როდის დააარსა ვახტანგ მეექვსემ პირველი ქართული სტამბა და როგორ ჩაუყარა მან საფუძველი „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის საქმეს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 10.07
1703 წელს ირანის შაჰმა გიორგი მეთერთმეტეს ქართლის გამგებლობა დაუბრუნა, მაგრამ ირანში დატოვა, ქართლში კი მეფის მოადგილედ („ჯანიშინად“) მისი ძმის, ლევანის, ვაჟი ვახტანგი დანიშნა.
„ჯანიშინობის“ პერიოდში ვახტანგმა სცადა ქვეყნის შიგნით წესრიგის აღდგენა. 1705 წელს, მისი ინიციატივით, საეკლესიო კრება მოიწვიეს. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით შექმნა „მცველთა ჯარი“, ანუ სამეფო გვარდია და დათრგუნა ურჩი თავადები. ვახტანგ მეექვსემ დიდი ყურადღება მიაქცია მეურნეობის აღდგენას: ხელახლა დასახლდა ქართლის გაუკაცრიელებული ადგილები, გაიყვანეს და განაახლეს დიდი ხნის წინათ მოშლილი სარწყავი არხები, მოაწესრიგეს სავაჭრო-სამიმოსვლო გზები, ააგეს ხიდები და ქარვასლები, გააუმჯობესეს ფულის მოჭრის საქმე.
მმართველობის პირველივე წლებში ვახტანგმა დიდი საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა. მისი ბრძანებით დაარსებულმა საკოდიფიკაციო კომისიამ შექმნა სამართლის წიგნთა კრებული, რომელიც თვით ქართლის ჯანიშინის მიერ იყო რედაქტირებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კრებულის ძირითად ნაწილს, სახელწოდებით – „სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“. ეს კანონთა წიგნი ვახტანგმა ქართლისთვის შეადგინა, მაგრამ მალე ის მთელ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობად იქცა, რის გამოც ვახტანგს „სჯულმდებელი“ შეარქვეს.
ვახტანგ მეექვსის მეორე საკანონმდებლო ძეგლია „დასტურლამალი“, რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა. ის აწესრიგებდა ქვეყნის მართვა-გამგეობის, სამეფო კარის ეტიკეტისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა პრაქტიკულ მხარეებს.
ვახტანგის თაოსნობითა და მონაწილეობით მრავალი ღონისძიება განხორცილედა კულტურის დარგშიც. 1709 წელს მან ვლახეთში (რუმინეთი) მოღვაწე ქართველის, ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკლესიების წიგნით მომარაგებას.
1709 წელს დაიბეჭდა „სახარება“, „დავითნი“ და „სამოციქულო“, ხოლო 1712 წელს, ვახტანგ მეექვსის რედაქციითა და კომენტარებით, პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“. მეფის კრიტიკულ-მეცნიერულმა გამოკვლევამ ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას.
ვახტანგ მეექვსე იყო თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, რედაქტორი, კომენტატორი და საგანმანათლებლო საქმის ორგანიზატორი.
აღსანიშნავია ვახტანგ მეექვსის ზრუნვა ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტის დადგენისა და გამართვისათვის. მის სახელთანაა დაკავშირებული მეცნიერთა დასის – „სწავლულ კაცთა“ კომისიის დიდი სამეცნიერო საქმიანობა.
ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიითა და მედიცინით. მან თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ-ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური ლექსიკონი.
ვახტანგ მეექვსემ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც – შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“.
ვახტანგ მეექვსე ცდილობდა, თავისი გავლენა გაევრცელებინა საქართველოს სამეფო-სამთავროებზე. როგორც ჩანს ამას ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, რადგან ჯანიშინს „მორჩილებდნენ იმერნი, უსმენდნენ კახნი“.
1712 წელს ვახტანგ ჯანიშინი ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც ვახტანგმა უარი განაცხადა, ამიტომ იგი ქირმანში გადაასახლეს.
1716 წელს ვახტანგ მეექვსემ ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა, რის შემდეგაც შაჰმა ის ქართლის მეფედ დაამტკიცა და მხოლოდ 1719 წელს დააბრუნა სამშობლოში. ვახტანგი ცდილობდა, გაეგრძელებინა ძველებური საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება ამიერკავკასიის ასპარეზზე შეიცვალა. საქართველო კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ასეთ ვითარებაში ვახტანგ მეექვსე რუსული ორიენტაციის გზას დაადგა და 1720 წელს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა პეტრე პირველთან. მათ გადაწყვიტეს, ერთად გაელაშქრათ ირანის წინააღმდეგ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო აზერბაიჯანში, სადაც მას შეუერთდებოდა ქართველთა და სომეხთა ლაშქარი და ერთობლივად უნდა აეღოთ ირანი. 1722 წელს პეტრე პირველმა დაიწყო ლაშქრობა კავკასიის მიმართულებით და ხელთ იგდო კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპირო, დარუბანდი, მაგრამ ლაშქრობა შეწყვიტა და ასტრახანში გაბრუნდა. 3 თვის ლოდინის შემდეგ ვახტანგს აცნობეს ლაშქრობის გადადების ამბავი, რამაც მეფე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. პეტრე პირველმა ოსმალეთს დაუთმო ირანის მთელი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოც მიათვალეს. ქვეყანაში დაიწყო უაღრესად მძიმე „ოსმალობის“ პერიოდი. პეტრე პირველისგან ასე მოტყუებულ და უმწეოდ მიტოვებულ ქართველ მეფეს საქართველოდან გახიზვნის მეტი აღარაფერი დარჩენოდა.
1724 წლის ივლისში ვახტანგ მეექვსე, თავისი ოჯახის წევრებით და თანამოღვაწეების 1 200-კაციანი ამალით, რაჭის გზით რუსეთს გაემგზავრა. იმედოვნებდა, რომ რუსეთის მხარდაჭერითა და დამხმარე ჯარით მალე უკან დაბრუნდებოდა და თავის სამშობლოს დამპყრობთაგან გაათავისუფლებდა. მაგრამ მას საქართველოში დაბრუნება აღარ ეწერა. იგი ჯერ კიდევ გზაში იყო, როდესაც პეტრე პირველი გარდაიცვალა.
რუსეთში ყოფნისას ვახტანგ მეექვსე ცდილობდა, საქართველოს საკითხით დაეინტერესებინა რუსეთის სამეფო კარი. მოლაპარაკება გამართა ირანის შაჰთან, მაგრამ უშედეგოდ. იმედგაცრუებული ვახტანგი იძულებული გახდა, საბოლოოდ ასტრახანს დასახლებულიყო. გარდაიცვალა 1737 წელს ასტრახანში.
გამოყენებული მასალების წყარო: ბარამიძე ალ. ვახტანგ მეექვსე; ბრეგაძე დ. ვახტანგ მეექვსე : [ცხოვრება და მოღვაწეობა; პაიჭაძე გიორგი. ვახტანგ მეექვსის პოლიტიკური მოღვაწეობა 1725-1737 წლებში; ქიქოძე ბ. ვახტანგ მეექვსის ცხოვრება და მოღვაწეობა; მეტრეველი ე. / ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





