რომელი ენერგიაა ყველაზე ძლიერი სამყაროში და შემთხვევითია თუ არა „საბედისწერო შეხვედრა“ ჩვენს ცხოვრებაში
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00
ადამიანს უხსოვარი დროიდან კლავს ინტერესი, წინასწარ შეიტყოს: რა ბედი ელის? ვის შეიყვარებს? როგორი იქნება მისი ოჯახური თუ ფინანსური მდგომარეობა? ვინ უერთგულებს თუ უმტრობს?.. და რა სიგნალი მოდის ამ ყოველივეს შესახებ სამყაროსგან? - ახსნა ამ სამყაროსეული მაგიისა, თავმოყრილია ხალხურ გადმოცემებში. მათ შორის, ყველაზე ძლიერზე, სიყვარულის ენერგიაზე, გვესაუბრება დღეს ეზოთერიკოსი, ბატონი მერაბ ს. და განმარტავს: რა მინიშნებები შეიძლება გახდეს პარტნიორის პოვნის, ურთიერთობების განმტკიცებისა და უთანხმოების თავიდან აცილების გასაღები.
- როგორც იცით, სიყვარული ყველაზე ძლიერი ენერგიაა სამყაროში და სიგნალებს ზემოდან, მინიშნებების სახით წინასწარ ვიღებთ, სანამ ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანის შემოვა. ასე რომ, საბედისწერო შეხვედრები, იშვიათადაა შემთხვევითი. თუ თქვენს მომავალ პარტნიორს წვიმაში შეხვდებით, ეს ზეციური კურთხევაა. წყალი წარსულს ჩამორეცხავს და გზას სიახლეს გაუხსნის - ასეთი კავშირი კი იქნება ნათელი და ემოციებით სავსე. იცოდეთ, თუ თქვენი პარტნიორის პირველი ვიზიტის დროს სახლში რამე გატყდა (თეფში ან ჭიქა), ეს იღბალს და სწრაფ ქორწილს ნიშნავს. ნამსხვრევები დაუყოვნებლივ აკრიფეთ და გადაყარეთ. ასევე, თუ სახლის გარეთ იპოვეთ წყვილი ნივთი: ხელთათმანი, ფეხსაცმელი ან რაიმე სხვა, ეს ნიშნავს, მალე სულიერ მეგობარს შეხვდებით. ეს ნივთები უნდა აიღოთ, გამოხატოთ მადლიერება, მაგრამ არ გამოიყენოთ. უმჯობესია, გაჭირვებულებს გადასცეთ ან იქვე, პოვნის ადგილას დატოვოთ, სამყაროს კი მადლობა გადაუხადოთ.
- ვთქვათ, ურთიერთობა აეწყო, ოჯახის სიმტკიცისთვის რა მინიშნებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- კავშირის დამყარების შემდეგ მნიშვნელოვანია მისი ენერგეტიკული მთლიანობის შენარჩუნება. ამიტომ, მოერიდეთ ერთმანეთისთვის ბასრი საგნების ჩუქებას. დანა მაკრატელი და ნემსები განშორების სიმბოლოა. ნაჩუქარმა დანამ შეიძლება თქვენ შორის კავშირი „გაწყვიტოს“. თუ მაინცდამაინც ჩუქება აუცილებელია, დანის სანაცვლოდ, სიმბოლური ფასი - თუნდაც ერთი მონეტა გამოართვით. ამით დანა საჩუქრიდან შენაძენად გადაიქცევა და ენერგეტიკული გათიშვა აღარ მოხდება. შარფის, ყელსახვევის ჩუქებას კი ცრემლი მოსდევს, თუმცა ამ დროსაც შეგიძლიათ, „მონეტის სქემის“ გამოყენება, რაც ამ მინიშნებასაც გაანეიტრალებს. რაც შეეხება საოჯახო საქმეს, თუ ოჯახიდან ვინმე გზას ადგას იატაკი არ დაგავოთ. ამით გზასაც „გადახვეტეთ“ და მგზავრი დაბრუნებას ვერ შეძლებს, ან რაღაც დაბრკოლება შეექმნება. ნურც ნაგავს გადაყრით მზის ჩასვლის შემდეგ - ოჯახის კეთილდღეობას დაანგრევთ. საძინებელ ოთახში კი მოერიდეთ განქორწინებული ან მარტოხელა ადამიანებისა თუ სევდიანი სცენების ამსახველი ფოტოების ჩამოკიდებას. გამოსახულების ენერგია გავლენას ახდენს ქვეცნობიერზე. სიყვარულის ზონაში (ფენ-შუის მიხედვით, სახლის სამხრეთ-დასავლეთ სექტორში) უმჯობესია, დაწყვილებული სიმბოლოები შეინახოთ: ორი იხვი, წყვილი სანთელი, ბედნიერების ამსახველი ერთობლივი ფოტო.
- თუმცა ოჯახი ქორწილით იწყება და საქორწინო მინიშნებებზე რას გვეტყვით?
- ქორწილის დღე ახალი ოჯახის საწყისი წერტილია. სწორედ ამ დღის ენერგია უყრის საფუძველს ერთობლივი ცხოვრების მომავალ წლებს. ამიტომ, დავიწყოთ ამინდით. ქორწილის დღეს წვიმა ან თოვლი სიმდიდრისა და ბედნიერი თანაცხოვრების მომასწავებელია. მზიანი დარი სიხარულის მანიშნებელია, მაგრამ ზოგჯერ „მხურვალე“ ვნებებსაც გულისხმობს. მთავარია, ჭექა-ქუხილი არ იყოს. რაც შეეხება ქორწინების უმთავრეს სიმბოლოს - ბეჭდებს, ქორწილის წინ ან მას შემდეგ, სიძე-პატარძლის გარდა, სხვამ არავინ უნდა მოსინჯოს. ბეჭედი მფლობელის ენერგიას უკავშირდება. უცხომ კი შეიძლება, უნებლიეთ, თან „წაიღოს“ წყვილის ბედნიერების ნაწილი ან საერთო დისჰარმონია შექმნას. გადავიდეთ ჩაცმულობაზე. პატარძალმა სახლიდან გასვლამდე სარკეში საკუთარი თავი საქორწინოდ გამოწყობილი, ანუ ბოლომდე მორთულ-მოკაზმული არ უნდა დაინახოს. „ავი თვალი რომ არ გეცეთ“ და მისი ბოროტი გავლენა თავიდან აიცილოთ, ბედის „მოსატყუებლად“ რეკომენდებულია, თუნდაც ერთი ელემენტის (მაგალითად, ხელთათმანის ან სამკაულის) გარეშე ჩაიხედოთ სარკეში. საქორწინო ფეხსაცმელსაც თავისი რიტუალური დანიშნულება აქვს. საქმროს მარჯვენა ფეხსაცმელში ათავსებენ მონეტას, სიმბოლოდ იმისა, რომ ის იქნება ოჯახის მარჩენალი და სახლშიც კეთილდღეობა დაიმკვიდრებს. ქორწილის შემდეგ ეს მონეტა ოჯახის რელიქვიად უნდა შეინახოთ.
- გამიგია, სიყვარულში ბუნებაც გვეხმარებაო, მცენარეებს ვგულისხმობ...
- მართალია და ერთ-ერთი მათგანი არის მირტი, სიყვარულის ხე - მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, თეთრი, სურნელოვანი ყვავილებით. თუ მირტს სახლში გაახარებთ, ოჯახში ჰარმონია დაიმკვიდრებს. მარტოხელა გოგონებს ვურჩევ, მირტი საძინებელში გაახარონ - საქმროს მოიზიდავს. აი, ცირცელის რტო კი ბალიშის ქვეშ უნდა დაიდოთ. „უქორწინებლის გვირგვინს“ მოგხსნით და სასიყვარულო ჯადოსგანაც დაგიცავთ. რაც შეეხება პოპულარულ კაქტუსებს, საძინებელში ნამდვილად არ არის მათი ადგილი. კაქტუსის ეკლიან ენერგიას შეუძლია, ჩხუბი და გრძნობების „გამწვავება“ გამოიწვიოს. რადიაციისგან დასაცავად კი, უმჯობესია, კაქტუსი კომპიუტერთან ან სამუშაო მაგიდასთან მოათავსოთ. დაბოლოს, მხოლოდ მინიშნებების ცოდნა საკმარისი არ არის, უნდა იმოქმედოთ. სიყვარულის გასააქტიურებლად კი, ხალხურ სიბრძნეზე დაფუძნებული, თქვენთვის კარგად ცნობილი, ერთი მარტივი, მაგრამ ძლიერი რიტუალის შესრულებაც კმარა. ეს „წითელი ძაფის“ რიტუალია: აიღეთ ნატურალური წითელი ძაფი (შალის ან ბამბის) და მარცხენა მაჯაზე შეიკარით სამი კვანძით, შემდეგ კი სათითაოდ მიმართეთ - პირველ კვანძს: „სიყვარული შემოდის ჩემს სახლში“; მეორეს - „გული ტკივილისგან თავისუფლდება“; მესამეს - „ბედნიერება კი ჩემთან რჩება“. ეს ძაფი მანამ ატარეთ, სანამ არ გაიხსნება ან არ გაწყდება. მერე კი მადლობა გადაუხადეთ და დაწვით, გამომუშავებულ ენერგიასთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




