რომელ თითზე უნდა ატაროთ ბეჭედი, რომ ნეგატივისგან დაგიცვათ
ავტორი: ნანა წერეთელი 10:01
დღეს ბეჭედს ყველა ატარებს, თუმცა ყველამ როდი იცი, რომ ის ერთგვარი დამცავი ფარია მფლობელისთვის და ენერგიის გამტარიც. ამიტომ, თუ ბეჭედს არასწორად ატარებთ, შეუძლია თქვენს ცხოვრებაზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. შესაბამისად, დღეს ეზოთერიკოსი, ბატონი კობა შ. გაგარკვევთ, თუ რომელი ხელის რომელ თითზე უნდა ატაროთ ეს სამკაული, რომ იღბალმაც გაგიღიმოთ, ჯანმრთელობა, ინტუიცია გაიძლიეროთ, სიმდიდრე, ძალაუფლება და სიყვარული მოიხვეჭოთ და ასევე, ბნელი ძალებისგან დაიცვათ თავი.
- ბეჭდის ტარება ძველად მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო და სილამაზის, სიმდიდრისა თუ სტატუსის დემონსტრირების გარდა, მას თილისმის დანიშნულებაც ჰქონდა, რათა ნეგატიური ენერგიისგან დაეცვათ თავი. ბევრ კულტურაში არსებობს სწავლება და სისტემები იმის შესახებ, რომელი ბეჭედი რომელ თითზე უნდა ატაროთ: იღბლის, სიმდიდრის, ძალაუფლების, სიყვარულის მოსაზიდად, ინტუიციის განვითარებისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ასევე, ბნელი ძალებისგან თავდასაცავად. თითოეული თითი კონკრეტული ენერგიის გამტარია, ბეჭედი კი - ამ ენერგიათა გამაძლიერებელი. ჯამში, ბეჭდების ტარების ხელოვნება ენერგიებით შექმნილი საიუველირო ნამუშევარია.
- რა დანიშნულება აქვს კონკრეტულ თითს?
- განვიხილოთ თითოეული მათგანი და დავიწყოთ ცერა თითით. მისი მკაცრი, ძლიერი ენერგია ურყევ ნებას, მებრძოლ, მიზანდასახულ ხასიათს ახალისებს. ძველ რომში, გლადიატორთა ბრძოლის დროს, იმპერატორი ცერა თითის აწევით ან დაწევით მიუთითებდა, ეცოცხლა თუ მომკვდარიყო დამარცხებული. ოსმალეთის სულთანთა ცერა თითზე კი, ბეჭედი უსაზღვრო ძალაუფლებისა და ძლიერების სიმბოლო გახლდათ. ალბათ იფიქრეთ, თუ თავდაჯერებულობა და ძალა მაკლია, ბეჭედს ცერა თითზე გავიკეთებ და ყველაფერი მოგვარდებაო, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია გაუმკლავდეს უკონტროლო, მძვინვარე ენერგიას. მისი სიჭარბე ადამიანს მკაცრს, დაუნდობელს ხდის და ბრძოლისკენ მაშინაც კი უბიძგებს, როცა ეს სრულიად ზედმეტია. ამიტომ, უმჯობესია, ამ თითზე ბეჭედი საერთოდ არ ატაროთ, მაგრამ, თუ მაინც გნებავთ, აქტიურ ხელზე მაინც ნუ გაიკეთებთ (ასეთია მარცხენა ხელი მემარჯვენეებისთვის და მარჯვენა - მემარცხენეებისთვის), რათა ნეგატივი არ მიიზიდოთ და უკონტროლო ენერგიებისგანაც თავი დაიცვათ. გადავიდეთ საჩვენებელ თითზე, რომლის „დიდი შემოქმედებითი ენერგია“ სიმდიდრის, მმართველობისა და ლიდერობის საფუძველია. მართლაც პორტრეტებზე: იულიუს კეისარს, ნაპოლეონს, კარდინალ რიშელიესა თუ ივანე მრისხანეს, საჩვენებელ თითზე უკეთიათ ბეჭედი. დამეთანხმებით, რომ სიბრძნე, ლიდერის თვისებები, გადაწყვეტილებების მიღებისა და მათზე პასუხისმგებლობის უნარი არცერთ მათგანს არ აკლდა. ამიტომაც მიიჩნევა ლიდერის, მეწარმისა და მენტორისთვის ბეჭედი იდეალურად საჩვენებელ თითზე. თუმცა, არც ენერგიის სიჭარბეა კარგი - შეუძლია, მფლობელს მანიპულატორობისკენ უბიძგოს. შუა თითის უძლიერესი ენერგია კი, ადამიანის კარმას, პასუხისმგებლობას, დისციპლინას, შინაგან სიმწიფესა და სულიერ ზრდას უწყობს ხელს. საინტერესოა, რომ სერიოზული შინაგანი ცვლილებების დროს, როცა ადამიანს წარსულის გადახედვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევს, ინტუიციურად ბეჭედს შუა თითზე ატარებს. ეს მას „დამშვიდებასა“ და მკაცრი გაკვეთილებისგან საკუთარი თავის დაცვაში ეხმარება.
- რაც შეეხება არათითს, ამ თითზე ხომ საქორწინო ბეჭედს ატარებენ?
- არათითის ენერგია ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანს - ინდივიდუალობას ანიჭებს. სიმბოლურად გამოხატავს: ნიჭს, წარმატებას, ქარიზმასა და ორიგინალურობას, ჰარმონიას, სიყვარულს, სილამაზესა და სიცოცხლის სიყვარულს. სწორედ ამიტომაა არათითი სამკაულებისთვის ყველაზე ხელსაყრელად. არათითზე ყველაზე მოკრძალებული ბეჭედიც კი, მფლობელს ეხმარება, იყოს უფრო თავდაჯერებული და მიმზიდველი. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრ კულტურაში საქორწინო ბეჭდებს ამ თითზე ატარებენ, როგორც სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოს. დაბოლოს, ნეკი, რომლის ენერგია შეუდარებელია კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მხრივ და საოცარი ინტუიციით გამოირჩევა. ორივე ენერგია წარმატებას უზრუნველყოფს როგორც ადამიანებთან ურთიერთობების თვალსაზრისით, ასევე - ფულთან დაკავშირებითაც. ცნობილი მეწარმეები, სპიკერები თუ პოლიტიკოსები ბეჭედს სწორედ ნეკა თითზე ატარებენ.
- ესე იგი, კონკრეტულ თითზე ბეჭდის წამოცმაც კი საკმარისია, რომ მყისიერად გააქტიურდეს რომელიმე კონკრეტული ენერგია?
- საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის. მაგალითად, მარჯვენა - ხელი, რომელიც „გასცემს“, მამაკაცური ენერგიის კონცენტრირებას ახდენს და სამკაულიც ამ ხელზე ჯანსაღ ამბიციებს აღვიძებს: ადამიანს საკუთარი თავის წარმოჩენაში ეხმარება, ხელს უწყობს მის კარიერულ წინსვლასა და შემოსავლების ზრდას. მეორეს მხრივ, მარცხენა „მიმღები“ ხელია რბილი ენერგიით, რომელიც ყოველთვის შინაგანი მიმართულებისაა და მართვის ფრთხილი, დამზოგველი უნარის საშუალებით, ნებისმიერი რესურსის შენარჩუნებასა და ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ის, რომელ თითზე ატარებთ ბეჭედს, არამედ ისიც, რომელ ხელს ირჩევთ ამისთვის. მაგალითად, ბეჭედი მარცხენა ხელის ნეკზე თუ სწრაფ, იოლად მოსაპოვებელ ფულს გპირდებათ, მარჯვენაზე - სერიოზული, გრძელვადიანი ინვესტიციების გარანტია.
- ამ ყველაფერში რა წვლილი შეაქვს მასალას, რომლითაც ბეჭედია დამზადებული?
- საკმაოდ მნიშვნელოვანი. მაგალითად, ოქროს სამეფო ლითონს უწოდებენ, რომელიც ძალას, კეთილდღეობასა და თავდაჯერებულობას სძენს ბეჭდის მფლობელს; ვერცხლი კი - სინაზის, ინტუიციის, მგრძნობიარე, ჰარმონიული ემოციების სიმბოლოა. ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ზოგ ბეჭედს წლების განმავლობაში მოუხსნელად ატარებთ, ზოგი კი, უბრალოდ, ზარდახშაში დევს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძვირფასიცაა და ელეგანტურიც. ზოგჯერ ვერცხლის სამკაული გსიამოვნებთ, ზოგჯერ კი - ოქროსი. მოულოდნელად, ბეჭედს საჩვენებელ თითზე იკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, ყველა მას არათითზე ირგებს. შესაძლოა, ეს ზუსტად ის ენერგიაა, რომელიც ამჟამად გაკლიათ. მოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს. ბოლოს და ბოლოს, ინტუიცია ხომ გაცილებით იმაზე ადრე გვპასუხობს, ვიდრე გონება ყველაფრის გადამუშავებას შეძლებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





