ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მნიშვნელობა აქვს რომელ თითზე ატარებს ბეჭედს ქალი თუ მამაკაცი

№35

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 06.09

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ბეჭდის მაგიური ძალა უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. შესაბამისად, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც მას უკავშირდება. მაგრამ რომელ თითზე, როგორი ბეჭედი უნდა ატაროს ქალმა და მამაკაცმა, რომ ცხოვრებაშიც იღბლიანი იყოს და არც სიყვარული მოაკლდეს, ამ თემაზე გვესაუბრება დღეს ეზოთერიკოსი, ქალბატონი თეონა ბ.

- გარდა იმისა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ თითზე ატარებს ბეჭედს ქალი თუ მამაკაცი, არანაკლებ მნიშვნელოვანია რა მასალისგანაა დამზადებული და რომელი ქვებით - შემკული. ამ ყოველივეს შეუძლია მკვეთრად შეცვალოს თქვენი ცხოვრება როგორც კარგის, ასევე ცუდის მხრივ. ადამიანის თითოეულ თითს ინდივიდუალური კავშირი აქვს სამყაროსთან, ხოლო ბეჭედი მარადიულობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომლის ხვრელიც სამყაროს ენერგიის შესასვლელია.

- რა მაგიური ძალა მოქმედებს ბეჭდის საშუალებით ჩვენზე?

- ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ, როცა ბეჭედს იკეთებთ, რაღაც სხვანაირად გრძნობთ თავს: სული ხარობს და სრულიად უმიზეზოდ, წარმოუდგენელი შთაგონება გეუფლებათ. ბევრი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ უბრალოდ, ძალიან მოსწონს ბეჭდის ნაკეთობა, დიზაინი. ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ძირითადად, ეს სიგნალია იმისა, რომ ბეჭედი ბალანსშია სამყაროს ვიბრაციასთან და შესაბამის თითზეც გიკეთიათ. დავიწყოთ ცერა თითით. დღეს ხშირად ნახავთ ქალსაც და მამაკაცსაც ცერა თითზე ბეჭდით. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, მათგან ყველას ესმოდეს ბეჭდის ამ თითზე ტარების საკრალური მნიშვნელობა. როგორც ფროიდი იტყოდა, ბეჭედი ცერზე ჩვენი ეგოს, ფარული სურვილებისა და მისწრაფებების ანარეკლია, არაცნობიერი სურვილი, ხაზი გაუსვას ჩვენს სექსუალობას, მიიპყროს ყურადღება... და ამაში არის გარკვეული ლოგიკაც. ბეჭედი ცერზე ქალს სითამამეს მატებს და უფრო მიმზიდველს ხდის საპირისპირო სქესის თვალში. თუმცა, სასურველია, ელეგანტური ვერცხლის ბეჭედი, გამჭვირვალე თეთრი ქვით ცერა თითის ზედა ფალანგზე, ან ოდნავ ქვემოთ გაიკეთოთ. მამაკაცს კი ნებისმიერი ლითონის ბეჭედი გაუძლიერებს ინტუიციას და გამბედაობას შემატებს გადაწყვეტილების მიღებისას.

- საჩვენებელი თითი რას გვიჩვენებს?

- საჩვენებელი თითი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის სიმბოლოა. სამყარო მას ეხმარება გავლენისა და წარმატების მოპოვების ყველა მცდელობაში. ტყუილად კი არ ატარებენ ყველაზე ხშირად მმართველები და სულიერი მამები ბეჭდებს საჩვენებელ თითზე. საინტერესოა ისიც, რომ ხალი საჩვენებელ თითზე რჩეულთა ნიშანია, რომლებიც სამყაროს მფარველობით სარგებლობენ და დაჯილდოებულნი არიან კეთილშობილებითა და შინაგანი ძალით. ვერცხლის ან ოქროსგან დამზადებული ბეჭედი ლურჯი და მწვანე ქვებით, როგორიცაა: საფირონი ან ფირუზი, ანიჭებს მათ თავდაჯერებულობას, ხელს უწყობს თვითრეალიზებას და კარიერულ წინსვლას. მარჯნით ან ოპალით გაწყობილ სამკაულს კეთილდღეობა შემოაქვს სახლში. მუქთვლიანი ბეჭედი კი საჩვენებელ თითზე მამაკაცს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელობას სძენს, იღბლიანი და წარმატებულია ბიზნესში. რაც შეეხება შუა თითს - ზნეობისა და წესრიგის სიმბოლოა, რომელიც გულისხმობს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის, კომპრომისზე წასვლისა და ურთიერთგაგების უნარებს. შუა თითზე ბეჭდის ტარება ხელს უწყობს მშობლებთან ურთიერთობის განმტკიცებას და ოჯახის მხარდაჭერას. უფრო მეტიც, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალისგან იქნება დამზადებული. თუ ქვის ბეჭდები მოგწონთ, უმჯობესია, აირჩიოთ ის, რომელიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება. თუ ბეჭედს შუა თითზე მარჯვენა ხელზე ატარებთ, ეს თქვენს სექსუალურობასა და იმპულსურობას გაზრდის. ქალმა ამ ხელზე ბეჭედი უნდა ატაროს, თუ გუნდში ავტორიტეტის გაძლიერება სურს; ხოლო მამაკაცმა - თუ სწრაფი კარიერული ზრდა და უფროსების მხარდაჭერა უნდა.

- ყველაზე ხშირად, ალბათ, არათითზე ატარებს ბეჭედს უმრავლესობა...

- არათითი სამყაროსგან სიყვარულის, ჰარმონიისა და ფინანსების მისიითაა მოსილი და შესაბამისად, განსაკუთრებულ ხიბლსა და სინატიფეს გვძენს; კრეატიულობით, სილამაზისკენ სწრაფვითა და მაღალი სულიერებით გვაჯილდოებს, ხელს უწყობს ჩვენს ფინანსურ სიძლიერეს. ქალებმა, უმჯობესია, ბეჭედი მარცხენა ხელის არათითზე ატაროთ - ეს თქვენს ოჯახს კეთილდღეობას მოუტანს, ურთიერთობებს კი ჰარმონიულს გახდის, ხოლო მარტოხელებს სიყვარულს აპოვნინებს. განსაკუთრებით, თუ ბეჭედი ოქროსფერია და ავანტიურინით, ჩაროიტით, ოპალით ან რუტილის კვარცითაა (ვენერას თმა) მოოჭვილი. ეს ქვები ყველაზე მეტად იზიდავს სიყვარულის მძაფრ ენერგიას. უკვე არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად კი, იგივე ქვები უკეთესად მუშაობს ვერცხლში. რაც შეეხება მამაკაცს, ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე მას პასიური ფულადი ნაკადების მაგნიტად აქცევს, რაც სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს. დაბოლოს, ნეკი - მართალია, ყველაზე პატარა თითებს შორის, მაგრამ სამყაროსგან ინტელექტთა და გონებამახვილობითაა დაჯილდოებული. მისგან გადმოცემული მოსმენისა და გაგების უნარით, ჩვენ ვაბამთ კომუნიკაციებს და თითქმის ყველასთან ვახერხებთ საერთო ენის გამონახვას. ნებისმიერი მასალისგან დამზადებული, უმარტივესი და უთხელესი ბეჭედიც კი, თუ მას ნეკა თითზე გაიკეთებთ, ქალებს საკუთარი თვალსაზრისის დაცვას გაგიადვილებთ; ოჯახში ჩხუბსა და სკანდალებს აგაცილებთ; მოგზაურობისა თუ შვებულების დროს კი, ბარგთან დაკავშირებულ უსიამოვნო სიურპრიზებისგანაც გიხსნით. ბეჭედი ნეკზე - მამაკაცს დიპლომატიურობასა და ქარიზმას მატებს, ეხმარება, მარტივად იპოვოს გამოსავალი ყველაზე უიმედო სიტუაციიდანაც კი და ამით განიმტკიცოს სტატუსი. ბეჭედი მხოლოდ სამკაული არ არის, ის ენერგიის წყარო და თილისმაა მფლობელისთვის - მთელი ძალით რომ იმუშაოს, ამისთვის მხოლოდ სწორად უნდა გეკეთოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა