როგორ მოახერხა სუმბათ ორბელიანმა დიდი პატივით ესარგებლა ჰულაგუ ილხანის კარზე
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 25.07

ძალიან ჭკვიანი იყო გასომხებული ორბელების წარმომადგენელი, სუმბათ ორბელიანი. მას მერე, რაც თამარ მეფემ დააბრუნა დემნასა და ორბელების აჯანყებისას საქართველოს სამეფოდან დევნილი მისი ოჯახი, ორბელიანებს არ ჰქონდათ ისეთი გავლენა, როგორც დავით აღმაშენებლის დროიდან მოიპოვეს, არ ჰქონდათ ამირსპასალარობა, ანუ უმაღლესი სამხედრო თანამდებობა და ქართლის ერისთავობა და ისეთი გავლენა, როგორიც დიმიტრი მეორისა და გიორგი მესამის დროს. საქართველოდან გაქცეული ორბელიანების ოჯახი სომხურ გარემოცვაში მოხვდა და სომხური სარწმუნოება მიიღეს. როგორც ჩანს, ან მაჰმადიანობა უნდა მიეღოთ, ან გრიგორიანობა, შესაძლოა, ადარბადაგანის საათაბაგოში მართლმადიდებლობა გაცილებით მიუღებელი იყო, ვიდრე გრიგორიანობა. თამარმა და ლაშამ ორბელების ოჯახს სივნიეთის სომხური პროვინციის ერისთაობა უბოძეს, რაც, ფაქტობრივად, ისინი ყოფილი დაქვემდებარებული ყმების, იმ დროს ყველაზე აღზევებული მხარგრძელების ყმებად, დაქვემდებარებულებად აქცია, რადგან, საქართველოს სომხურ პროვინციებს, ძირითადად, მხარგრძელები განაგებდნენ, რომლებსაც უდიდესი გავლენა ჰქონდათ საქართველოს სამეფო კარზე მეცამეტე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული.
სუმბათ ორბელიანმა მოიფიქრა, პირადად ენახა მონღოლთა დიდი ყაენი და მის მფარველობაში შესულიყო. გაემგზავრა კიდეც ყარაყორუმში. საჩუქრებით მოახერხა ყაენის მონახულება და მისი გულის მოგება, ასევე საჩუქრებით. მიიღო ყაენისგან ოქროს იარლიყი, რაც, ნიშნავდა, რომ პირადად დიდი ყაენის ყმად იქცა, სხვებისგან ხელუხლებელ პიროვნებად. თუმცა, ამან დიდად არ გაჭრა საქართველოში და სუმბათს მეორედ მოუწია გამგზავრება ყაენთან.
სუმბათისთვის მუნქე (მანგუ) ყაენთან მეორედ გამგზავრება და აუდიენცია იყო ძალიან შედეგიანი. მან მოახერხა, დაერწმუნებინა ყაენი, რომ მისგან, მონღოლთა მსოფლიო იმპერიის მპყრობელისგან, გაცემულ ბრძანებებს ჯეროვნად არ აფასებდნენ საქართველოს სამეფოში დიდებულები, რომ მსოფლიო მბრძანებელ ყაენისგან გაცემულ ოქროს იარლიყს არად მიიჩნევდნენ და ყაენის ბრძანების შესრულებას არ აპირებდნენ.
ყაენმა ხელახლა დაუწერა წყალობის სიგელი, იარლიყი და დაუდასტურა ყველა ტერიტორია, რაც ადრე დაუმტკიცა. სუმბათ ორბელიანი ჩააბარა და მისი მფარველობა დაავალა ადამიანს, ამიერკავკასიაში და შეიძლება ითქვას, მთელ მონღოლთა იმპერიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საჭირო კაცს, ჩინგიზიდების სიძეს, უგანათლებულეს პიროვნებას, ქვეყანათა აღმწერს, გადასახადების ამკრეფ ბასკაკთა მთავარს, სარდალ-ნოინს, ამირას – არღუნ აღას, რომელიც რამდენიმე დღით ადრე სუმბათმა ცილისწამების გამო სიკვდილს გადაარჩინა.
უდიდესი წარმატება იყო ეს. პოლიტიკური ხელგშეუხლებლობა, ქონების დაცვა და საგადახადო შეღავათი. საგადასახადო შეღავათის მისაღებად თვით საქართველოს მეფე, დავით ულუც კი ცდილობდა არღუნის გულის მოგებას და უდიდეს დათმობებზე მიდიოდა არღუნ აღასთან. მაშინ არღუნ აღას ეს ყველაფერი შეეძლო.
გამარჯვებული გამოემართა სუმბათ ორბელიანი ყარაყორუმიდან კავკასიისაკენ. არღუნ აღაც მასთან ერთად მოემგზავრებოდა ჩვენი რეგიონისკენ, რომლის ზედამხედველობა კვლავ დაავალეს. არღუნ აღა სუმბათის მოვალე გახდა, სუმბათმა ყაენის კარზე ის სიკვდილს გადაარჩინა, როცა სიყალბეში ამხილა მისი დაღუპვის მოსურნენი. არღუნი წესიერი კაცი იყო და დიდად აფასებდა ასეთ რამეს, პატივისცემა იცოდა, ვალში არ დარჩებოდა, როგორც ყველა უიღური და მონღოლი.
საქართველოს სამეფოში დაბრუნებულმა სუმბათმა და რაც მთავარია, არღუნ ამირმა, ყველას გააგებინეს, რომ ამიერიდან სუმბათ ორბელიანის დაჩაგვრა აღარავის შერჩებოდა, რომ სუმბათი ყაენისა და არღუნის რჩეული ადამიანი გახლდათ. ორბელიანს დაუბრუნეს ყველა მამული, რაც მას ლაშას დროს ჰქონდა და რაც მერე მისცეს მონღოლებმაც სხვისი მამულებიდან. სტეფანოს ორბელიანი მოგვითხრობს: „ხოლო ოდეს მოვიდა სუმბატ სირცხïლეულ იქმნენ მტერნი და წინააღმდეგნი მისნი, რომელ კუალად დაიპყრა ყოველნი ყასაბანი და სოფელნი თïსნი“.
სუმბათმა იცოდა, უამრავი რამ შეიძლება, მომხდარიყო, დროება შეცვლილიყო, მის წინააღმდეგ რაიმე შეიძლება გაეხლართათ ან მისთვის რაიმე დაეშავებინათ, მიუხედავად ყაენისა და არღუნ აღას მფარველობისა და ამიტომ, თავისი დამტკიცებული მამულებიდან ნაწილი გასცა, ეტყობა, დაუბრუნა ძველ მფლობელებს, ხოლო დარჩენილებიდან კვლავ ჩამოყალიბდა ორბელიანთა სახლი, მამული, სამკვიდრო, საერისთავო, სამთავრო. სტეფანოსი ბიძის საქციელს ალამაზებს და მხატვრულად გადმოგვცემს: „გარნა შემდგომად ნებითა თïსითა სიყუარულისა და ერთობისათïს ზოგიერთი მამულთაგანი დაანება სხვათა და სხვა დაიმკïდრა სამკვდრო მამულად გვართა და ძეთა თïსთათïს“.
სუმბათი ყარაყორუმში გამგზავრებულა ჯერ 1251 წელს, მერე 1256 წელს.
მუნქე ყაენს ჰყავდა ძმები – ყუბილაი, ჰულაგუ (ქართული წყაროთი – ულო) და აღრი-ბუღა.
იმ ხანებში მუნქე ყაენმა ჰულაგუს დაავალა ახალი ტერიტორიების დაპყრობა. ჰულაგუმ დაიკავა ირანი, ერაყი, თურქმენეთისა და ავღანეთის უდიდესი ნაწილები, ტაჯიკეთის, პაკისტანის ნაწილი. 1258 წელს დაამხო აბასიდების სახალიფო, მისი ბრძანებით მოკლეს ხალიფა ალ-მუსთასიმი, დახოცეს მთელი აბასიდების საგვარეულო. ჰულაგუს ემორჩილებოდნენ მონღოლთა ვასალები: საქართველოს სამეფო, ტრაპიზონის საკეისრო და რუმის სასულთნო. ჰულაგუს ჯარში მსახურობდნენ საქართველოს მეფეები. ბაღდადის აღებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა მეომრებმაც, დავით ულუს მეთაურობით.
1259 წელს მოკვდა სუმბათ ორბელიანის მფარველი მუნქე ყაენი, ტახტზე ავიდა მუნქესა და ჰულაგუს ძმა, ყუბილაი.
1261 წელს, ძმამ, დიდმა ყაენმა, ყუბილაიმ ჰულაგუ გამოცხადა მისივე დაპყრობილი ტერიტორიების ილხანად (ილყაენად), რაც ნიშნავს ხალხთა ყაენს, აღნიშნულ ტერმინს და მის მნიშვნელობას სხვადასხვა დროში სხვადასხვანაირად განმარტავდენ, თუმცა, ჰულაგუსთან დაკავშირებით მას გარკვეულწილად მეფის ნაცვლის, ვიცე მეფის, ყაენის ნაცვლის, ვიცე ყაენის, უფრო თუ დავაზუსტებთ, დიდი საყაენოს ერთი ნაწილის ყაენის უფლებები გადაეცა.
ჰულაგუს კარზე, მის კონკრეტულ ქვეშევრდომად, მის ამირად, სარდალ-ნოინად დამკვიდრდა არღუნი. არღუნმა, არ დაიტოვა ვალი და ჰულაგუს წინაშე წარადგინა, რეკომენდაცია გაუწია და დააწინაურა მისი სიცოცხლის გადამრჩენი – სუმბათ ორბელიანი:
„ესე დიდითა დიდებითა პატივცემული და შეყუარებულ იქმნა ჰულაგუ ყაენისა მიერ და დაადგინა მან იგი მრავალთა საქმეთა თïსთა ზედა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან