ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მაგიური ძალა აქვს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემხვედრ „ბალახბულახს“ და როგორ უნდა დაამზადოთ მათგან სხვადასხვა დანიშნულების ჯადოსნური გვირგვინები

№15

ავტორი: ნანა წერეთელი 22:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

მაგიურ ბალახებთან დაკავშირებით უამრავი განსხვავებული შეხედულებაა გავრცელებული. დღეს განვიხილავთ, რომელი ბალახეულია ყველაზე ძლიერი და როგორ გამოვიყენოთ მათი მაგია პრაქტიკაში. მით უმეტეს, რომ ამ მცენარეების მოძიება სირთულეს არ წარმოადგენს - თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. თუ როგორი და რა დანიშნულებისაა ცალკეული მცენარე; ან ბალახებისა და ყვავილებისგან როგორ უნდა შეკრათ დამცავი, სამკურნალო, თუ სიყვარულის თაიგულები, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ევა კ.

- უპირველესად, ვახსენებ აბზინდას, რომელიც დაგიცავთ დემონებისა და ყველანაირი ცდუნებისგან და ასევე, დაგეხმარებათ, კონცენტრირდეთ მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხზე. გადმოცემებით ცნობილია, რომ ამ ბალახებისგან შეკრულ ქამარს, სწორედ დემონებისა და ცდუნებებისგან თავდასაცავად, ატარებდა იოანე ნათლისმცემელი. უძველესი დროიდან ჩინეთში აბზინდის კონებს სახლებში ჰკიდებდნენ ბოროტი სულების განსადევნად. იაპონიაში კი, გამხმარ აბზინდას ავადმყოფის საწოლთან წვავდნენ - თავად სნეულების სულთა განსადევნად, რადგან სწორედ ამ ბალახის სუნი სძულდათ მათ. აბზინდით სავსე ბალიშს თუ დაიდებთ თავქვეშ, წინასწარმეტყველურ სიზმრებს ნახავთ. სვამდნენ, ასევე, აბზინდის ნაყენს, თავად აბზინდას კი მკითხაობის ან რიტუალების წინ წვავდნენ, რათა არა მხოლოდ სივრცე, არამედ გონებაც გაეწმინდათ. ახლა, რაც შეეხება მრავალძარღვას...

- ის ხომ სამკურნალო მცენარეა?

- მრავალძარღვა მხოლოდ ბუნებრივი მკურნალი როდია, ის ენერგიის კატალიზატორი და ძლიერი დამცველიცაა. აბზინდის მსგავსად, ისიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ენერგიის გასაძლიერებლად ხანგრძლივი მოგზაურობის დროს (ადამიანები ხომ ძალიან ბევრს დადიოდნენ, რადგან თანამედროვე ტრანსპორტირების საშუალებები არ არსებობდა). ენერგიის გასაძლიერებლად კი, ფეხსაცმელში ამ ბალახებს იდებდნენ და ისე გაუდგებოდნენ ხოლმე გზას. მრავალძარღვა სახლის თილისმაცაა - შეკარით კონად და შესასვლელთან დაკიდეთ. ასე, სახლში უსიამოვნო ენერგიის შემოსვლას აიცილებთ თავიდან. მრავალძარღვას შეუძლია, ფიზიკურად სხეულის აღდგენა და ასევე, გამოიყენება ასტრალურ-სულიერ სიბრტყეშიც. გადავიდეთ გვირილაზე - ის სიყვარულის, ოცნებებისა და მზის ენერგიის ყვავილია და უძველესი დროიდან სახლში სიმდიდრის მოსაზიდად გამოიყენებოდა. ჩამოკიდეთ ამ მცენარის სურნელოვანი კონები სახლში და აკმიეთ გვირილის საკმეველი - ფული მოვა! ძილის წინ გვირილის ჩაიც მიირთვით, ღრმად ჩაგეძინებათ და თან, სასიამოვნო სიზმრებსაც ნახავთ. თუმცა, გვირილის ნაყენს წყევლის მოხსნაც შეუძლია. ძლიერი თილისმაა, ასევე, ჭინჭარიც. მისი მსუსხავი „სხეული“ დაგიცავთ სწორედ ბოროტებისგან! ჭინჭრის ძალა აგრესიულ დაცვაშია. ამიტომ, თუ ჭინჭრის ღეროებს სახლში მიმოფანტავთ, მისი დაუნდობელი, მსუსხავი ძალა ყველანაირი ბოროტებისგან დაგიცავთ. ეს მაგიური მცენარე ასუფთავებს როგორც სხეულს, ასევე სულს - შეგიძლიათ, მიიღოთ მისი გამწმენდი აბაზანები და საუნაშიც გამოიყენოთ საორთქლებლად. ძველად მიაჩნდათ, რომ გამხმარი ჭინჭრის ცეცხლში ჩაგდება მის პატრონს შორეულ მოგზაურობაში აარიდებდა საფრთხეს.

- ვიცი, რომ სხვადასხვა მცენარისგანაც ამზადებენ დამცავ გვირგვინებს თუ თაიგულებს?!

- რაც შეეხება დამცავ მცენარეთა ნაკრებს, რომელსაც სამკურნალო-ჯადოსნურ-რიტუალურ პრაქტიკაში იყენებენ, კიდევ ერთი დატვირთვაც აქვს: ჩართოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი დამცავი ძალა სახლის დეკორში გამოიყენოთ. ამისთვის კი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა საყვარელი ჯადოსნური მცენარეებისგან გვირგვინის დამზადებაა. რომ იცოდეთ, მცენარეული გვირგვინების დაწნა უძველესი ტრადიციაა. ამის თვალსაჩინო ნიმუშია ყველასთვის ნაცნობი ნაძვის გვირგვინი - შობა-ახალი წლის სიმბოლო. შემთხვევითი არ არის, რომ მას კარზე ჰკიდებენ - ინტერიერის დეკორიც არის და ძლიერი თილისმაც. ასევე, ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს როზმარინს და ბევრ სხვასაც. ამიტომ, დავიწყოთ! გვირგვინის შესაქმნელად დაგჭირდებათ: ბალახეულ მცენარეთა სხვადასხვა კომბინაცია; მავთული ან ტოტები გვირგვინის ჩარჩოსთვის და ლენტები ან ძაფი.

- როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?

- ბაზად გამოიყენეთ მავთულის ჩარჩო - ზედ შემოახვიეთ მცენარეები და ჩარჩოზე დაამაგრეთ ლენტები ან ძაფები. გახსოვდეთ, ჯადოსნურ-სამკურნალო მცენარეებთან მუშაობისას თავში არ გაივლოთ ნეგატიური ფიქრები და ემოციები. ეს შედეგზეც უარყოფითად აისახება. ახლა გაგაცნობთ გვირგვინის ტიპებს და მათ დანიშნულებას. დავიწყოთ სამკურნალო გვირგვინით: აიღეთ პოპულარული სამკურნალო მცენარეები - ვაშლის ყვავილი, ლავანდა, ქერი, ლაშქარა, ევკალიპტი, ცერეცო, გვირილა, როზმარინი და პიტნა. დამცავი გვირგვინისთვის, რომელიც კარზე უნდა დაკიდოთ, დაგჭირდებათ: ალოე ვერა, ჰისოპი, მანანა, აბზინდა, ხახვი, ვალერიანი, დრაკონი, მდოგვი, ნიორი, კამა, ფითრი. რაც შეეხება კეთილდღეობის გვირგვინს, ის შესანიშნავი საჩუქარია მეგობრებისთვის და, რა თქმა უნდა, თავად გამოგადგებათ საკუთარი კეთილდღეობის შესაქმნელად. ამისთვის კი მოიმარაგეთ: დაფნის ფოთოლი, რეჰანი, გვირილა, სამყურა, როზმარინი, ცხენის წაბლი, მირტი და ვაშლის აყვავებული რტოები. გვირგვინში ჩააქსოვეთ ოქროს ლენტიც, რაც მცენარეთა კეთილდღეობისთვის მოქმედ ძალას მეტ ეფექტურობას შესძენს... დაბოლოს, სიყვარულის გვირგვინი, რომლის მაგიური ზემოქმედების ძალის შესახებ უძველესი დროიდან იცოდნენ ქალებმა და ხშირადაც იყენებდნენ. რა შეიძლება იყოს სახლში სიყვარულის შემოპატიჟებაზე უკეთესი?!. თანაც, ასე მარტივად! გამოიყენეთ ვაშლის აყვავებული რტოები, კატაბალახა, ლავანდა, ტიტები, იები, ნარცისები, მიხაკი, იასამანი, რეჰანი და ვალერიანი, რათა სამყაროს აცნობოთ, რომ მზად ხართ სიყვარულისთვის!.. და როცა გვირგვინი გახმება, არ გადააგდოთ, შეინახეთ - ბალახი ძალას გახმობის შემდეგაც არ კარგავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი