლივ გადაყაროთ. ძველი გადმოცემების მიხედვით: ფეხსაცმელი კარის ზღურბლზე - გარდაუვალი განშორების ნიშანია. ჩვენ უნებლიეთ ვაგზავნით საყვარელ ადამიანებს შორს. სახლში შფოთვის, გაურკვევლობისა და დანაკარგის ატმოსფერო სუფევს. მოერიდეთ ნეგატიურ შედეგებს, თორემ მტერი გვერდს არ აგივლით.

- ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რა არის საჭირო?

- რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. ფეხსაცმელი კარიდან რაც შეიძლება შორს დადეთ. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ კარადები, თაროები - ბევრი ვარიანტია, მთავარია, ფეხსაცმლის ზღურბლზე დადებას მოერიდოთ. ასევე, ფეხსაცმელი ყოველთვის სუფთად უნდა შეინახოთ. ასე უფრო გამძლეც იქნება და ერთგვარ, ენერგიის გამოთავისუფლების ფუნქციასაც შეასრულებს. არომატული მარილები ან საკმევლის ჩხირებიც ეფექტურია. ეს რიტუალი ბოროტ სულებს განდევნის და ფეხსაცმელსაც სასიამოვნო სურნელს მიანიჭებს. დაუნანებლად გადააგდეთ ძველი ფეხსაცმელი. თქვენს საყვარელ, მაგრამ ძველ და გაცვეთილ ფეხსაცმელსაც კი, შეუძლია სახლში ნეგატიური ენერგია შემოუშვას. გამოიყენეთ მარტივი, მაგრამ ეფექტური თილისმები. შესასვლელთან ბალახის პატარა კონა ან მწიკვი მარილიც ხელს შეუშლის ნეგატიური ენერგიის შემოღწევას.

- წარმატების მომტან სხვა მინიშნებებზე რას გვეტყვით?

- რამდენიმე ასეთ მინიშნებას მინდა, გავუსვა ხაზი. მაგალითად, ქინძისთავის პოვნა შეკრულ მდგომარეობაში - კარგ ამბებს, სასიამოვნო მოვლენებს გიწინასწარმეტყველებთ, გახსნილი კი - გაფრთხილებთ, ყურადღებით იყოთ, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ. ჩიტმა თუ თავზე „დაგაჭიკჭიკათ“ - ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ ან მოულოდნელად, სასიხარულო ამბავს შეიტყობთ. ჭიამაია თუ ხელზე დაგაფრინდათ, ნუ განდევნით - ზურგზე მისი წერტილების რაოდენობა თქვენს ბედნიერებამდე დარჩენილ დღეებს აღნიშნავს. ნაპოვნი მონეტა თუ ძირს წინა მხრით ეგდო - სასიამოვნო სიურპრიზს დაელოდეთ; უკანა მხარე ზევით კი - მოულოდნელი მოგების ნიშანია. წვიმის შემდეგ თვალწინ გადაშლილი ცისარტყელა სანუკვარ სურვილს აგიხდენთ, თუ ორმაგია - იღბალსაც გაგიორმაგებთ. თქვენი ფანჯრის რაფაზე ან სახურავზე შემომჯდარი მტრედი ოჯახში სიმშვიდესა და ჰარმონიას შემოგიტანთ, ნისკარტით თუ ტოტიც მოაქვს - კეთილდღეობას ელოდეთ. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა თუ სახეში შემოგიბერათ, დადებით ცვლილებებს მოგიტანთ. ბავშვმა თუ თაიგული მოგართვათ, სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

- ბიზნესში წარმატების ნიშნები რომელია?

- თუ მსხვილი კუპიურის, ნაცვლად დიდი რაოდენობით ხურდა დაგიბრუნეს, ეს მოგებასა და ფინანსურ წარმატებას წინასწარმეტყველებს. მარჯვენა ფეხით წაბორძიკება - საქმის წარმატებით დასრულებას ან ახალი, პერსპექტიული პროექტის დაწყებას ნიშნავს. მნიშვნელოვანი საქმის წინ, თუ შემთხვევით წყალი გადაისხით, ეს წარმატებისა და ხელსაყრელი შედეგის მაჩვენებელია. გზაზე თუ გუბეში ჩაკარით ფეხი, ესეც საქმის წარმატებით დასრულებას მოასწავებს. ჯიბეში ან ჩანთაში თუ მონეტები აჩხრიალდა - მოულოდნელი შემოსავალია. მნიშვნელოვანი გასაუბრების დაწყებამდე თუ ღილი აგწყდათ და დაიკარგა - ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ახალი პროექტის დაწყებამდე თუ დაგაცემინათ - წარმატება გარანტირებულია. ქუჩაში გასაღებების პოვნა კი, შესაძლებლობების კარს გაგიღებთ თქვენს პროფესიაში. ასე რომ, შეჩერდით, მოუსმინეთ ბედის ჩურჩულს... და გადადგით ნაბიჯი თქვენივე ბედნიერებისკენ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი