რატომ იქნება მაისი რთულად გასავლელი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს თვე ნაკლები დანაკარგებით განვვლოთ
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 06.05
როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, მაისი, ანუ გაზაფხულის ბოლო თვე, საკმაოდ ფრთხილად გასავლელი პერიოდი იქნება ყველა ჩვენგანისთვის. აუცილებელია, ქმედებების კონტროლი და განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, სანამ ნაბიჯს გადავდგამთ. თუ როდისაა განსაკუთრებით ნეგატიური პერიოდი, როდიდან დაიწყებს სიტუაცია შედარებით დამშვიდებასა და გამოსწორებას და რა მოვიმოქმედოთ, რომ მაისი მინიმალური დანაკარგებითა და გაუთვალისწინებელი შედეგების გვერდის ავლით განვვლოთ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
–ბატონო მიხეილ, როგორი ენერგეტიკის მატარებელია გაზაფხულის ბოლო თვე და რა პროცესებია მოსალოდნელი მაისში?
– 11 მაისამდე პერიოდში დედამიწა კოსმოსის დისონანსური გავლენის ზონაში აღმოჩნდება, რომლის დროსაც ყველაზე მეტად მწვავე აღმოჩნდება 4-6 რიცხვების შუალედი. ამ დროს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ახალი ნაცნობების, მეგობრებისა და თანამოაზრეების არჩევისას. გარდა ამისა, აუცილებელია ემოციებისა და სურვილების, მავნე ჩვევებისა და ქცევების გაკონტროლება. ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრისას კი უმჯობესია, დრო დაუთმოთ აქტიურ დასვენებას, ვარჯიშს ან სპორტულ თამაშებს, რათა დროულად მოიხსნათ სტრესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაძაბულობა და საოჯახო კონფლიქტები გააცოცხლებს აქამდე მიძინებულ პრობლემებს. ერთმა „გადაბრუნებულად“ ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება, ხინჯი შეიტანოს საიმედო პარტნიორულ ურთიერთობებში და ნდობისა და მხარდაჭერის საგრძნობი შემცირება გამოიწვიოს.
– ასეთი სიტუაცია თვის შუა რიცხვებამდე გასტანს და შემდეგ დაიწყებს გამოსწორებას? კონკრეტულად რას უნდა მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება, რომ ეს პერიოდი ნაკლები დანაკარგებით განვვლოთ?
– 7-8 მაისის დღეებში შეიძლება, შეფერხდეს სატრანსპორტო მოძრაობა, ადგილი ჰქონდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, ავარიებს, რაც ჩანაფიქრების განხორციელებას შეუშლის ხელს. ასევე, აუცილებელია ყურადღების გამახვილება საბუთებსა და ნივთებზე. საჭიროა პარტნიორული ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესრულება. ეგოცენტრიზმი და გულმავიწყობა შეიძლება, გახდეს მეგობრებთან კონფლიქტების, დროის, ენერგიისა და მატერიალური სახსრების უქმად ფლანგვის მიზეზი. 15 მაისამდე პერიოდში გაიზრდება ემოციურობა და გარემოებებით უკმაყოფილება, მოიმატებს გაუაზრებელი და ნაჩქარევი გამონათქვამები და გადაწყვეტილებები. მაგრამ, პლანეტა ვენერას ზემოქმედებით, ნელ-ნელა შესაძლებელი გახდება ურთიერთობების დარეგულირება, გაჩნდება მეტი გულახდილობის, ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლისა და გაზიარების სურვილი. ამიტომ, 15-დან 23 მაისამდე დროის მონაკვეთი სასიკეთოა როგორც პირადი, ისე საზოგადო და პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, პოლიტიკური ცვილებებისა და გლობალური კონფლიქტური სიტუაციების გასანეიტრალებლად. პერიოდი, ასევე, პოზიტიურია კონტრაქტებზე ხელის მოსაწერად, ახალი ვალდებულებების ასაღებად, ბიზნესისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისათვის.
– როგორც მივხვდი, თვის ბოლო, შედარებით სტაბილური იქნება და სიტუაცია თუ დამშვიდდება?
– 20 მაისის შემდგომ სტაბილურ ურთიერთობებსა და გადაწყვეტილებებს, კონკრეტულ პერსპექტივებსა და ზრდის სტრატეგიას ჩაანაცვლებს გაუაზრებელი მისწრაფება მოქმედებების დაჩქარებისკენ. ასეთივე გაუაზრებელი შეიძლება, აღმოჩნდეს პოტენციური რისკებისა და წარსულის გაუთვალისწინებლად ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილი. გარდა ამისა, არაა გამორიცხული დიდი ავარიები, საგზაო-სატრანსპორტო პრობლემები და სერიოზული კონფლიქტები. მაისის ბოლო დღეებში კი სიტუაცია დამშვიდდება, თუმცა, შესაძლოა, გამოჩნდეს მაისის რთული დღეების გამოძახილიც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან