რა „ინსტრუქციებს“ უგზავნის სამყარო ადამიანს სიზმრის სახით და როგორ შეიძლება ამ დაშიფრული კოდის გახსნა
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 24.07
სიზმრები უბრალოდ ღამის ფანტაზიები არ არის. ის დახვეწილი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ქვეცნობიერი, ჩაკრები და ბიოველი ენერგეტიკული დაცვის მდგომარეობას გადმოსცემს. თუმცა ყველა სიზმარი ეზოთერული მნიშვნელობის არ არის და ის გარკვეული მახასიათებლებით გამოირჩევა. დღეს განვიხილავთ სიზმრის ტიპს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და გაიგებთ, რას წინასწარმეტყველებს ახლობლის გარდაცვალება სიზმარში. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი თაკო მ.
- უხსოვარი დროიდან სიზმარი მიაჩნდათ კარიბჭედ, რომლის გავლითაც პირიქითა სამყარო სიგნალებს, გაფრთხილებებსა და ინსტრუქციებს უგზავნის რეალურ სამყაროს. მაგია სიზმრებს არასდროს განიხილავდა სურათების შემთხვევით ერთობლიობად. ის ადამიანის ენერგეტიკული მდგომარეობის სარკეა, რომელიც ჩაკრების ფუნქციონირებას, ბიოველის სისუფთავესა და ნატიფი სხეულის დაცვის ხარისხს აირეკლავს. ნეგატიური მაგიური გავლენის დროს სხეული და სული განგაშის ზარს სცემს, საფრთხეს სიმბოლოებად გარდაქმნის, რის ახსნაც ადამიანის შინაგან სამყაროს შეუძლია. დევნა, ჭაობი, საყვარელი ადამიანების სიკვდილი, უთავო ფიგურები, დემონები და მსგავსი რამ, განაჩენი კი არა, სიგნალებია მოსალოდნელი ავარიის, გათვალვის, გამოფიტვის შესახებ. თუმცა იმის შანსაც იძლევა, საფრთხე დროულად შეამჩნიოთ და რეაგირება მოახდინოთ.
- როგორ გვიგზავნის სამყარო გაფრთხილებას სიზმრის საშუალებით?
- უარყოფითი მაგიური ზეგავლენის დროს, იქნება ეს ავი თვალი, რიტუალური ჯადო, ენერგეტიკული შებოჭილობა თუ შური, ადამიანის აურა იწყებს დეფორმაციას. სასიცოცხლო ძალებზე პასუხისმგებელი ჩაკრები იბლოკება ან „ჟონავს“. ამ ყველაფერზე ფიზიკური სხეული რეაგირებს ქრონიკული დაღლილობით, თავის ტკივილითა და ძილის დარღვევებით, ხოლო ქვეცნობიერი, რომელიც მოკლებულია პირდაპირი საუბრის უნარს, შფოთვას ღამის ხილვებში სიმბოლოებით გადმოსცემს - ქვეცნობიერი ქმნის გამოსახულებებს დაშიფრული ინფორმაციით. ეზოთერული სიზმრების მუშაობის მთავარი წესი არა პანიკა, არამედ ანალიზია. აწარმოეთ სიზმრების დღიური, აღნიშნეთ მთვარის ფაზები, კვირის დღეები, თქვენი ემოციური მდგომარეობა და ფიზიკური შეგრძნებები გაღვიძებისას. ეს დაგეხმარებათ, განასხვავოთ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური სიზმრები მაგიური მნიშვნელობის სიზმრებისგან. გახსოვდეთ: საფრთხის ამოცნობა ამცირებს მის ძალას. თქვენი ნება, დაცვის რწმენა და ენერგეტიკული ჰიგიენის რეგულარული პრაქტიკა (მარილის აბაზანები, საკმეველი, სინათლის ვიზუალიზაცია, ბუნებრივი დამცავების: ბალახეულის, ქვებისა და ლითონების გამოყენება) ქმნის ძლიერ ფარს, რომელიც ნეგატივს ნატიფ დონეზეც მოიგერიებს.
- რა ძირითადი მახასიათებლებით განირჩევა ჩვეულებრივი სიზმარი მაგიურისგან?
- მაგიური სიზმრის მახასიათებლებია: განმეორება - სიუჟეტი ან არქეტიპი მეორდება რამდენიმე ღამე ზედიზედ; ემოციური ფონი - შიში, დახრჩობის შეგრძნება, სიცივე, სიმძიმე, უიმედობა, რეალურ სიტუაციასთან შეუსაბამობა; ფიზიკური რეაქცია - სისუსტე გაღვიძებისას, ტკივილი კონკრეტულ ადგილებში, ოფლიანობა, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის/თავის არეში; სიუჟეტის გრადაცია - ავი თვალი ხშირად ვლინდება მსუბუქი, გარდამავალი გამოსახულების (ჩრდილი, უცაბედი მზერა) მეშვეობით; ჯადო წარმოქმნის მძიმე, ხრწნად, დამანგრეველ სიუჟეტებს (ლპობა, ჭაობი, ობობას ქსელი, დემონები, უთავო ფიგურები). დღეს დეტალურად განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ენერგეტიკულად მნიშვნელოვან სიზმრის არქეტიპს - საყვარელი ადამიანის გარდაცვალების ამსახველი სიუჟეტით, რომელიც განიხილება ჩაკრის ფუნქციის, ბიოველის მდგომარეობის, ტრადიციული ეზოთერული ინტერპრეტაციებისა და დიაგნოზის, ასევე, დაცვის პრაქტიკული რეკომენდაციების პრიზმაში. სიზმარი არ არის სასიკვდილო განაჩენი, ის სიგნალია. საფრთხის ამოცნობა კი, მას თქვენზე გავლენის ნახევარს აკარგვინებს. ამიტომ, ისწავლეთ ღამეული გაფრთხილებების წაკითხვა!
- ახლობლის გარდაცვალება სიზმარში ძალიან ხშირია...
- სიზმარი, რომელშიც ოჯახის წევრი, საყვარელი ადამიანი ან მნიშვნელოვანი პირი კვდება, ძლიერ ემოციურ რეაქციას იწვევს. თუმცა, ეზოთერულ დიაგნოსტიკაში ასეთი ამბავი იშვიათადაა პირდაპირი წინასწარმეტყველება. ყველაზე ხშირად, ის სიმბოლურად გამოხატავს ენერგეტიკულ გათიშვას, კავშირების გაწყვეტას, შეტევას გულის ჩაკრაზე, მარტოობისა და ემოციური გამოფიტვისკენ მიმართულ ზემოქმედებას. ქვეცნობიერი იყენებს ყველაზე მტკივნეულ არქეტიპს, რათა ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ თქვენი ენერგეტიკული კავშირი ამ ადამიანთან (ან სიყვარულის, მხარდაჭერის, ოჯახის, უსაფრთხოების სიმბოლურ გამოხატულებასთან) საფრთხის ქვეშაა. საყვარელი ადამიანის სიკვდილი სიზმარში ურტყამს გულის ჩაკრას და ბიოველის მთლიანობას არღვევს. ეს ჩაკრა პასუხისმგებელია სიყვარულზე, თანაგრძნობაზე, პატიებასა და ემოციურ სტაბილურობაზე. ასეთი თავდასხმის დროს ადამიანი განიცდის უსაფუძვლო სევდას, გაუცხოებას, ურთიერთობის შიშსა და ემოციურ დამბლას. ასეთი სიზმარი ხშირად იწვევს გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნებას, უმიზეზო ცრემლს და სულში - „სიცარიელეს“. მაგიური ტრადიციების მიხედვით, ეს არის „ჯადო განშორებაზე“, „მარტოობაზე“ ან ენერგეტიკული ვამპირიზმი, რომელიც თქვენი ემოციური კავშირებით იკვებება. ხშირად, ეფექტი არ არის მიმართული ფიზიკურ სიკვდილზე, არამედ ურთიერთობების გაწყვეტაზე, გრძნობების გაციებაზე, ნდობის დაკარგვაზე ან სოციალურ იზოლაციაზე. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ. ამ დროს რეკომენდებულია დიაგნოზის დასმა ქანქარის ან ადამიანის ფოტოსურათზე ჩარჩოს გამოყენებით. ასევე, გაღვიძებისთანავე სიზმარი ჩაიწერეთ დეტალურად: ვინ და როგორ გარდაიცვალა, თქვენი რეაქცია ბუნებრივი იყო თუ „იძულებითი“, იგრძენით თუ არა მესამე მხარის იქ ყოფნა. გულის ჩაკრის დასაცავად გამოიყენეთ მწვანე ან ვარდისფერი ქვები (მალაქიტი, ვარდისფერი კვარცი) და გულთან ახლოს ატარეთ. ასევე, ეფექტურია რიტუალი წითელი ძაფით: დაიმაგრეთ მარცხენა მაჯაზე და მისი საშუალებით, წარმოსახვით გაუგზავნეთ სიყვარული და მფარველობა თქვენს ახლობლებს. საღამოს დაანთეთ სანთელი და წარმოთქვით: „გული მიცემს, კავშირი ცოცხალია. სიყვარული - შიშზე, სინათლე კი, სიბნელეზე ძლიერია“. მოერიდეთ სიზმრის უარყოფითად განხილვას - ეს მის გავლენის აძლიერებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




