ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა სარგებელი მოაქვს მემკვიდრეობით გადმოცემულ ნივთებს

№28

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 22.07, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

მემკვიდრეობა - ნებისმიერ ადამიანს სურს, მემკვიდრეობად რაღაც ღირებული მიიღოს, ძვირფასი ნივთებისა თუ უძრავი ქონების სახით. თუმცა ასე, ხშირად არ ხდება და სწორედ ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ჩვენი რჩევები, რათა მწირი მემკვიდრეობის გამო იმედგაცრუებული არ დარჩეთ. თუ ახლახან გარდაცვლილი ნათესავისგან წილად მხოლოდ იაფფასიანი ზიზილ-პიპილები გერგოთ და არა საგვარეულო ძვირფასეულობა, არ ღირს გულის გატეხა. საქმე ისაა, რომ მემკვიდრეობით მიღებულ ზოგიერთ ნივთს თავად შეუძლია, ფინანსების მოზიდვა და წარმატების მოტანა მისი მფლობელისთვის. თუ რა ნივთებზეა საუბარი და რა სახის სარგებელი მოაქვს თითოეულ მათგანს, ამას განგვიმარტავს ეზოტერიკოსი, ქალბატონი თეონა ს-ია.

- მართალია, მსხვილი უძრავ-მოძრავი ქონების მიღებაზე უარს არავინ იტყვის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველანაირი მემკვიდრეობა, რაც არ უნდა მწირი იყოს ის, შეიძლება სერიოზული დოვლათისა და წარმატების სათავე გახდეს. დაუჯერებელია? - წარმოგიდგენთ ხუთ ნივთს და მათ მაგალითზე განვიხილოთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია თითოეული მათგანის მაგიურ ძალას თქვენთვის.

- მსხვილ უძრავ-მოძრავ ქონებას რომ თავი დავანებოთ, გარდაცვლილი ახლობლის უპირველესი სახსოვარი ალბათ ბეჭედია. რას უნდა ველოდოთ მისგან?

- დავიწყოთ იმით, რომ ბეჭდის ფორმა - მრგვალი, შეკრული წრეა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული - ის უსასრულობის სიმბოლოა და ამაშივე ჩანს მისი მაგიური ძალა. ასეთი ნივთი მხოლოდ დადებით ენერგიას იზიდავს, რასაც ყოველთვის თან ახლავს ფინანსური წარმატება. მაგრამ, თუ ბეჭედს ძვირფასი თვალიც აქვს, იღბალი არც სხვა საქმეში დაგაღალატებთ და ყველაფერი კარგად წაგივათ. თუმცა, კონკრეტულად, რა მიმართულებით გაგიმართლებთ, ეს დამოკიდებულია თავად ბეჭედში ჩასმულ ქვაზე. ამჯერად შეგახსენებთ რამდენიმე ძვირფასი ქვის თვისებებს. მაგალითად, ლაზურიტი - სიკეთის ქვაა, რომელიც მხოლოდ კეთილგანწყობისა და უმწიკვლო ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. მას შესწევს ძალა, უსარგებლო ინფორმაცია უკუაგდოს და არ გამოეპაროს ტყუილი. ბრილიანტი - დამუშავებული ალმასი, უძლიერესი თილისმაა გათვალვისა და ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ, ბრძოლაში კი მეომრის სიცოცხლეს იცავს. დადებითი ენერგიით გასხივოსნებულ ბრილიანტისთვლიან ბეჭედს ბალიშის ქვეშ იდებენ უძილობის დროს, კანთან შეხებით კი ის სინორჩესა და ახალგაზრდობას უნარჩუნებს სხეულს, ხელს უწყობს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ლალი - ოჯახის თილისმაა, რომელიც მეუღლეთა შორის ურთიერთგაგებასა და სულიერ სიმშვიდეს უწყობს ხელს, იცავს ფიზიკური ტრავმებისგან. საფირონი - ძალაუფლების სიმბოლოა, რომლითაც მეფეთა გვირგვინსა და სკიპტრას ამკობდნენ. მისი ენერგია შთააგონებს შემოქმედ და გონებრივად მომუშავე ადამიანებს; საფირონის ენერგეტიკა შედევრებს ქმნის მუსიკაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში. ზურმუხტი, ყოველთვის მიიჩნეოდა ვაჭართა მფარველად და დღეს კი: ბიზნესის, ფინანსებისა და ეკონომიკის ხელშემწყობია. ალექსანდრიტი, როგორც საქმიანი ადამიანების თილისმა, განსაკუთრებით სწყალობს მათ, ვინც ბანკში მუშაობს ან საპარტნიორო ხელშეკრულების ხელმომწერია. თუმცა ამ ქვას სხვა ვერსიით მძინარე კოლოსადაც მოიხსენიებენ, რადგან მისი მონაცემები თანდათან, დროთა განმავლობაში იფურჩქნება და ყოველი მათგანი უნიკალურია.

- ბეჭედთან ერთად, არანაკლებ ტრადიციულია ანდერძით საათის დატოვება. რას გვიჩვენებს ნაანდერძევი ოჯახური რარიტეტი?

- ცნობილია, რომ საათის ჩუქება ცუდის ნიშანია, მაგრამ თუ ის მემკვიდრეობით გერგოთ, თამამად აიღეთ. საათი კარგად შთანთქავს მფლობელის ენერგიას და თუ, ვინც მას ატარებდა იღბლიანი იყო, შეგიძლიათ, გულდამშვიდებულმა თუნდაც მაშინვე გაიკეთოთ და სულ თან იქონიოთ. წინაპრის იღბლის რაღაც ნაწილი აუცილებლად გადმოვა თქვენზეც. არასასურველ საჩუქართა სიაშია ასევე, სარკე, რომელსაც, როგორც ენერგიათა „დამგროვებელს“ უსიამოვნების სათავედაც კი მიიჩნევენ, მიუხედავად მისი ნივთიერი ფასეულობისა. თუმცა სარკე თუ მემკვიდრეობით გერგოთ, ხსენებული ნიშან-თვისება აღარაა დაბრკოლება მისი გამოყენებისთვის. თუ გარდაცვლილი იღბლიანი იყო, მის მემკვიდრეს შეუძლია, თამამად ჩაიხედოს ნაანდერძევ სარკეში, რაც მას დადებითი ენერგიით აავსებს და პატრონის ყველა წამოწყებას წარმატება და წინსვლა არ მოაკლდება.

- ძალიან ხშირია, როცა შვილიშვილს მემკვიდრეობით, ბებიისგან მოქარგული ბალიშები რჩება ხოლმე...

- დიახ, მეც მაქვს ასეთი ოთხი ბალიში, ულამაზესი ნაქარგებით და ძალიან მეძვირფასება. საერთოდ, ნაქარგს უნიკალური მაგიური თვისებები აქვს და შესაბამისად, ძლიერი თილისმაცაა. ადამიანი, რომელსაც მემკვიდრეობით ხელით ნაქარგი პირებით დამშვენებული ბალიშები შეხვდა, არასდროს ექნება სასაყვედურო ოჯახის წევრების მიმართ, შესანიშნავ ურთიერთობას დაამყარებს ახლობლებთან და არასდროს შევა მათთან კონფლიქტში. რაც შეეხება მეხუთე ნივთს, რითაც ამ ჩამონათვალს დავასრულებთ, ხატებია. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი წმიდანისა თუ რიტუალის აღმნიშვნელი. ვინც ადრე ამ ხატის წინაშე ლოცულობდა, მას თავისი სულის ნაწილი გადასცა. ამიტომ, ინდივიდი, რომელიც მემკვიდრეობით ხატს მიიღებს, გადაეცემა ძალა, რომელიც მას ნებისმიერი მიზნის მისაღწევად დასჭირდება და რასაკვირველია, ამ ამოცანებს ის შესანიშნავად გაართმევს თავს. შედეგად, წარმატება მისი მუდმივი თანამდევი იქნება. მოკლედ, აქ წარმოდგენილი ყველა ნივთი შეგიძლიათ, თამამად მიიღოთ მემკვიდრეობით და აქტიურად მოიხმაროთ. თქვენი ცხოვრების ხარისხზე ეს საუკეთესოდ აისახება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი