ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს კრისტალები ადამიანის ბიოენერგეტიკულ სისტემაზე და რომელი მათგანი აძლიერებს განსაკუთრებით პატრონის ჯანმრთელობას

№21

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 03.06, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

მართალია, სტრესი და შფოთვა მხოლოდ გუშინ არ გაჩენილა, თუმცა დღეს მასზე გაცილებით მეტს საუბრობენ, ვიდრე ოდესმე. აქედან გამომდინარე, აშკარად გაიზარდა ინტერესი ეზოთერიკისა და მაგიისადმი. ეძებენ შინაგანი მდგომარეობის დაცვისა და გააქტიურების ნებისმიერ ვარიანტს; ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენის ახალ, ალტერნატიულ ხერხებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალება გახლავთ მკურნალობა კრისტალებით. შეიძლება თუ არა ქვების სამკურნალოდ არჩევა, რა არის ამ დროს გასათვალისწინებელი და რა მნიშვნელობა აქვს კრისტალის ფერს, ფორმასა და თვისებებს, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი სოსო ბ.

- როგორ ხდება კრისტალებით მკურნალობა?

- ექსტრასენსები, რომლებიც მრავალი წელია ამ მიმართულებით მუშაობენ, განმარტავენ, რომ კრისტალები მინერალთა სხვადასხვა ვარიანტია, რომელთა დახმარებითაც ხდება ადამიანის ბიოენერგეტიკული სისტემის გაწმენდა, ჰარმონიზება და გადაწყობა. თითოეული მათგანი - გარკვეული ენერგიის ნიმუშია თავისი დამახასიათებელი სიხშირით, ენერგეტიკული ველით ან რეზონანსით. ეს ნიშნავს, რომ კრისტალებს შეუძლია, ადამიანის სიცოცხლეს დაუბრუნოს ჰარმონია, ხოლო გონებას - სიმშვიდე.

- კონკრეტულად, რა პლუსები აქვს ცალკეულ კრისტალს სამკურნალო თვალსაზრისით და რომელია მათგან ყველაზე პოპულარული?

- კრისტალთა სამკურნალო თვისებები ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება - უბრუნებს მას სიმშვიდეს, პოზიტიურად განაწყობს და ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას. ის ასევე, პასუხისმგებელია იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე და ბუნებრივი გზით უმკლავდება ფიზიკურ ტკივილს. კრისტალთა ზოგიერთ ჯგუფს აქვს: განსაკუთრებული ენერგია, შეუძლია ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ჰარმონიზება, ხოლო კრისტალთა ფორმა, ფერი და ტიპი გავლენას ახდენს მათ თვისებებსა და ეფექტზე. რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ კრისტალებს, ჩამონათვალი ასეთია: ნეფრიტი აუმჯობესებს ჯანმრთელობას (დღეგრძელობა, სისუფთავე, ნაყოფიერება, სიბრძნე, სიმშვიდე); ციტრინი, რომელიც კეთილდღეობის სიმბოლოდაა მიჩნეული, მუშაობისა და ბიზნესის ხელშემწყობია (შემოსავალი, შემოქმედებითი პროცესი, საკუთარი თავის რწმენა); ვარდისფერი კვარცი სიყვარულის მფარველია (სიყვარული, ურთიერთობები, მეგობრობა, ნაყოფიერება, გაჯანსაღება); ფირუზი ადამიანს იცავს გარეგანი ზემოქმედებისგან (მოგერიება, მეგობრობა, სიყვარული, შინაგანი ბალანსი, სიბრძნე, განწმენდა); გამჭვირვალე კვარცს სამკურნალო ეფექტი აქვს (ექსტრასენსორული მონაცემები, განკურნება, ენერგია); ამეთვისტო აუმჯობესებს მედიტაციის უნარს (გონების, სხეულისა და სულის განკურნება).

- როგორ ავირჩიოთ კრისტალი?

- ყველამ საკუთარი „ჯადოსნური ქვა“ პირადი შეგრძნებების მიხედვით უნდა ეძებოს. ამ პროცესში თქვენ ენერგეტიკულად შეერწყმებით კრისტალს და უკვე ირჩევთ იმას, რაც ნამდვილად გჭირდებათ და არა იმას, თავდაპირველად რომ გინდოდათ. ინტუიციის კარნახითაც კი, შეგიძლიათ, აირჩიოთ ქვა ფერის, ფორმის ან კრისტალის თვისებების მიხედვით. რაც შეეხება ფერს, მიჩნეულია, რომ მუქი კრისტალები ადამიანის დაცვაზეა ორიენტირებული (შავი - დამცავია, ყავისფერი - განწმენდს), ნათელი ფერის - სიწმინდის სიმბოლოა, მწვანე კი მაშინ შეარჩიეთ, თუ სიმშვიდეს ეძებთ. ვარდისფერი ქვა აქცენტს სიყვარულზე აკეთებს, წითელი - აძლიერებს ფიზიკურ ენერგიას, ყვითელი კი - ადამიანის კონცენტრირების უნარზე, სიმდიდრესა და ბარაქაზე ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანია კრისტალის ფორმაც - მრგვალი მის გარშემო თანაბარ, სტაბილურ ენერგიას ავრცელებს, წვეტიანი ქვა კი დადებით ძალას შიგნით აგზავნის ან სხეულიდან გამოაქვს უარყოფითი ენერგია (თუ ქვა ორმხრივ წვეტიანია, ორივე მიმართულებით მოქმედებს).

- როგორ უნდა გამოვიყენოთ კრისტალები?

- თუ ქვა სახლში გაქვთ, მის გამოსაყენებლად მნიშვნელოვანია, მას განსაზღვრული მიზანი ან ამოცანა დაუსახოთ - დააზუსტეთ, როგორ ან ცხოვრების რა მიმართულებით გჭირდებათ მისი დახმარება. მედიტაციის დროს კი, კრისტალი შეგიძლიათ დაიკავოთ ხელში და მიმართოთ შემდეგი სიტყვებით: „გთხოვ, დამეხმარე, რომ დავინახო ჩემი დანიშნულება, მომავალი, ბედისწერა“. ასევე უნდა მოიქცეთ, თუ, მაგალითად, გინდათ, რომ საკუთარი თავისადმი რწმენა განიმტკიცოთ - სძლიოთ მერყევ ბუნებას. თუმცა შერჩეული კრისტალი ყოველთვის წაგადგებათ და მაშინაც კი არაფერს წააგებთ, თუ მას უბრალოდ მაგიდაზე დადებთ ან ჯიბეში ჩაიდებთ. კრისტალი თქვენს ენერგიას ყოველთვის გამოასხივებს. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კრისტალი თქვენ უნდა „გემსახუროთ“.

- როგორ მოვუაროთ ჩვენს რჩეულ კრისტალს?

- რადგან კრისტალი ღრუბელივით იწოვს ნეგატიურ ენერგიასა და ემოციას, ის პერიოდულად უნდა გაიწმინდოს და „გადაიტვირთოს“. შიგადაშიგ ქვები გარეცხეთ ცივი წყლით, სავსემთვარეობისას კი, ენერგიის შესავსებად კრისტალები ფანჯრის რაფაზე დააწყვეთ. თუ სავსე მთვარეს ვერ დაელოდებით, მაშინ ქვების გასაწმენდად შეგიძლიათ, ქვიშა ან ნატურალური მარილი გამოიყენოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა