რა საკვებ პროდუქტებს იყენებდნენ საყოფაცხოვრებო მაგიაში
ავტორი: ნანა წერეთელი 11:00 10.07
ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან აღიარებდნენ საყოფაცხოვრებო მაგიას და აქტიურად მიმართავდნენ მას ავი თვალისგან თავდასაცავად, იღბალსა და სიყვარულში გამართლებისა და ოჯახში კეთილდღეობის მოსაპოვებლად. თანაც, ამისთვის იყენებდნენ ჩვეულებრივ საკვებ პროდუქტს, რომელიც ყველას აქვს სახლში. თუ რა პროდუქტზეა ლაპარაკი და როგორ უნდა გამოიყენოთ თითოეული მათგანი ზემოხსენებულ სიკეთეთა მოსაპოვებლად, ამ ყველაფერზე გიამბობთ ეზოთერიკოსი, ბატონი გელა ბ.
- დასაბამიდან ცდილობდა ადამიანი, დაეცვა თავი ავი თვალისგან, ყოფილიყო იღბლიანი, გამართლებოდა სიყვარულში, ეცხოვრა კეთილდღეობაში და ამისთვის სხვადასხვა საშუალებას მიმართავდა - უპირველესად კი, სწორედ მას, რასაც ჩვეულებრივ, ყოველდღიურად იყენებდა. მაშ ასე, საყოფაცხოვრებო მაგიაში იყენებდნენ გარკვეული სახის საკვებ პროდუქტს, რომელიც დღესაც ყველას მოეპოვება სახლში და ეგრეთ წოდებული, ნათელი ენერგიის მაგნიტია. ის ადამიანის ცხოვრებას მეტ ჰარმონიას სძენს, აჯანსაღებს, სიხარულითა და დოვლათით ავსებს.
- რით დაიწყებთ?
- რა თქმა უნდა, ყველაზე ტკბილი და სასარგებლო პროდუქტით და ეს არის თაფლი - სიუხვის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლო. სახლი, სადაც თაფლია, ყოველთვის სავსე იქნება კეთილდღეობითა და სითბოთი. ოღონდ მნიშვნელოვანია, სწორად შეინახოთ - ლამაზ თიხის ქოთანში და თვალსაჩინო ადგილას. ყოველ ჯერზე, როცა ქოთნიდან თაფლს ამოიღებთ, გონებაში თქვენს სახლს კეთილდღეობა უსურვეთ, თაფლს კი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეთ. მაგრამ, თუ ის მოულოდნელად კრისტალიზაციას დაიწყებს, უბრალოდ, ახლით შეცვალეთ. შემდეგია დარიჩინი - თავისი ჯადოსნური არომატით, რომელიც ცნობილია, როგორც იღბლის მომტანი. აბა, სცადეთ და იატაკის მოსაწმენდ წყალს მწიკვი დარიჩინი დაუმატეთ. გაგიკვირდებათ, რამდენი შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ უეცრად - ფული თავისით იპოვის თქვენთან მოსასვლელ გზას. მასვე შეუძლია, სული სიხარულით აგივსოთ და წარმოუდგენელი მაგიურობა შესძინოს ყოველ დღეს, თუ დილის ყავას ცოტა დარიჩინს დაუმატებთ. გადავიდეთ ვაშლზე...
- განხეთქილების ვაშლზე?
- ვერ ვიტყოდი. ხალხური გადმოცემებით, ვაშლი მაგნიტივით იზიდავს თქვენკენ სიყვარულს, ჯანმრთელობას, გიცვათ შურისა და ავი თვალისგან, სახლს კი ნეგატიური ენერგიებისგან წმენდს. ფენ-შუის მიხედვით, ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფულის მაგნიტია. შეარჩიეთ საუკეთესო ჯიშის, წითელლოყება ვაშლები და ლამაზი ვაზით ყოველთვის გედგათ მაგიდაზე. ოღონდ გახსოვდეთ, ნუ დააწყობთ სხვა ხილთან ერთად, რათა თილისმამ ძალა არ დაკარგოს. ბარაქის ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აქტივატორია თეთრი ბრინჯი. სახლში თეთრი ბრინჯის მარაგი ენერგეტიკული „გარანტიაა“ იმისა, რომ სიღარიბე არასდროს გადმოკვეთს თქვენს ზღურბლს. უბრალოდ, ფრთხილად იყავით, რომ პარკის ან შესანახი კონტეინერის ძირში ბრინჯის რაოდენობა ნახევარ მუჭამდე არ დავიდეს, თორემ პირიქით, სიუხვის ენერგიას წაიღებს თქვენგან. რაც შეეხება შემდეგ კომპონენტს, ეს ტრიუმფის, წარმატებისა და აღიარების სიმბოლო - დაფნის ფოთოლია. მისი უნარი მხოლოდ შემთხვევით შემოსავალს კი არ გულისხმობს, თქვენი ნიჭითა და საქმის ცოდნით მოპოვებულ სოლიდურ ქონებასაც სწვდება. ამიტომ არასდროს გამოილიოთ სახლში დაფნის მარაგი.
- მარილზე კი ბევრი რამ გამიგია...
- სამწუხაროდ, არც ადამიანი და არც მისი სახლი არ არის დაზღვეული უარყოფითი ენერგიისგან გამოწვეული შურის, ავი თვალის ან უბრალოდ, უსიამოვნო განწყობისაგან, რომელიც ვიღაცას შემოჰყვა თან. გარკვეული საკვები პროდუქტი კი, როგორც დამცავი თილისმა, შთანთქავს და ანეიტრალებს მთელ ნეგატივს და უპირველესად, ეს სწორედ მარილს ეხება. ვფიქრობ, ყველასთვისაა ცნობილი მარილის უნიკალური თვისებები - ის ხომ ნეგატივის ნამდვილი „მეხამრიდია“ და არ არსებობს ამ მხრივ მასზე ძლიერი თილისმა. ალბათ, იცით, როგორ გამოიყენოთ მისი ძალა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: ოთახის კუთხეებში დაყრით და როგორც ზოგიერთ ტრადიციაშია, მხოლოდ ერთ დღეს გააჩერებთ, შემდეგ კი მოხვეტავთ და გადაყრით რწმენით, რომ მთელი „ნეგატივი შეიწოვა“; ანდა მწიკვ მარილს მოაყრით ზღურბლთან, კარის ხალიჩის ქვეშ, რათა სახლში ცუდმა არაფერმა შემოაღწიოს - მარილი რეგულარულად უნდა განახლდეს; ასევე, დამცავი რიტუალია ფანჯრებთან და კართან „მარილის ბადეები“. მაგრამ, ყველაზე საოცარია, რომ მარილი მხოლოდ მძიმე ენერგიას როდი აშორებს. ფულსაც ისევე ძლიერ იზიდავს, როგორც ნეგატივს განდევნის. თუმცა, მარილზე არანაკლები - კლასიკური და ძლიერი თილისმაა ნიორი. მისი მკვეთრი, ძლიერი სუნი ყველა დაბალი სიხშირის ენერგიას აირეკლავს. ის სახლის ყველაზე ერთგული მცველია, რომელიც ყოველ ბოროტ სულსა და არაკეთილსინდისიერ ადამიანს განდევნის თქვენგან. არ არის აუცილებელი, მთელ სახლში დაკიდოთ ნივრის კონები - ერთი ან ორი თავიც საკმარისია სამზარეულოში, რომ ნიორმა თავისი საქმე გააკეთოს... და კიდევ ერთი პროდუქტი - კვერცხი, ცნობილი უარყოფითი ენერგიისა და წყევლის შთანთქმის უნარით. თუმცა კვერცხი, ასევე ატარებს ჯანმრთელობის, სიუხვისა და კეთილდღეობის ენერგიას. მნიშვნელოვანია, რომ კვერცხი იყოს ახალი და სუფთა. თუ გინდათ, რომ კვერცხმა ნამდვილად შეასრულოს დამცავი თილისმის ფუნქცია, მაცივარში შენახვამდე, წინასწარ კარგად გარეცხეთ. გახსოვდეთ: საყოფაცხოვრებო მაგია მოქმედებს მხოლოდ გულწრფელი და სუფთა განზრახვის შემთხვევაში. საკვები მხოლოდ ინსტრუმენტია. ნამდვილი ძალა იმის რწმენაშია, რომ ყველა იმსახურებს იყოს ბედნიერი, დაცული და უზრუნველყოფილი. დაე, თქვენი სახლი ყველაზე ბედნიერი ადგილი იყოს დედამიწაზე. გაუფრთხილდით თავს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





