სახლში კომფორტისა და სილამაზის გარდა, რა დანიშნულება აქვს ზოგიერთ მცენარეს და რა დამცავი ფარის შექმნა შეუძლიათ მათ
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00
ბოროტი თვალი ვერ გაჭაჭანდება თქვენს სახლში და საკუთრებაც დაცული გექნებათ, თუ შესასვლელ კართან და ეზოში კონკრეტულ მცენარეებს გაახარებთ. თუ რომელი მცენარეები გამოირჩევიან განსაკუთრებული უნარით, მოიგერიონ უარყოფითი ენერგია, დაგიცვან მოშურნის თვალისგან და წარმატებაც მოგიტანონ, განმარტავს ფლორისტი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია ლ.
- სიმწვანე და ნაირფერი ყვავილების მოშენება სახლში მხოლოდ კომფორტსა და სილამაზეს როდი ნიშნავს, ზოგიერთ მათგანს საუკუნეების განმავლობაში დაუმკვიდრდა ცოცხალი თილისმის „სტატუსი“. ასეთი მწვანე საფარი არა მხოლოდ ინტერიერს დაამშვენებს, თქვენი სივრცის ენერგეტიკული ფარიც იქნება. დავიწყოთ იღბლიანი ბამბუკით, რომელიც კეთილდღეობის სიმბოლოდაა მიჩნეული.
- იღბლიანი ბამბუკი?
- დიახ, ეს უნივერსალური და ადვილად გასახარებელი მცენარე მის ირგვლივ ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის და წარმატებას იზიდავს. ფენ-შუის თანახმად, იღბლიანი ბამბუკი სივრცეს უარყოფითი ენერგიისგან წმენდს და ჰარმონიით ავსებს. ის განსაკუთრებით შთამბეჭდავია მინის ვაზაში ან ელეგანტურ ქოთანში - იდეალური ვარიანტია თუ მაგიდაზე ან თაროზე დადგამთ. ბარაქისა და სიუხვის ნამდვილი მწვანე საბადოა ზამიოკულკასი ანუ „დოლარის ხე“. ეს მუქი მწვანე, „ბუთქუჩა“ ფოთლებით შემკული მცენარე რომ ფულთან ასოცირდება, ალბათ, გაგიგიათ, მაგრამ ცხოვრებას რომ სიმყარეს სძენს და შინაგან ძალასაც აძლიერებს, იცოდით?! მას წარმატების მცენარეს უწოდებენ და მართლაც ზამიოკულკასი ფინანსური და სულიერი სიმდიდრის ერთგვარი მაგნიტია. რაც მთავარია, თითქმის შეუძლებელია მისი გახმობა. ამიტომაც არის იდეალური „მფარველი“ მათთვისაც კი, ვისაც ყვავილების მორწყვა ავიწყდება.
- ორივე სახლის შესასვლელ კართან ახლოს უნდა იყოს?
- დიახ და არა მარტო ესენი. ტი ანუ ტეგანი - ნახევრად ბუჩქოვანი მცენარე, ნავისებრი ყვითელი ყვავილებით, ასევე სახლის მცველია. მძაფრი არომატი არ არის ერთადერთი, რითაც ისაა ცნობილი. ტი ამძაფრებს ინტუიციას, იცავს გარემოს არაკეთილმოსურნეთაგან და პატრონს აფრთხილებს არასასურველი სტუმრების შესახებ. თუ უეცრად დაჭკნა, კარგად დააკვირდით თქვენს გარემოცვას - შესაძლოა, ვიღაცამ სახლში არასწორი ვიბრაციები შემოიტანა... და აქვე აღვნიშნავ „ადამის ნეკნს“ - ეს არის ძალა და ზრდა ერთ ქოთანში. მისი გაფურჩქვნილი, კაშკაშა, სიცოცხლით სავსე ვიზუალი მართლაც რომ ზრდისა და განახლების სიმბოლოა. სწორედ „ადამის ნეკნს“ ირჩევენ ხშირად იმ ინტერიერისთვის, სადაც კომფორტისა და შინაგანი ენერგიის გაძლიერება სურთ. ის იდეალურია მისაღები ოთახებისა და ვერანდებისთვის, სადაც ყველა დაცულად იგრძნობს თავს. თავისი ბასრი, ვერტიკალური ფოთლებით კი, ნამდვილი დამცავი ფარია გველის მცენარე (სანზევიერია), იგივე „ვეფხვის ეშვი“ ან „დედამთილის ენა“ - ის შურისა და ბოროტი თვალისგან დაგიცავთ, გააძლიერებს სახლის სულიერ დაცვას და იმავდროულად, არ საჭიროებს ზედმეტ მოვლას. ის ასევე, შესანიშნავი ჰაერის გამწმენდია.
- რაც შეეხება სახლის შემოგარენს?..
- შემიძლია, გირჩიოთ ტირიფი და მის მაგიაზე გიამბობთ. ტირიფის გვირგვინებს თუ კარზე დაკიდებთ, ნეგატიურ ენერგიასა და ავადმყოფობას თავიდან აიცილებთ. ამრიგად, ტირიფი სახლისთვის ძლიერი თილისმაა! ის ხშირად წყალთან ახლოს იზრდება, რაც ემოციებთან, ინტუიციასთან და ქვეცნობიერთან არის კავშირში. ბევრ კულტურაში ტირიფი მთვარის (ქალურ) ენერგიასთანაც ასოცირდება, რაც სიმბოლურად გამოხატავს ქალურობას, საიდუმლოებას და ცხოვრების ციკლურ ბუნებას. ტირიფი იცავს ბოროტი თვალისგან, კურნავს ემოციურ ჭრილობებს და აშორებს სევდას, მწუხარებასა და მელანქოლიას. მას სახლთან ახლოსაც რგავდნენ, რათა მეხისა და ბოროტი სულებისგან დაეცვათ საცხოვრისი. ტირიფი ასევე, გამოიყენება მაგიურ პრაქტიკაში ემოციური ტრავმის სამკურნალოდ, წარსულისგან გათავისუფლებისა და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად.
- მე ვიცი, რომ კარგია, თუ სახლის სიახლოვეს გვირილები ყვავის.
- გვირილა სიყვარულის, ღრმა ძილისა და მზის ენერგიის ყვავილია. მის მაგიასაც აქტიურად იყენებენ. მზის მცენარედ აღიარებულ გვირილას უძველესი დროიდან მიმართავდნენ ოჯახში სიმდიდრის მოსაზიდად. სახლის გარშემო გვირილის სურნელოვანი თაიგულები დაკიდეთ და თან, დამწვარი გვირილის საკმეველიც აკმიეთ - ფული აუცილებლად მოვა! ძილის წინ თუ გვირილის ჩაის დალევთ, ღრმა ძილი და ტკბილი სიზმრები გარანტირებული გაქვთ. გვირილის ნაყენს ასევე, წყევლის მოხსნაც შეუძლია. აქვე დავამატებ, თუ სახლის სიახლოვეს ან შესასვლელ კართანაც კი, ჭინჭარმა დაგსუსხათ, ნუ გაბრაზდებით და არ სცადოთ, მისგან გაწმინდოთ იქაურობა. ეს მსუსხავი „მზეთუნახავი“ დაგიცავთ ბოროტებისგან!
- ესე იგი, ჭინჭარიც მაგიური მცენარეა?
- ჭინჭარი ძლიერი თილისმაა! მისი ძალა აგრესიულ დაცვაშია. მიმოაბნიეთ სახლის ირგვლივ ჭინჭრის მსუსხავი „ყვავილები“ და ყველანაირი ბოროტებისგან დაცული იქნებით. ის ასუფთავებს როგორც სხეულს, ასევე სულს - შეგიძლიათ მიიღოთ გამწმენდი აბაზანები და სააბაზანოში ნახარში აორთქლოთ. ძველად გამხმარ ჭინჭარს ცეცხლში აგდებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მათ შორ გზაზე საფრთხეს ააცილებდათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



