როგორ იბრძოდა სოლომონ მეორე რუსეთისგან გათავისუფლებისთვის და რა გზით დააღწია მან თავი ტყვეობას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 11.09
იმერეთის მეფე სოლომონ მეორე ტახტზე ასვლამდე დავითად იწოდებოდა. ის გახლდათ არჩილის ძე, სოლომონ პირველის ძმისწული, ერეკლე მეორის და დარეჯან დედოფლის შვილიშვილი.
სოლომონ პირველმა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ერეკლე მეორის რჩევით, ტახტი ძმისწულს უანდერძა. დავით არჩილის ძის მცირეწლოვნების გამო გამეფებული დავით მეორე ტახტის დათმობას არ აპირებდა, მაგრამ ერეკლე მეორისა და გრიგოლ დადიანის დახმარებით, 1789 წელს მათხოჯთან ტახტის მაძიებელმა დაამარცხა დავით მეორე და სოლომონ მეორის სახელით გამეფდა.
ამ დროისთვის ის 17 წლის იყო. ამის შემდგომ დავითმა კიდევ სცადა რამდენჯერმე ტახტის დაბრუნება. 1790 წელს, ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით, მან იმერეთი დაიპყრო. ერეკლე მეორემ სოლომონს თავისი შვილიშვილი – იოანე მიაშველა. ლომსიანთ ხევში გამართული ბრძოლა სოლომონის გამარჯვებით დასრულდა.
სოლომონ მეორე ერეკლე მეორისა და სოლომონ პირველის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა. 1790 წლის ივნისში, სოლომონ ლეონიძის თაოსნობით, დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ მეორე, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან საერთო მტრის წინააღმდეგ სამხედრო კავშირს ამყარებდნენ, აღიარებდნენ ერეკლეს მფარველობას და მას ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ამ შეთანხმებას ასევე ხელს აწერდნენ ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი და იმერეთის დედოფალი მარიამი.
1793 წელს ამ ხელშეკრულების მონაწილეები საერთო მფარველობას სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს. რუსეთს კი თავისი გეგმა ჰქონდა, რომელიც ვერ უთავსდებოდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას სოლომონ მეორის მეთაურობით.
1803 წლის დეკემბერში სამეგრელომ რუსეთის მფარველობა მიიღო. რუსეთი ცდილობდა, პატივმოყვარე დადიანი, რომელსაც უკვე არცთუ სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდა მეფე სოლომონ მეორესთან, იმერეთის სამეფოს გაუქმებისთვის ბრძოლაში გამოეყენებინა.
1803 წელს სოლომონ მეორემ, ლეონიძის ელჩობით, კვლავ სთხოვა მფარველობა რუსეთს, თუმცა, პარალელურად, ოსმალეთშიც გააგზავნა ელჩობა დახმარების სათხოვნელად. მეფის ეს ორმაგი თამაში შეიტყო რუსეთმა. 1804 წელს რუსები შეიჭრნენ იმერეთში. რუსთა ჯარის ნაწილები სამეგრელოშიც იდგა. 1804 წლის 25 აპრილს სოფელ ელაზნაურში დადებული ხელშეკრულებით, იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, მაგრამ ინარჩუნებდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და მეფობა ხელშეუხებელი რჩებოდა. იმერეთის შემადგენლობაში შედიოდა გურიის სამთავროც. ამ ხელშეკრულებით რუსეთს, მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება არ გაუუქმებია, მაგრამ მეფე, ფაქტობრივად, უუფლებო დარჩა.
რუსეთ-თურქეთის ომის (1806-1812 წლები) დროს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა სოლომონ მეორემ ფარულად დატოვა ქუთაისი, გადავიდა ვარციხის სასახლეში და მოითხოვა რუსეთის ჯარის გაყვანა იმერეთიდან. რუსეთის მთავრობამ მაშინვე მიიღო სოლომონის ტახტიდან ჩამოგდების, რუსეთში გასახლებისა და იმერეთის სამეფოს გაუქმების გადაწყვეტილება და ამ მიზნით იმერეთში რუსთა დამატებითი ჯარი გაგზავნა. მოლაპარაკების დროს, 1810 წლის 28 მარტს, იმპერატორის მოხელეებმა სოლომონი მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში, სუმბათაშვილის სახლში გამოკეტეს. მიუხედავად რუსთა დიდი სიფრთხილისა, ქაიხოსრო წერეთლის გეგმით, მეფემ მაინც მოახერხა გაქცევა; მეფემ მდაბიოს ტანისამოსი ჩაიცვა, ლოგინში ფარეში ჩააწვინა, ნაცრით პირისახე მოისვარა, თუნგით ხელში ორ დარაჯს გაუარა და შეკითხვაზე თამამად უპასუხა, რომ იგი მეფის მსახურია და მტკვარზე მიდის წყლის მოსატანად. შემდეგ მეფე ქალაქის გალავნიდან გაიყვანეს, სადაც 23 ცხენოსანი ელოდა. მათთან ერთად ახალციხის გზას დაადგა. თრიალეთის გზაზე მიმავალ მეფეს წინ სამასკაციანი ლეკთა მოთარეშე რაზმი შემოხვდა. მათ იმერთა მეფე იცნეს, თაყვანი სცეს და ახალციხემდე მიაცილეს. ახალციხის ფაშა, სულეიმან ხიმშიაშვილი, სოლომონს ზარ-ზეიმით შეეგება და ოქროთი აღკაზმული ცხენი მიართვა.
მეფემ აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. რუსეთის მთავრობამ დიდძალი ჯარი გამოიყვანა აჯანყების ჩასაქრობად. ადგილობრივი რუსი მოხელეები ხალხის მოსასყიდად და ჯაშუშების დასაქირავებლად ფულს და ოქროს არ ზოგავდნენ. მათ მეფის მოკვლა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ იმერეთში ჯაშუშებს და მკვლელებს ვერ პოულობდნენ. 4 თვის ბრძოლის შემდეგ აჯანყება ჩააქრეს. მეფე ახალციხიდან არზრუმს, არზრუმიდან კი ტრაპიზონს გადავიდა.
1810 წლიდან იმერეთში მეფის რუსეთის მმართველობა დამყარდა. იმავე წელს რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს გურიისა და აფხაზეთის სამთავროებმაც. მარიამ დედოფალი და მეფის და – მარიამი, რუსეთში გადაასახლეს.
სოლომონმა სულთანს ჯარით დახმარება სთხოვა, მაგრამ ოსმალეთმა რუსეთის გადაკიდების შიშით უარი განაცხადა.
სამშობლოდან გადახვეწილი სოლომონი არ წყვეტდა ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ მის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.
იმერთა მეფემ 1815 წლის 7 თებერვალს იმერეთიდან შორს, ოსმალეთის ქალაქ ტრაპიზონში დალია სული. დაასაფლავეს იქაურ ბერძენთა წმიდა გრიგოლის ეკლესიის ეზოში, სამრეკლოში.
გამოყენებული მასალების წყარო: Georoyal.ge – ნინო ტარყაშვილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





