რატომ არის ივლისი წლის გარდამავალი პერიოდი და რას მივაქციოთ ყურადღება პრობლემების ასაცილებლად
ავტორი: ნონა დათეშიძე 56 წუთის წინ
ზაფხულის შუა დეკადა დადგა და როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წლის ეს პერიოდი არ იქნება მარტივად გასავლელი.
– ბატონო მიხეილ, რას გვპირდება ივლისი და როგორი გასავლელი იქნება ეს ერთი თვე?
– ივლისის თვე გარდამავალი პერიოდია დედამიწის ბიოსფეროს უფრო სტაბილური პირობებიდან წლის მეორე ნახევარში უფრო დისჰარმონიულ მდგომარეობამდე. ეს აშკარა გახდება მათთვის, ვისაც შეუძლია, დააკვირდეს და გააანალიზოს „ზეციური სფეროების მუსიკის“ გავლენა მიწიერ საქმეებზე, მოვლენებსა და განშორებაზე.
– კონკრეტულად როგორ იმოქმედებს ეს ყოველივე როგორც ადამიანთა ურთიერთობებზე, ასევე ბიზნესსა და პოლიტიკაზე?
– ეს პროცესი 28 ივნისს დაიწყო და 2-4 ივლისიდან იმპულსის მოკრებას შეუდგება, რაც ბიზნესსა და პოლიტიკაში მნიშვნელოვანი რყევებით აისახება. ასევე, გავლენას მოახდენს იმ ადამიანთა ურთიერთობებზე, რომლებიც არასტაბილურ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იქნებიან. პლანეტების – მარსისა და ურანის – შეერთება ტყუპების დასაწყისში აქტიურად იმოქმედებს მთვარის კვანძებზე და სიტუაციებისა და მოვლენების კარმულ განახლებაზე.
– თვის შუა რიცხვებში ახალმთვარეობაა. ამ დროს რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ პერიოდი მშვიდად და დანაკარგების გარეშე, სტაბილურად განვვლოთ?
– რეტროგრადული მერკური კირჩხიბში გააძლიერებს 14 ივლისის ახალი მთვარის ზეგავლენას. უმჯობესია, ყურადღება გაამახვილოთ ძველი პროექტების დასრულებაზე. ახალი ურთიერთობები კი დაიწყება 22 ივლისიდან, 23:14 საათზე, როდესაც მზე ლომის ზოდიაქოში შევა. აქ კი ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის შემოქმედებითი ზრდის პერიოდი იწყება. რეტროგრადიული მერკური, 24 ივლისს პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს, რაც გაზრდის სწორ და წარმატებულ კომუნიკაციას.
– თვის ბოლოს რა მოვლენების წინაშე აღმოვჩნდებით და რას მივაქციოთ ყურადღება მეტი წარმატებისთვის?
– ივლისის ბოლო კვირა, ხელსაყრელია ქორწილისთვის, ჯანმრთელი ბავშვის ჩასახვისა და დაბადებისთვის, ოჯახური ურთიერთობისა და კავშირების განმტკიცებისთვის.
– რაც შეეხება კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, როგორი იქნება მათთვის ივლისის თვის ენერგეტიკა, როგორ იმოქმედებს მათ ცხოვრებაზე, რას მივაქციოთ ყურადღება, სად გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და პირიქით, რა სფეროსა და დროში სჯობს თამამი ნაბიჯების გადადგმა?
– ივლისის პირველი ნახევარი ვერძებისთვის დისჰარმონიულია, უპირველეს ყოველისა, ჯანმრთელობისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის თვალსაზრისით. მოგიწევთ გეგმების შეცვლა, გართულდება მოლაპარაკებები და პრობლემების გადაჭრა. არახელსაყრელია ბიზნეს-კონტრაქტის დადება, ახალი პროექტების დაწყება. ივლისის მეორე ნახევარში კი, სწრაფად აითვისებთ ახალ ინფორმაციას, რაც წარმატებით იმოქმედებს საქმეზე.
კურო ივლისში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს. ეს დაეხმარება რთულ დღეებში სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნებაში. არასასურველია მოგზაურობა, მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. მოსალოდნელია ოჯახში ცვლილებები და საყოფაცხოვრებო სირთულე, რომელიც კარიერაზეც აისახება. უმჯობესია, გადაწყვეტილებები თვის მეორე ნახევარში მიიღოთ, რადგან 15 ივლისიდან სიტუაცია სტაბილურდება. თვის ბოლოს კი, სასიამოვნო მოვლენები გელით.
ივლისის პირველ ნახევარში ტყუპები თავს არაკომფორტულად იგრძნობენ. გაჩნდება ახალი ინტერესები. თუმცა, სჯობს ძველი საქმეების დასრულება. თვის მეორე ნახევარი უფრო დინამიკური იქნება, მოგეცემათ გეგმების რეალიზების საშუალება. წარმატების მიღწევა შესაძლებელი იქნება განათლებაში, მედიაში და მოლაპარაკებებში, თუმცა საჭიროა ფრთხილი დამოკიდებულება პირად ურთიერთობებსა და მტრებთან მიმართებაში.
ივლისი კირჩხიბისთვის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მნიშვნელოვანი თვეა. იგრძნობთ ენერგიის განახლებას, ახალი გეგმების საჭიროებას. იპოვით ახალ გზებს და დაძლევთ კომპლექსებს. კარიერაში მოსალოდნელია სირთულე, რის გამოც შესაძლოა, სამსახურის შეცვლაზე დაფიქრდეთ. ივლისის მეორე ნახევარი ბევრად პოზიტიური იქნება. გაჩნდება წარმატების ახალი შანსები, თუმცა სიფრთხილეა საჭირო კონტრაქტებსა და ოფიციალურ საბუთებთან მიმართებაში.
ივლისის პირველი ნახევარი ლომისთვის საკმაოდ რთული იქნება. შეიძლება, შეიცვალოს გეგმები. არ გირჩევთ ახალი პროექტების დაწყებას და ფინანსურ რისკს. თვის მეორე ნახევარში სიტუაცია იცვლება და იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ საინტერესო ნაცნობობის დამყარებას. ასევე, მოსალოდნელია წარმატება პროფესიონალურ სფეროში.
ივლისის პირველ ნახევარში ქალწული იგრძნობს გარემოებებზე ენერგეტიკულ ზეწოლას. ბევრი საქმე, ვალდებულებები, კონფლიქტი კოლეგებთან, გამოიწვევს ფსიქიკურ დაძაბულობას. არახელსაყრელი დროა ახალი სამუშაოს დასაწყებისთვის, მოლაპარაკებებისა და მოგზაურობისთვის. გეგმების რეალიზება და კარიერაში ცვლილებები სჯობს, თვის მეორე ნახევრისთვის გადადოთ. დაეყრდენით ინტუიციას. პირად ურთიერთობებში კი მეტი თავშეკავება გმართებთ. თვის ბოლოს, განსაკუთრებულად რთული პერიოდი იწყება, ამიტომ, ძალების გადანაწილება აუცილებელია.
ივლისის პირველი ნახევარი სასწორისთვის რთული და დისჰარმონიული იქნება. კარიერაში გამოწვევები, პრობლემების გადაჭრა და პასუხისმგებლობის ტვირთი ნეგატიურად აისახება თქვენზე. არ არის ხელსაყრელი დრო შეთანხმებებისა და ახალი პროექტების დასაწყებად. შესაძლოა, შემოქმედებითი კრიზისი. თვის მეორე ნახევარში კი, სიტუაცია გამოსწორდება. გაიზრდება პოტენციალი და პარტნიორებთან ურთიერთობა გამყარდება. პირად ცხოვრებაში კი ემოციური ცვალებადობა გელით.
ივლისი მორიელისთვის დინამიკური და დატვირთული იქნება. პრობლემების გადაჭრაში საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა, ფინანსური მხარდაჭერა და ოჯახის წევრების რჩევები დაგეხმარებათ. თვის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელი იქნება. შეძლებთ კარიერული პოზიციების განმტკიცებას. პირად ცხოვრებაში გაიზრდება მიმზიდველობა და ახალი რომანტიკული შესაძლებლობები.
ივლისის პირველი ნახევარი მშვილდოსნებისთვის გამოწვევებით იქნება სავსე. ბევრი სამუშაო და ვალდებულებები ენერგიას შეასუსტებს. წარმატების მიღწევა დამოკიდებულია დიპლომატიასა და ინტუიციაზე. თვის მეორე ნახევარში სიტუაცია შემსუბუქდება. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, გაჩნდება შემოსავლის წყაროები. შეძლებთ სტაბილური კავშირების დამყარებას.
ივლისის პირველი ნახევარი თხის რქისთვის გამოწვევებით იქნება სავსე. ამ დროს მეტი სიფრთხილე დაგჭირდებათ. თვის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება. ფინანსური წარმატების მისაღწევად გაჩნდება შანსები. 24 ივლისიდან კი გამარტივდება მოლაპარაკებები და ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შესატანად იქნებით მზად.
მერწყულისთვის ივლისი დაკავშირებულია აქტიურ ტრანსფორმაციებთან, რომლებიც გარემოებების გავლენით წარიმართება. შეხვდებით ადამიანებს, ვინც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის. 15 ივლისიდან მეტად პროდუქტიული პერიოდი იწყება. წარმატებით განვითარდება ურთიერთობები, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც თქვენს ცხოვრებაში იღბალსა და მოულოდნელ ცვლილებებს შემოიტანენ. კარგი დროა ქორწინებისთვის და წინააღმდეგობის მოსაგვარებლად.
ივლისის პირველ ნახევარში თევზებს ცოტა გაუჭირდებათ საქმიანი და შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დინამიკური პერიოდია. ზოგიერთი რამ შეფერხდება და გადახედვას მოითხოვს. არ არის გამორიცხული გამოჩნდეს ყოფილი შეყვარებული, რაც სიხარულს მოგიტანთ. თვის მეორე ნახევარი პოზიტიურია. მოსალოდნელია მომგებიანი შემოთავაზება და სამუშაო. ერიდეთ რიკს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





