ვინ იყო ქართველი ხუსრეთ მეჰმედ ფაშა და როგორ გახდა ის ოსმალეთში ფაქტობრივი მმართველი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 19.09

ხუსრევ, იგივე, ჰუსრევ მეჰმედ ფაშა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიაში ყველაზე გამორჩეული მოღვაწე ყოფილა. იგი გახლდათ ტრაპიზონის გუბერნატორი, ქაფუდან-ფაშა, ოსმალეთის გენერალისიმუსი, დიდვაზირი. როგორც ამბობენ, მას არასდროს დავიწყებია თავისი წარმომავლობა და არაერთი ტყვედ გაყიდული ქართველი ახალგაზრდა გამოუხსნია და აღუზრდია. თურმე, აღზრდილებს შვილებივით ეპყრობოდა და საუკეთესო განათლებას აძლევდა.
მწერალ რამაზ სურმანიძის კვლევების მიხედვით, ხუსრევ მეჰმედ ფაშას ფესვები ქართულია, იგი ხოსრო ერისთავ-ჩხეიძეა, რაჭის ერისთავების შთამომავალი. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე. კერძოდ, მისი აზრით, ხოსრო-ფაშა წარმოშობით ქედის სოფელ აქუციდანაა, ერისთავის გვარს ატარებდა, ჰქონდა ევროპული განათლება, ფლობდა მრავალ ენას და ოსმალეთში დიდ იერარქიულ წარმატებას მიაღწია.
მეცნიერის, წარმოშობით აქუცელი ჯემალ ჩხეიძის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ რაჭის ერისთავების ერთ-ერთი შტო, კერძოდ ორი ძმა ჩხეიძე-ერისთავი სოფელ აქუცაში მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდში ჩასახლებულა. მათთვის ოსმალეთის სულთანს ნასოფლარი აქუცა უბოძებია. აქ ძმები ცალ-ცალკე დასახლებულან და ორი ოჯახი შეუქმნიათ. შემდეგ მოუწვევიათ აქედან აყრილი მოსახლეობა, აგრეთვე სხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე გვარეულობა, დაურიგებიათ მათთვის მიწები და სოფელი კვლავ გაუცოცხლებიათ.
არსებობს ორი ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ხუსრევ ფაშა ოსმალეთის იმპერიაში. პირველის თანახმად, ის თავად წავიდა, მეორე ვერსიით კი – ტყვედ გაყიდეს. წყაროების მიხედვით, მეორე ვერსია უფრო სარწმუნო ჩანს.
ისტორიკოს აბდარ რაჰმან-ჯაბარტის მიერ შედგენილი დღიურიდან ირკვევა, რომ ხოსრო ფაშა საქართველოში დაბადებულა. ჩანაწერების მიხედვით, „ხოსრო ფაშა ჯერ მონა იყო ხონთქარ აბდულ-ჰამიდისა, შემდეგ კი – მისი პაჟი. აღიზარდა სერალში (სულთნის რეზიდენციაში) სახელგანთქმულ ჰუსეინ-ფაშასთან, რომელიც ასევე ქართველი იყო. ისინი ერთად იზრდებოდნენ, შემდეგ ხუსრევი ჰუსეინის ხაზინადარი გახდა“.
ხოსრო-მეჰმედ-ფაშას ვრცელი ბიოგრაფია გამოაქვეყნა თურქმა მეცნიერმა მურად ქასაბმა თავის წიგნში „ოსმალეთის ქართველები“. ის წერს, რომ ხუსრევი 1765 წელს საქართველოში დაიბადა. ბავშვობისას მოიტაცეს და ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. განათლება სულთნის სასახლეში მიიღო. მსახურობდა ქაფუდან-ფაშა ქუჩუკ ჰუსეინ ფაშასთან, ჯერ ბეჭდისმტვირთველად, შემდეგ კი – ქეთჰუდად. შესანიშნავი მეომარი იყო. 1801 წელს ჰუსეინ ფაშასთან ერთად ლაშქრობდა ეგვიპტეში, იქვე დარჩა და ალექსანდრიის ციხისთავად დაინიშნა. მალე მირიმირანის წოდება და იზმითის ვალის პოსტი მიიღო. იმავე წელს ვეზირის ტიტულიც მიანიჭეს და ჯერ ეგვიპტის, შემდეგ კი სალონიკის ვალის თანამდებობაზე დანიშნეს. 1803 წელს დიარბაქირის, 1804 წელს კი სალონიკის ვილაიეთებს მართავდა. ამავე წელს ეგვიპტის ფაშა გახდა.
1806 წელს ხუსრევ ფაშა სტამბოლში დაბრუნდა. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა კაპუტან ფაშას, ტრაპიზონის გუბერნატორისა და სპარსეთის ყურეში დისლოცირებული ოსმალეთის ჯარების გენერალისიმუსის თანამდებობები. 1808 წელს ბოსნიის, 1909 წელს იზმითის ვილაიეთებს მართავდა. 1811 წელს ქაფუდან-ფაშა გახდა. ფლოტში წესრიგი დაამყარა, შეამოწმა ხმელთაშუაზღვისპირა სანჯაყები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არავინ აკონტროლებდა, გაანადგურა ყაჩაღთა ბანდები და ეს რაიონები კვლავ მთავრობის კონტროლს დაუქვემდებარა. მალე ის ტრაპიზონის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. შემდეგ არზრუმის, ყარსის, ბოლუს და ევბეას ვალი იყო. არზრუმის ვალის თანამდებობაზე ყოფნისას აღმოსავლეთის სერასკერის თანამდებობაც ეკავა. 1822 წელს, როდესაც მორეას აჯანყებამ სახიფათო სახე მიიღო, ზღვაოსნობის კარგად ცოდნისა და სიმამაცისათვის კვლავ ქაფუდან-ფაშად დანიშნეს. მან მორეას აჯანყება ჩააქრო, კუნძული ფრასა დაიპყრო და დაზიანებული გემების შესაკეთებლად ეგვიპტეში ჩავიდა.
ეგვიპტეში ყოფნისას მუჰამედ ალი ფაშასთან საერთო ენა ვერ გამონახა. სულთანმა მაჰმუდ მეორემ დააკმაყოფილა ეგვიპტის ვალის სურვილი და 1826 წელს ხუსრევ ფაშა ქაფუდან-ფაშას თანამდებობიდან გადააყენა.
1827 წელს ოსმალეთის არმიის სერასკერი, სამხედრო მინისტრი გახდა. ამ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, არმიის რეორგანიზაცია მოახდინა. ამ პერიოდში მისმა ძალაუფლებამ და გავლენამ პიკს მიაღწია. 1837 წელს სერასკერის თანამდებობიდანაც გადააყენეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამ დროისთვის გარდაიცვალა მაჰმუდ მეორე და იგი სულთანმა აბდულმეჯიდმა შეცვალა. სულთან მაჰმუდ მეორის სიკვდილის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხუსრევ მეჰმედ ფაშა ოსმალეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. იმავე წელს, აბდულმეჯიდის ტახტზე ასვლის შემდეგ, იგი დიდვეზირად დანიშნეს. ეს თანამდებობა მან ოსმალეთის ისტორიაში პოლიტიკურად ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში დაიკავა და თავისი საქმიანობით ცენტრალურ უწყებებში ყველაზე გაწონასწორებული და გამოცდილი ადამიანის სახელი მოიხვეჭა. განმუხტა შექმნილი დაძაბულობა, მოაგვარა ეკონომიკური მდგომარეობა და სახელმწიფო რეპუტაციის აღდგენაც შეძლო, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 1940 წელს, თანამდებობიდან გადააყენეს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, იგი დამნაშავედ ცნეს და თექირდაღში გადაასახლეს. შემდეგ შეიწყალეს და სტამბოლში დაბრუნდა. 1946 წელს მეჯლისი-ჰასის წევრი გახდა. იმავე წელს კვლავ დანიშნეს სერასკერის თანამდებობაზე. 1847 წელს ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა დაუტოვეს. 1848 წელს პენსიაში გავიდა და მირგუნში მდებარე აგარაკზე დასახლდა.
ხუსრევ მეჰმეთ ფაშა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის უდიდეს დამსახურებად ოსმალეთის არმიის მოდერნიზაცია მიიჩნევა. მან პირველმა მისცა რეკომენდაცია სულთანს, შეექმნა ევროპულად გაწვრთნილი სამხედრო შენაერთი, გახსნა ტაქსიმის სამხედრო სკოლა.
გამოყენებული მასალების წყარო:
ქასაბი მურად. ჰუსრევ მეჰმედ ფაშა//ოსმალეთის ქართველები. სურმანიძე რამაზ. დიდი ვეზირი ხოსრო ერისთავი-ჩხეიძე; wikipedia; netgazeti.ge; nplg.gov.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან