ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა არის ბედი, ვინ წერს მას ჩვენთვის და რა წვლილი მიუძღვით მშობლებსა და საგვარეულოს ჩვენი ბედის პროგრამირებაში

№18

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 10.05

შეუცნობელი
დაკოპირებულია

რა არის ბედი? - პროგრამა, რომელიც ჩვენთვის იწერება. მაგრამ ვინ წერს და ქმნის მას, როგორ აისახება ის ჩვენს ცხოვრებაზე და შეიძლება თუ არა, საბედისწერო პროგრამის ანუ ბედისწერის შეცვლა, ამ ყოველივეზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი თინა ფ.

- ბედი პროგრამაა, რომლითაც ამქვეყნად მოვედით და ვცხოვრობთ. ეს ასეა როგორც ფსიქოთერაპიის, ასევე ეზოთერიკის თვალსაზრისით. თავის მხრივ, „ბედის” პროგრამა ძალიან მასშტაბური და ტევადია, მოიცავს ქვეპროგრამებსაც. გამოიცანით, ვის მიერ ინსტალირდება ყველაზე ძლიერი პროგრამები? - რა თქმა უნდა, მშობლებისა (ან მათი ფუნქციის შემსრულებლების) და საგვარეულოსგან. საქმე ისაა, რომ თითოეულ გვარს (კლანს) თავისი წესები და კანონები აქვს, რაც მის კოლექტიურ არაცნობიერში გროვდება და ავტომატურად კოპირდება ოჯახის თითოეული წარმომადგენლის ცნობიერებაში. გარკვეული ინსტრუმენტების საშუალებით, საგვარეულოს წესებისა და კანონების (სცენარების) გამოთვლა მე-8 თაობამდეა შესაძლებელი, რაც საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი და ეს სრული სიმართლეა.

- რა ინსტრუმენტებია ასეთი?

- ესენია: მუშაობა მეხსიერების სიღრმეებში (ქვეცნობიერთან); ჰიპნოთერაპია; ეპიგენეტიკა - გვეხმარება გვარის პროგრამების წაკითხვაში მე-8 თაობამდე; ჰელინგერის განლაგება, რომელიც უმთავრესად, ასევე, მე-8 თაობამდე კითხულობს პროგრამას, თუმცა ჩემი მენტორი, რომელთანაც პირადად გავიარე ეს კურსი, ზოგჯერ მე-20 თაობამდეც კითხულობდა. გამომდინარე იქიდან, თუ როგორი მშობლები გვყავს და როგორ გვექცევიან, დგება პროგრამები, რომელთა მიხედვითაც გვექმნება ურთიერთობა სამყაროსთან: იქნება ის ჩვენთვის სამართლიანი თუ არა; ხალხი კარგად მოგვექცევა, თუ ბევრ ღალატსა და ტყუილს გადავაწყდებით; ცხოვრებაში ყველაფერი იოლად მოგვეცემა თუ - უდიდესი განსაცდელის გავლითა და პროგრამებით, ხალხის სიყვარულს დამსახურებისამებრ მივიღებთ თუ მარტივად; ღირსეული პიროვნება ვიქნებით თუ უღირსი. ფაქტია, რომ ბავშვობაში ძალიან მტკიცედ იბეჭდება ფსიქიკაში „მშობელთა შეფასებები“, რაც წარმოდგენას გვიქმნის, თუ „ვინ და რანი ვარ“, მაგალითად: „სულელი, იდიოტი” თუ „ყოჩაღი”; „ზარმაცი” თუ „გენიოსი”; „ლამაზი” თუ „მახინჯი იხვის ჭუკი”; „მერყევი და გაუბედავი” თუ „ყველაფერს გაუმკლავდები”; „კაცი ვერაფერს განდობს“ თუ „შენ ყველაფერი შეგიძლია”... და მსგავსი „მიმართვები”. როგორც წესი, ეს ეპითეტები თაობიდან თაობას გადაეცემა, ანუ, თუ ბებია დედის აღზრდისას იყენებდა ასეთ სიტყვებს, დიდი ალბათობით, დედაც იმავეს გამოიყენებს თქვენი აღზრდისას.

- ესე იგი, მთავარი „ბედის მწერნი“ ჩვენი მშობლები არიან?

- დიახ და როგორიც დაამახსოვრდა თქვენს შინაგან ბავშვს დედა, ისეთივე იქნება თქვენ ირგვლივ სამყარო; თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ იგივე ადამიანები და ზუსტად იგივე სცენები გათამაშდება, რაც ბავშვობაში დედასთან ერთად გადაგხდენიათ და დიდი ტკივილი მოგაყენათ - ასე ვითარდება ბედი... და როგორც თქვენს შინაგან ბავშვს ახსოვს მამა - საყრდენი და ყველაფერში თანამდგომი, ან ნაძირალა, რეგვენი და მოღალატე, შესაბამისად გამოავლენთ ცხოვრებაში თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს - იოლად და სულ სიმღერ-სიმღერით, ან ეკლიანი გზით ივლით, მაგრამ ვარსკვლავებს შეწვდებით. შემდგომ ბედს განსაზღვრავს საგვარეულო, რომელსაც მიეკუთვნებით. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე - თითოეულ კლანს თავისი წესები და კანონები აქვს, რომელიც ზოგჯერ გაუგებარი და ალოგიკურია, მაგრამ ეს მათ არსებობას ხელს არ უშლის.

- როგორ აისახება საგვარეულო წეს-კანონები ჩვენს ცხოვრებაზე?

- მაგალითად, გვარში შეიძლება იყოს კანონი: „იყავი უბედური პირად ცხოვრებაში და არ გყავდეს ქმარი“. ასეთი რამ თავად აღმოვაჩინე ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის ცხოვრებაში: მისი ბებია დაშორდა ქმარს, როცა ქალიშვილი ახალი შეძენილი ჰყავდა, შემდეგ, დედამისი მიატოვა ქმარმა მასზე ორსულობის პერიოდში და ახლა თავად მას - მესამე თაობას გვარში, ემუქრება საფრთხე. სერიოზულ ურთიერთობაში მყოფს სწორედ მას შემდეგ აერია ყველაფერი, რაც შეყვარებულმა დაქორწინება შესთავაზა. რაღაც გაურკვეველმა ძალებმა იწყეს მასზე ზემოქმედება და შედეგად: სიყვარული თითქოს აორთქლდა, სულში შფოთვამ და შიშმა დაისადგურა. იდილიისა და სიყვარულის ნაცვლად, საყვარელი მამაკაცის მიმართ გაუჩნდა გაუთავებელი პრეტენზიები, საყვედურებით ავსებდა მას და სულ უკმაყოფილო იყო. დაიწყო ჩხუბები, რომელიც მთავრდებოდა სურვილით, რომ ამდგარიყო და იქაურობას გასცლოდა, გაქცეულიყო. ასე რომ, საგვარეულოს კანონმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ტირანები, ალკოჰოლიკები მოიზიდოს ან ბავშვის დაკარგვა გამოიწვიოს. საგვარეულოში მოხვედრისთანავე შეუძლებელია მის კანონებს თავი დააღწიოთ - ქვეცნობიერის დონეზე, უნებლიეთ იწყებთ მათ განხორციელებას. თუმცა მისგან გათავისუფლებაც შეგიძლიათ, მაგრამ მხოლოდ შესაბამის სპეციალისტთან მუშაობით. ამას ბედის განკურნება ჰქვია, რის საფუძველზეც, ბედისწერა შეიძლება ხელახლა დაიწეროს (განიკურნოს) და ამით მოიპოვოთ უფლება, უარი თქვათ ძველ პროგრამაზე, რომელიც არ მოგწონთ და შეიყვანოთ ახალი (რომელსაც, თავდაპირველად, თქვენს აზრებსა და სურვილებში ქმნიდით).

- ჩვენვე ვწერთ საკუთარ ბედს?

- ამ სამყაროში მოსვლამდე ვწერთ საკუთარ ბედს - მოგვიანებით, როცა დავიბადებით, უბრალოდ ვივიწყებთ მას, თუმცა სულს ახსოვს - ჩვენმა ანგელოზმა მასწავლებლებმა ეს იციან და გვეხმარებიან, რათა დასახული გზიდან არ გადავუხვიოთ და ყოველი დაგეგმილი გაკვეთილი სრულად გავიაროთ. დავწეროთ ბედის სცენარი, რომელიც გვინდა და რომელსაც სულთა სამყარო გვთავაზობს. ბედის წერისას კი: გაითვალისწინეთ წარსულ ცხოვრებაში დაგროვილი კარმა; გაარკვიეთ, რის სწავლა გინდათ; რა თვისებებს შეიძენდით; რა ნიჭს გამოავლენდით და საერთოდ, რის მიღწევას აპირებთ ცხოვრებაში. მაგრამ, ღმერთმა ხომ თავის მსგავსად შეგვქმნა და აქ, დედამიწაზე ყველანი შემოქმედნი ვართ. ამიტომ, მსხვერპლად განწირული და სამუდამოდ ამა თუ იმ სცენარის მარწუხებში მოქცეული ვერ ვიქნებით. ჩვენ გვაქვს ძალა, გადავჭრათ თუნდაც ყველაზე სერიოზული ცხოვრებისეული ამოცანები და პრობლემები, შევცვალოთ ცუდი ცხოვრებისეული პროგრამები. ამოუხსნელი და გადაუჭრელი არაფერია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა