ჰოროსკოპი და შეუცნობელი

მადლობის გამომხატველი რა სიტყვები გაცლით ძალას და რა ფრაზების დახმარებით შეგიძლიათ მისი კვლავ დაბრუნება

№22

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 07.06

შეუცნობელი
დაკოპირებულია

იცოდით, რომ მადლობამაც შეიძლება გაგანადგუროთ და ძალა გამოგაცალოთ? გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა და თქვენც რომ არ გახდეთ ამგვარი „მადლიერების“ მსხვერპლი, კარგად დაუკვირდით, რა სიტყვებით გამოხატავენ მას. ეზოთერიკოსი, ქალბატონი მეგი დ. აგვიხსნის, თუ რა შემთხვევაშია „მადლობა“ ჯადოს გზავნილი „მადლიერისგან“, რა ფრაზას რა ტიპის ჯადო მოსდევს და რა უნდა მოიმოქმედოთ ამგვარი „სამადლობელო საჩუქრის“ მიღებისას.

- ფრთხილად იყავით - ზოგჯერ „მადლიერებას“ თქვენი ცხოვრების განადგურება შეუძლია. თავად სიტყვა „მადლიერება“ მადლის ძალით აღვსილი უძლიერესი ენერგიის მოზღვავება, მადლით მონიჭებული სიკეთის აღიარებაა: როცა რაღაც გააკეთე, თქვი - სანაცვლოდ კი, ერთგვარი საჩუქრის სახით, აღიარება მიიღე!.. თუმცა აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჩუქარი შეიძლება ყოველთვის არ იყოს კარგი!.. ჩვენ კი მას სწრაფად, მყისიერად ვიღებთ, ყოველგვარი ქვენა ფიქრების გარეშე, რაც ნოყიერი ნიადაგია იმისთვის, „გრძნეულმა“- ნეგატიურმა ენერგიებმა სიცოცხლე მოგვიწამლოს.

- ეს როგორ ხდება?

- როცა მადლობას გვიხდიან, ჩვენ სრულიად ღია ვართ ამისთვის და სწორედ ეს არის მადლიერების არსი: ის გულს, გონებასა და სულს უხსნის ყველას, მადლის მიმღებსაც და მადლის გამცემსაც, მადლიერსაც და მადლიანსაც. ამ დროს ხდება ენერგიათა ინტენსიური ცვლა - ნებისმიერი სიტყვა, რომელიც შეიძლება მადლიერების გამოსახატავად გამოიყენოთ, მაგალითად: „გმადლობთ“, „ღმერთმა დაგლოცოთ“, „სიკეთით გადამეხადოს“ და მსგავსი ფრაზები, გადმოგცემთ დადებით, შემოქმედებით ენერგიას. მაგრამ არის სიტყვები, რომლებიც შეიძლება მადლიერების სიტყვებს „მიემაგროს“, ჯადოდ იქცეს და ისე შეაღწიოს თქვენს ცხოვრებაში. მაშინ მადლიერება გარდაიქმნება ძალად, რომელიც სიკეთის ნაცვლად, მხოლოდ ნგრევასა და განადგურებას მოგიტანთ.

- ვინ და რატომ შეიძლება, მოგვექცეს ასე?

- არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ასე, უარყოფით კონტექსტში იხდიან მადლობას... და ეს უკვე მათი ჩვევაა. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რატომაც აკეთებენ ამას - როგორც წესი, ისინი მანიპულატორები ან ენერგეტიკული ვამპირები არიან. თუმცა არიან ისეთებიც, განზრახ, ამ გზით რომ ცდილობენ, ჯადო თავს მოგახვიონ! ასე რომ, ფრთხილად იყავით შემდეგ სიტუაციებში: როცა ვინმეს თხოვნით გაუკეთეთ რამე შორეულ ნაცნობს, ან სრულიად უცხოს; ასევე, აუცილებლად იპოვეთ გზა, თავაზიანად უარყოთ ნებისმიერი დავალება, რომლის შესრულებასაც გთხოვენ ტაძრის მახლობლად და არა ტაძრის ტერიტორიაზე, თან მაშინვე, მოურიდებლად გეხებიან; თხოვნამდე, ხელზე ხელს მოგკიდებენ ან მხარზე მოგითათუნებენ. ყურადღება მიაქციეთ ამ ინფორმაციას და ნუ უგულებელყოფთ - ყოველდღიური, შეუმჩნეველი, რუტინული ქმედებებითა და სიტყვებით მიყენებული ზიანი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა უარყოფითი ზეგავლენა. ეს იმიტომ, რომ - მისი გადაცემა თვალისთვის შეუმჩნეველია და შესაბამისად, დაუბრკოლებლად აღწევს სამიზნე ობიექტის შინაგან სამყაროში და ცხოვრების ყველა სფეროში ქაოსი შეაქვს!.. მერე კი, თქვენ უნდა იწვალოთ, რომ როგორმე ეს ჯადოც თავიდან მოიცილოთ და მისი შედეგებიც. ეს კი გაცილებით რთულია, ვიდრე - უბრალოდ, ბნელი ენერგიებისგან დაუყოვნებლივი თავდაცვა.

- საინტერესოა, მადლიერების გამომხატველ რომელ სიტყვებს შესწევს უნარი, ასე ძლიერი ჯადო გადმოგვცეს?

- ახლა სწორედ მადლიერების გამომხატველ იმ სიტყვებსა და ფრაზებს შემოგთავაზებთ, რომელთა საშუალებითაც გადაეცემა მადლის მქნელს ყველაზე ძლიერი ჯადო და ერთმევა ძალ-ღონე. თუმცა მანამდე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, ასეთი სიტყვები ლოგიკურ მადლიერებას არ გამოხატავს, ანუ ეს არის მადლობა მადლობის გარეშე - ფრაზა შინაარსისთვის შეუსაბამო სიტყვების თანწყობით. მაგალითად, თავად გთხოვეს რაღაცის გაკეთება, მერე კი, მადლობა ხსენებული ფორმით გადაგიხადეს. ამ დროს, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ ასეთი მადლიერება თქვენში განგაშსა და დისკომფორტს იწვევს. სწორედ ეს შფოთი და უსიამოვნო შეგრძნებებია მანიშნებელი იმისა, რომ ჯადო გადმოგეცათ. ახლა ვნახოთ, „მადლიერების“ რა სიტყვებს რა ტიპის ჯადო „მოჰყვება საჩუქრად“: „გმადლობთ, არ ღირდა,“ - კეთდება ფულის და მატერიალური მდგომარეობის დასაზიანებლად; „გმადლობთ, ეს მეტისმეტია“ - ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ზიანის მისაყენებლად; „გმადლობთ, არ იყო საჭირო“ - ხშირად ასე ხდება ვალისა და უფულობის ჯადოს თქვენზე გადმოცემა; „გმადლობთ, ნეტავ, ყოველთვის ასე იყოს“... - ეს სიტყვები ძალას გაცლით და მის მთქმელს გადასცემს; „გმადლობთ, რა მზრუნველი, ყურადღებიანი, ძლიერი, ნიჭიერი, მოხერხებული ხართ...“ - ამ სიტყვებისგან ძალა გამოცლილს ჯადო ცხოვრებაში კეთილდღეობას გართმევთ. მაგალითად, მსგავსი სიტყვებით რომ დაქორწინებულ წყვილს გადაუხადოთ მადლობა - მათი ოჯახის კეთილდღეობას ჯადო დაედება!.. უკიდურესად ძლიერი ჯადო კი, მთელ თქვენს ცხოვრებას რომ ემუქრება, შემდეგი სიტყვებით გადმოგეცემათ: „გმადლობთ, მეც რომ ასე ვიქნებოდე... მე რომ ვიქნებოდე... ვიქნებოდე...“

- თუ ჯადო მართლაც გადმოგვეცა, რა უნდა ვქნათ?

- თუ უკვე გითხრეს, ხშირად გეუბნებიან ან სწორედ ახლა მოგმართეს მადლიერების მსგავსი სიტყვებით, იქ, სადაც იმყოფებით, დადექით სახით ფანჯრისკენ და მარჯვენა ხელი გულზე დაიდეთ. დახუჭეთ თვალები და წარმოთქვით დამცავი სიტყვები: „ჩემი ძალაც ჩემთანაა და ყველანაირი სიკეთეც!“ თვალის გახელას კი განმწმენდი სიტყვები ამოაყოლეთ: „რაც შემყარეს - უკანვე ვაბრუნებ! საკუთარს ვიბრუნებ, ბევრისთვის კი სიკეთეს გავცემ!“ იგივე რიტუალი სამჯერ გაიმეორეთ სახლშიც - სამი დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ, ნებისმიერ დროს. გისურვებთ წარმატებას, იყავით მდიდარი და ბედნიერი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი