რამდენი ხანი იყო გიორგი მთაწმინდელი უცხოეთში იძულებით და როგორ გამოიყენა ის წლები
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.07
(იბეჭდება შემოკლებით)
საქართველოს ერთ-ერთი მნათობის, გიორგი ათონელის (მთაწმინდელის) მშობლები იყვნენ სამცხელი იაკობი და თრიალეთელი მარიამი. ისინი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდნენ. იაკობის უფროსი ძმები დავით მესამე კურაპალატისა და ბაგრატ მესამის კართან დაახლოებული პირები იყვნენ. იაკობიც სამეფო კარზე მოღვაწეობდა.
კეთილმორწმუნე იაკობსა და მარიამს სულ 6 შვილი შეეძინათ – სამი ძე და სამი ასული. პირველი შვილი, თეკლა, შვიდი წლის ასაკში ტაძრისის მონასტერში მიაბარეს, ასეთი აღთქმა ჰქონდათ. თეკლას მერე შეეძინათ ვაჟი თეოდორე. იაკობმა და მარიამმა განიზრახეს, თუ კიდევ შეგვეძინება შვილი, ღმერთს შევწიროთო.
ღვთისადმი შეწირვა შვილისა მისგან განშორებასა და მის მოცილებას ან ზვარაკად შეწირვას არ ნიშნავს. არც საკუთარი ინტერესებისთვის შეწირვას და სამაგიეროდ, ღვთისგან რაიმეს მოთხოვნას. ეს შვილზე ზრუნვა იყო, რადგან სიყრმიდანვე ეკლესიაში იქნებოდა და სულზე იზრუნებდა. ქრისტიანული რწმენით, მშობლის უმთავრესი დანიშნულებაა შვილის სულზე ზრუნვა, მისი დაყენება ღვთის გზაზე, რათა სასუფეველში შესვლა დაიმსახუროს.
გიორგი მთაწმინდელის შობის წინ დედამისმა, კეთილმორწმუნე მარიამმა, სიზმარი ნახა – მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: „შეგეძინებათ ძე, რჩეული ვერძი ღვთისა, უწოდეთ მას გიორგი და ღმერთს შესწირეთ!“
მართლაც, იაკობსა და მარიამს ჩვენებიდან რამდენიმე დღეში ძე შეეძინათ და უწოდეს გიორგი. იგი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში. ყოველთვის ანგელოზი მფარველობდა მომავალ წმიდანს, განსაკუთრებული მისიისთვის ამზადებდა ღმერთი. პატარა რომ ყოფილა, სათამაშოდ იყო გასული მდინარე ქციის (დღევანდელი მდინარე ხრამი) ნაპირას. ღრმა წყალში დაინახა ცეცხლოვანი ჭაბუკი, რომელიც თავისთან იწვევდა: მოდი, ვიმღეროთო. ის იყო, ბავშვი უნდა გადამხტარიყო მდინარეში, რომ გამოეცხადა სპეტაკით მოსილი ჭაბუკი, ანგელოზი, ხელში ხელი წაავლო, არ გაუშვა და უთხრა: ჩემთან იყავი, მე უფრო უკეთესი მოყვასი ვარ შენიო.
7 წლის ასაკში ისიც ტაძრისის მონასტერში მიაბარეს. სამი წელი იქ იზრდებოდა პატარა გიორგი. იმ დროს მისი ბიძები, მამამისის უფროსი ძმები – გიორგი მწერალი და საბა – ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ. იაკობმა 10 წლის გიორგი თავის ძმებთან, ხახულში, ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ჩაიყვანა და მათ ჩააბარა. გახარებულმა ბიძებმა პატარა ძმისშვილი ლავრის წინამძღვარს, მამა მაკარის წარუდგინეს. იმავე მონასტერში მოღვაწეობდა ბაგრატ მესამის ძე, გიორგი პირველის ძმა – ბასილი, განთქმული მწერალი, მთარგმნელი და მწიგნობარი. ასევე, ხახულში მოღვაწეობდა ცნობილი მნათე – ანტონი. ყველამ დიდი სიხარულით მიიღო პატარა მორჩილი მონასტერში.
აღსაზრდელად და შეგირდად ხახულელმა მამებმა პატარა გიორგი მიაბარეს ცნობილ ილარიონ თვალოელს (თუალელს), სახელგანთქმულ მთარგმნელსა და მწიგნობარს. მან შეასწავლა გიორგის ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, გალობა და საღვთო სჯული. რაც კი ქართულ ენაზე წიგნები იყო, ყველა მალე დაისწავლა და ბერძნულსაც დაეუფლა პატარა მორჩილი.
ერთხელ მონასტერში ხანძარი გაჩენილა. პატარა მორჩილს ღრმა ძილით ეძინა. ის სპეტაკით მოსილმა ჭაბუკმა გააღვიძა – ხელი მოჰკიდა, უვნებლად გაიყვანა ცეცხლიდან და მოშორებით ერთ-ერთ ეკვდერში შეიყვანა.
ხახულის მონასტერში მივიდა ფერის ჯოჯიკის ძე. მან თავის კარზე, ტვარწატაფში, მიიწვია გიორგი მწერალი, ოჯახის მოძღვრად და მწიგნობრად. ბიძამ თან წაიყვანა პატარა გიორგიც, რომელიც მას ეხმარებოდა, გალობდა, მსახურებდა და ხმამაღლა უკითხავდა ტექსტებს, რადგან ბიძამისი უკვე მოხუცებული იყო.
ბასილი ბულგართმმუსვრელი, რომელიც ცდილობდა, კავკასიის ქვეყნების ჩაყლაპვას, არ ურიგდებოდა გიორგი პირველისა და ქართველების თავისუფლებისმოყვარე პოლიტიკას. ბასილის ომები ჰქონდა ბულგარეთში. მეფე გიორგიმ ისარგებლა და დაიკავა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები, რომლებიც მიტაცებული ჰქონდა ბიზანტიას. განრისხებულმა ბასილი ბულგართმჟლეტელმა საქართველოს დიდი ჯარით შემოუტია.
ცხადია, ფერის ჯოჯიკის ძე საქართველოს მეფეს ემხრობოდა. როგორც ქართველს, ენდომებოდა არზრუმის, ბასიანის, ტაოს, სპერისა და სხვა ძველი ქართული მიწების საქართველოსთვის დაბრუნება. გიორგი პირველმა ერთხელ კი შეძლო მრისხანე ბასილის დამარცხება, მაგრამ მეორედ, ღალატის გამო, წააგო ბრძოლა და იძულებული გახდა, კეისარს დაზავებოდა და თავისი ძე, ბაგრატი, მძევლად გააგზავნა კონსტანტინოპოლში. ბასილი კეისარმა შეიპყრო ფერის ჯოჯიკის ძე და თავი მოჰკვეთა. მისი მეუღლე კი კონსტანტინოპოლში მძევლად წაიყვანა.
1022 წელს მძევლებს თან გაჰყვნენ გიორგი მწერალი და მისი ყრმა ძმისწული.
თორმეტი წელი გაგრძელდა კონსტანტინოპოლში ტყვეობა. დედობილმა და ბიძამ პატარა გიორგის შესანიშნავი მასწავლებლები მოუძებნეს. „საღმრთომან მან დედაკაცმან სასწავლოდ მისცეს ყრმაè იგი გიორგი კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორითავე ცხორებითა შემკობილთა, არა ერისკაცთა, არამედ მონაზონთა ღმრთის-მოშიშთა და ყოველთა მიერ წამებულთა“.
თორმეტი წლის განმავლობაში გიორგი, მომავალი წმიდანი საქართველოს ეკლესიისა, გულმოდგინედ შეისწავლიდა საღვთო სჯულს, ხვეწდა ბერძნულის ცოდნას. ისეთი ნიჭი გამოავლინა, ბერძნებს სჯობდა ბერძნულის ცოდნაში და შრომისმოყვარეობაში. ჩვენი ეკლესიის მომავალი ვარსკვლავი და ინტერესების დამცველი, გიორგი მთაწმინდელი, ბიზანტიაში მაშინდელი მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრების მიღწევებს ეზიარა.
თორმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ფერის ჯოჯიკის ძის ქვრივი გარდაცვლილი მეუღლის მამულში, ტვარწატაფში. მან თან წამოიყვანა გიორგი და მისი მოხუცებული ბიძა. შემდეგში წმიდა გიორგი მთაწმინდელი ძალიან აქებდა მის აღმზრდელ ქალს.
საქართველოს მიწაზე დაბრუნების დროს გაიგეს, რომ მორჩილი გიორგის დედა გარდაცვლილიყო, მამა კი უკვე ძალიან ავადმყოფობდა. გიორგის მამაც, ძმამ ტვარწატაფს წაიყვანა.
ახალგაზრდა გიორგი, მომავალი მნათობი ქართული ეკლესიისა, 1034 წელს დაბრუნდა მშობლიურ მხარეში და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. მაშინ ის 25 წლის იყო.
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწების მოზრდილი ნაწილი ისევ ბიზანტიის მიერ იყო ოკუპირებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





