რა პერიოდში იგრძნობს ადამიანი სასიცოცხლო ძალებისა და ენერგიის კლებას და რატომაა სასურველი ყველა მნიშვნელოვანი საქმე და საკითხი 29 სექტემბრამდე გადაწყვიტოთ
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 07.09, 2021 წელი
ზაფხული მიიწურა და შემოდგომის დადგომასთან და ამინდის ცვლილებებთან ერთად, უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი განმარტავს, სექტემბრის თვე საკმაოდ ცვალებადი მოვლენებით იქნება დატვირთული და მოგვიწევს გარკვეული პერიოდები მეტად ფრთხილად და დაკვირვებით გავიაროთ. ასევე, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და მეტად ფხიზლად ვიყოთ ჩართული იმ პროცესებში, რაც ჩვენ გარშემო, ქვეყანაში ხდება და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით სექტემბრის თვეშია მოსალოდნელი.
– როგორი იქნება სექტემბრის თვე, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები და პლანეტები?
– სექტემბრის დასაწყისი, 12 რიცხვამდე, მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიური, ნაყოფიერი და შედეგიანი პერიოდია. ადამიანთა უმეტესობა ამ დროს თავს სანაქებოდ იგრძნობს და მზად იქნება ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ამიტომაც, ეს პერიოდი ხელს შეუწყობს წინსვლასა და წარმატებებს საქმიან სფეროში, კარიერასა და ბიზნესში. ამ დროს შესაძლებელი იქნება ნიჭის, უნარების, გამოცდილების, შემოქმედებითი პოტენციალის უკეთ წარმოჩენა, სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და გამყარება. დედამიწის ბიოსფეროს სასიკეთო ენერგეტიკა არაერთ პოზიტიურ საშუალებას მისცემს ადამიანებს შემოქმედებითი, სულიერი, კულტურული და ეკონომიკური ზრდისთვის. ამიტომ უმჯობესია, მათ ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ.
– ამის შემდგომი პერიოდი, როგორც მივხვდი, ცოტა რთულად და ფრთხილად გასავლელი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.
– დიახ, შემდგომი პერიოდი, კერძოდ კი 12-დან 18 სექტემბრამდე დროის მონაკვეთი, შესაძლოა, ნაკლებად სასიკეთო და პროდუქტიული აღმოჩნდეს. გარდა იმისა, რომ იკლებს შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა, ამ დროს მოსალოდნელია სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილებაც, რაც არასახარბიელოდ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. იგივე პრობლემები შეიძლება შეექმნას, არა ერთ სხვა ქვეყანას. სერიოზული ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების გამო, ზოგიერთ ქვეყანასა და დიდ საერთაშორისო კორპორაციას შორის, შესაძლოა დაიძაბოს და გამწვავდეს კიდეც ურთიერთობები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მოვლენებია მოსალოდნელი ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის თვეშიც.
– ეს მოვლენები თვის ბოლომდე გაგრძელდება?
– 18 სექტემბრიდან დაიწყება საქმიანი აქტივობის ზრდა და თავის მაქსიმუმს 22-29 სექტემბრის შუალედში მიაღწევს. მნიშვნელოვნად მოიმატებს ბევრი ადამიანის ბიოპოტენციალი, რის შედეგადაც ისინი სულ უფრო მეტი ახალი პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდებიან. 22 სექტემბერს დღეღამტოლობაა და მზე ქალწულის ზოდიაქოდან სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს. ამავე პერიოდში, დედამიწა მეტად ჰარმონიულ და დადებით ენერგეტიკულ ველში აღმოჩნდება, რის გამოც მეტად მოიმატებს პოზიტივი. სასიკეთო გარემოებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის. გაუმჯობესდება ურთიერთობა სხვადასხვა ერებსა და ქვეყნებს შორისაც, მეტი ყურადღება დაეთმობა სოციალურ და კულტურულ სფეროებს.
– ესე იგი, სექტემბრის მხოლოდ შუა პერიოდია შედარებით საფრთხილო და შემდგომ, პოზიტიური ენერგიით გაჯერებულ მოვლენებს უნდა ველოდოთ?
– ასეც არაა. გეტყვით რომ, 29 სექტემბრის შემდეგ შესაძლოა, წარმოიქმნას გარკვეული პრობლემები, რომლებიც ხელს შეუშლის უკვე დაწყებულ პროცესებს, დაამუხრუჭებს საქმეებს. ამ პერიოდში დაქვეითდება როგორც საქმიანი, ისე შემოქმედებითი აქტიურობა.
– რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, პანდემია, არასტაბილური გარემო და მოსალოდნელი პრობლემები – ეს ყოველივე როგორ აისახება და იმოქმედებს ადამიანებზე?
– არასასიკეთო კოსმიური ზემოქმედების გამო ამ პერიოდში მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ბევრი ადამიანი იგრძნობს სასიცოცხლო ძალებისა და ენერგიის კლებას. ამიტომ, სასურველია ყველა მნიშვნელოვანი საქმე და საკითხი 29 სექტემბრამდე გადაწყვიტოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან