ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ უნდა ცვალოთ ყოველდღიურად სახლის კუთხეებში დადგმული წყლიანი ჯამი და რას შეჰმატებს ოჯახს მონეტები ვაზაში და „მზის ხილით“ სავსე სინი მაგიდაზე

№27

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 17.07

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ხალხური გადმოცემების თანახმად, ყველა სახლში მოიძებნება რამდენიმე ნივთი, განსაკუთრებულ სითბოს რომ ასხივებს და კომფორტსა და სილამაზეზე მეტს ნიშნავს იქ მცხოვრებთათვის: წარმატება და კეთილდღეობა შეაქვს ოჯახში. დღევანდელ ინტერვიუში ეზოთერიკოსი, ქალბატონი ხათუნა ჩ. განმარტავს, თუ რა შეუძლია სრულიად ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო ნივთებს და როგორ უნდა გამოიყენოთ თითოეული მათგანი, რომ მაგიური თვისებები გამჟღავნდეს და მაქსიმალურად აისახოს ეს თქვენზე და თქვენი ოჯახის მომავალზე.

- ძველად ამბობდნენ: სახლში ნივთებიც ცოცხალია და რაც ცოცხლობს, ის სხვაზე გავლენასაც ახდენსო. მართლაც, ზოგი მათგანი ისე გამძიმებს, სულს გიხუთავს, ზოგი კი, პირიქით, გალაღებს, მხარს გიჭერს და შთაგაგონებს. სიმბოლოების ენით არაცნობიერი გველაპარაკებაო და მართლაც ზოგჯერ, სახლში არსებული სიმბოლოები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი გაჯეტები. მაშ ასე, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ 12 ჩვეულებრივ საგანზე. დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული უძველესი სიმბოლოთი - ცხენის ნალით, რომელსაც სახლში, შესასვლელ კარზე კიდებდნენ და მიაჩნდათ, რომ თილისმა შინ სიკეთეს შეიტანდა, ავი თვალის, ბოროტი ზრახვებისა და შემთხვევითი უბედურებისგან დაიცავდათ. ნალის ფორმასაც თავისი დატვირთვა ჰქონდა: რკალი ჰგავს ფინჯანს, რომელიც ბედნიერებას „აგროვებს“: ნალის ბოლოები თუ ზევით იყო მიმართული - იღბალს „აგროვებდა“; ხოლო, თუ ქვემოთ - „სტუმარს მასპინძლობდა“. თანაც, სანამ ნალს დაკიდებდნენ, ოთახებს ჩამოატარებდნენ, თითქოს კერიის თბილ ენერგიას აგროვებდნენ. შემდეგია თეთრეული, რომელიც მხოლოდ ძილისთვის განკუთვნილი ატრიბუტი როდია, ის ოჯახური სიმშვიდის სიმბოლოცაა. ნატურალური ქსოვილები, ბამბა, სელი და მსგავსი რბილი ნიმუშები ზრუნვის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო კოპლებიანი თეთრეული - სიმშვიდისა და კომფორტის გამაერთიანებელი. საწოლი სუფთა და დაუთოებული უნდა იყოს, რათა ადამიანი დასაძინებლად სიმშვიდის განცდით წავიდეს. ბოლოს და ბოლოს, ძილში სიცოცხლის თითქმის მესამედს ვატარებთ.

- სიმბოლურ ფიგურებსა და გარკვეულ არომატებზე რა გვეტყვით?..

- ფიგურებიდან გამოვყოფდი სპილოს, როგორც სტაბილურობისა და სიბრძნის სიმბოლოს. მარტოსულებს ის თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს სძენს, ოჯახებს კი ჰარმონიის შენარჩუნებაში ეხმარება, რათა წვრილმანი ჩხუბის გამო ცხოვრება არ დაენგრათ. მთავარი მოთხოვნაა, სპილოს ხორთუმი ზევით ჰქონდეს აშვერილი - ეს ბედნიერებისა და ზრდის ნიშანია. რაც შეეხება ცოცხალი ყვავილების თაიგულს, სახლში სითბო, სინათლე და სიხარული რომ შეაქვს და სიცოცხლისადმი მადლიერების გამოხატულებაა. ჩვენს წინაპრებს უყვარდათ სახლის მინდვრის ყვავილებით მორთვა, რადგან სწამდათ, რომ გვირილებს, ყოჩივარდებსა და იებს უბრალო, მიწიერი ბედნიერება შეჰქონდათ ოჯახში. დღეს უფრო ვარდები ან ორქიდეებია მოდაში, თუმცა მაგიდაზე გვირილების თაიგული, მაშინვე ბავშვობისა და ნამდვილი კომფორტის გრძნობას იწვევს. სახლის სული კი არომატებია, რომელიც სიტყვაზე მეტად ამახსოვრდება ადამიანს. ყველა სახლს თავისი „სურნელოვანი მფარველი“ ჰყავს: ჩაის ხე დაღლილობას ხსნის, ციტრუსი ენერგიის წყაროა, როზმარინი გონებას ააქტიურებს, ჟასმინი კი სიყვარულს აფრქვევს. ზოგი საკმევლის ჩხირებს ანთებს, ზოგი სანთლებს, ზოგი კი უბრალოდ, ფორთოხლის ქერქებს აშრობს რადიატორზე, მაგრამ არსი იგივეა: სურნელი უმნიშვნელო არ გეგონოთ, ის განწყობას ქმნის და გეუბნება: „აქ გელოდებიან“.

- წყლის მაგია, რა თქმა უნდა, სახლზეც აისახება, ალბათ?!

– წყალი ყოველთვის ასოცირდებოდა განახლებასთან, თან აუცილებლად, გამდინარე. უძრავი წყალი სტაგნაციაა, მდინარე ნაკადი კი - სიცოცხლეო, - ამბობდნენ უხუცესები. ამიტომაცაა, ბევრს სახლში აკვარიუმი ან პატარა შადრევნები რომ აქვს. კუთხეში წყლის უბრალო ჯამიც კი განწმენდის ნიშანია. მთავარია, ყოველდღე შეცვალოთ, რათა სახლში ენერგია არ „შედედდეს“. სიმდიდრის პატივისცემის ნიშნად კი სახლის კუთხეებში მონეტებს ალაგებენ. უფრო მარტივი გზაა მონეტებიანი ვაზის თვალსაჩინო ადგილას დადგმა. სიმბოლურად, მონეტებს ხშირად ლამაზ ქილებში ან თეფშებზე დებდნენ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ სიმდიდრეს მიიღებდნენ და გაუფრთხილდებოდნენ. სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და დღესასწაულის სიმბოლო კი, მუდმივად სუფრაზე ხილით სავსე ვაზაა. მაგრამ ეს უნდა იყოს, ეგრეთ წოდებული, „მზის ხილი“ – ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, თვალს რომ ახარებს თუნდაც ნაცრისფერ დღესაც კი. განსაკუთრებით ლამაზია, თუ გამჭვირვალე ვაზაში ჩაალაგებთ, სინათლის პატარა ნაჭრებივით.

- წყალთან ერთად, ვერც ცეცხლის მაგიას ავუვლით გვერდს...

- ცეცხლის ძალას ანთებული სანთელი გამოხატავს, სახლში საღამოს რომ განსაკუთრებულს ხდის. ყველაზე მარტივი, უსუნო სანთელიც კი სადღესასწაულო განწყობას ქმნის. ცეცხლი გამწმენდი ელემენტია: „ის არა მხოლოდ ოთახში, არამედ სულშიც კი ფანტავს სიბნელეს“. შემთხვევითი არ არის, რომ სანთლებს ანთებდნენ დღესასწაულებზე, ლოცვის დროსა და თვით მდუმარებისასაც კი. თუმცა, ერთი შეხედვით პატარა ზარსაც თავისი ხასიათი აქვს და მასაც შეუძლია ცვლილებების შეტანა სახლში - მისი რეკვა ბოროტებას განდევნის. ყველა სახლს შეიძლება ჰქონდეს თავისი ხმა - როგორსაც შეარჩევს. სტუმრებსაც ზარის ხმაზე ეგებებოდნენ, ხოლო სახლის კუთხეებში რეკვით სივრცეს ასუფთავებდნენ. დღემდეც კი, ზარის მელოდიურ რეკვას შეუძლია, საოცრად განაახლოს ატმოსფერო. ბოლოს, წითელი ძაფის გორგალსა და ქარვასაც მინდა შევეხო. წითელი ძაფი ჯანმრთელობის თილისმაა. წითელი მატყლი ყოველთვის დამცავ საშუალებად ითვლებოდა. ძაფის გორგალს კარადაში ან ბალიშის ქვეშ მალავდნენ, რათა სახლს ენერგია არასდროს გამოლეოდა. ეს იყო მარტივი, მაგრამ ძლიერი სიმბოლო. წითელი სიცოცხლის, ცეცხლისა და სისხლის ფერია. ის ყოველთვის ასოცირდებოდა ენერგიასა და მდგრადობასთან. ქარვას კი, როგორც მზის ქვას, განსაკუთრებული ენერგია აქვს. თითქოს გაყინულ მზეს იტევს და ჰქვია კიდეც „მზის ცრემლები“. ქარვა სახლში ოჯახური კერის მფარველია. ქარვის ქვებს ვაზებში ათავსებდნენ, სხვადასხვა სამკაულისა და ფიგურების დასამზადებლად იყენებდნენ. ქარვა შთანთქავდა სინათლეს და მფლობელებს უბრუნებდა. ასე რომ, სახლი, უბრალოდ, კედლები არ არის. ის ჩვენი სულის ანარეკლია, ხოლო ნივთები სახლში - ცოცხალი, რომელთაგან ზოგი გვეხმარება, ზოგიც გვამძიმებს. თუმცა ყოველი სიმბოლო ფასეულია და თან მოაქვს სიხარული, შთაგონება და რწმენა იმისა, რომ ცხოვრება გრძელდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი