ისტორია

როგორ გაითვალისწინეს მონღოლებმა ჩვენი მეფისა და ანტიოქიის მთავრის თხოვნა ალეპოს აღებისას და ვინ დაინდეს დახოცვისგან

№51

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 31.12, 2021 წელი

ისტორია
დაკოპირებულია

ჩინგიზ ყაენს რამდენიმე ცოლი ჰყავდა და ბევრი შვილი, მაგრამ, უფლისწულის სტატუსი და სახელისუფლო მემკვიდრეობა შეეძლო მიეღო მხოლოდ ოთხ ვაჟს, რომლებიც პირველი და საყვარელი ცოლის, ბორტესგან ჰყავდა: ჯუჩის, ჩაღატას, უგედეის და თოლუის და მათ შთამომავლებს. ჩინგიზ ყაენმა ბორტესთან გაჩენილ შვილებს დიდი საუფლისწულოები, დიდი ულუსები გამოუყო. სხვა შვილებსაც მიენიჭათ პატარ-პატარა ულუსები, შემოსავლისათვის. თუმცა, მთავარი ყაენი უნდა ყოფილიყო უზენაესი მმართველი იმპერიაში.

ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში იმპერიას უმცროსი შვილი, თოლუი მართავდა. თოლუი დიდი პატივით სარგებლობდა იმპერიაში. მონღოლთა შორის ოჯახის, იურტის (კარვის) მმართველად ითვლებოდა უმცროსი ვაჟი, მას რჩებოდა ხოლმე იურტა, კარავი, ოჯახი (ოჯახი მონღოლური სიტყვაა და ქართულად სახლი, სახლეული, კერია შეესაბამება). უმცროსი შვილისთვის სახლის დატოვება შესაძლოა, მონღოლთაგან შემოვიდა ჩვენში, როგორც სიტყვა ოჯახი. ჩინგიზ ყაენს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული მესამე შვილი, უგედეი. 1229 წელს შეიკრიბა ყურულთაი – უფლისწულებისა და დიდებულების კრება და უგედეი ყაენის ტახტზე აიყვანეს.

უგედეი მოკვდა 1241 წელს, ხუთწელ-ნახევარზე მეტი იმპერიას მისი ცოლი მართავდა. შემდეგ ყაენად აირჩიეს უგედეის ვაჟი, გუიუქი. 1251 წელს მოკვდა გუიუქი და მისი ქვრივის სამწლიანი რეგენტობის მერე დიდი ყაენი გახდა თოლუის ვაჟი, მუნქე. მუნქეს ჰყავდა ძმები, ყუბილაი, ჰულაგუ და აღრი-ბუღა.

თოლუის შვილებმა დიდი გავლენა მოიპოვეს იმპერიაში. ირანი, ერაყი, თურქმენეთისა და ავღანეთის უდიდესი ნაწილები, ტაჯიკეთის, პაკისტანის ნაწილი, ჰულაგუს (ქართული წყაროთი – ულო) ჰქონდა დაკავებული. მონღოლთა ვასალები – საქართველოს სამეფო, ტრაპიზონის საკეისრო და რუმის სასულთნო ჰულაგუს ემორჩილებოდნენ.

ჰულაგუს დაევალა ერაყის, სირიისა და ეგვიპტის დაპყრობა. 1259 წელს ჰულაგუმ ეგვიპტის წინააღმდეგ გასალაშრებლად საქართველოს მეფეს, ლაშა-გიორგის ძეს, დავით მეშვიდე ულუს მოუწოდა თავისი ჯარით. საქართველოს მეორე მეფე, დავით ულუს თანამმართველი, მისი მამიდაშვილი, რუსუდანის ძე, დავით მეექვსე ნარინი არ ემორჩილებოდა მონღოლებს და ქუთათისში იყო გამაგრებული.

ჰულაგუს ჯარში იყვნენ ჩინგიზ ყაენის უფროსი შვილის, ჯუჩის ძის, ოქროს ურდოს ახალი მბრძანებლის, ბერქას ჯარისკაცებიც. სანაცვლოდ, ჰულაგუს ბერქასთვის ალაფის მესამედი უნდა გაეგზავნა. ბერქა დაინტერესებული იყო, ჰულაგუ, რაც შეიძლება, მოშორებით ყოფილიყო მისი სამბრძანებლოდან. იკვეთებოდა ჯუჩისა და თოლუის შთამომავალთა ინტრესების დაპირისპირება.

1259 წელს ეგვიპტის სულთანი გახდა მამლუქი ალ-მალიქ ალ-მუზაფარ საიფ ად-დინ ქუთუზი. ამბობდნენ, ჯალალედინის დისა და ბიძის, მამის ძმის, შვილი არისო, მონღოლების მიერ ტყვედ აყვანილი და მონათა ბაზარზე გაყიდული. მანამდე ეგვიპტეს ქურთული წარმოშობის აიუბიდების დინასტია მართავდა. მამლუქებსა და ძველი დინასტიების განაყოფ ამირებს შორის დაპირისპირება იყო, მაგრამ მონღოლების შემოსევამ გაერთიანება აიძულა მათ.

მონღოლებმა გაიარეს შუამდინარეთი და შეიჭრნენ სირიაში. მათ შეუერთდა ანტიოქიის ქრისტიანი მთავარი ბოჰემუნდ მეოთხე თავისი ჯარით.

მაჰმადიანთა ჯარი მდინარე ევფრატის ხეობაში დახვდა მონღოლთა ჯარს. ბრძოლას ჩვენი მეფე და ჩვენი წინაპრები წინამბრძოლობდნენ. მონღოლები ცდილობდნენ, სხვა ეთნიკური რესურსი გამოეყენებინათ წინამბრძოლად, რათა თავისი ნაკლებად დაეზიანებინათ. თუმცა, ეს ხერხი უფრო წინა ათწლეულებს შეეხება. იმ წლებში ვითარება შეცვლილი იყო უკვე. იმდროინდელ ქართველებს არ შეეძლოთ უკანა რიგებში დგომა. მიუხედავად ბოლო ათწლეულებში განცდილი მარცხებისა, რასაც ბედისწერას აბრალებდნენ და რაღაც ვითარებებს, საკუთარ მეომრობაზე და საქართველოზე მაინც განსაკუთრებული შეხედულება ჰქონდათ და ვერ წარმოედგინათ ქართველი, რომელსაც ომში წინამბრძოლობა არ მოესურვებოდა. ჩვენს წინაპრებს შურისძიება სურდათ მაჰმადიანებზე, ჯალალედინის მიერ ტფილისში ჩადენილი სისასტიკის გამო.

სასტიკ ბრძოლაში ორივე მხრიდან ურიცხვი მეომარი დაიღუპა. მაჰმადიანები გაიქცნენ.

მონღოლები და მოკავშირეები მიადგნენ ალეპოს. ექვსი დღე ლოდსატყორცნებს ესროდნენ ქალაქის კედლებს და დაანგრიეს. მთავარმა ციხემ ოთხი კვირა გაუძლო შეტევას. 1260 წლის იანვარში მონღოლებმა აიღეს ალეპო.

მონღოლები ინდობდნენ იმ ქალაქების მოსახლეობას, რომლებიც უბრძოლველად ნებდებოდნენ. მაგრამ, იმ ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებსაც ბრძოლით იღებდნენ, ხოცავდნენ. ალეპოში მაჰმადიანური მოსახლეობა გაწყვიტეს, ქრისტიანული დაინდეს. ეს ჩვენი ხელმწიფისა და ბოჰემუნდ მთავრის დამსახურება იქნებოდა – ალბათ, სთხოვეს ჰულაგუს ქრისტიანების დანდობა. მონღოლებმა იცოდნენ, ალეპოს ქრისტიანები არ იქნებოდნენ მათდამი წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზატორები, ალეპოში ქრისტიანები უმცირესობა იყვნენ და მართვის უფლებები არ ჰქონდათ, ამიტომ, მეფე დავითისა და მთავარ ბოჰემუნდის თხოვნას გაითვალისწინებდნენ.

შემდეგ მიადგნენ დამასკოს, ალეპოს მაგალითით შეშინებული დამასკოელები უბრძოლველად დანებდნენ მონღოლებს.

კიდევ რამდენიმე ქალაქი აიღეს. ევფრატის ნაპირას დააბანაკა ყაენმა ჰულაგუმ თავისი ჯარი დასასვენებლად და წერილი გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს: „ღმერთმა გამოარჩია ჩინგიზ ყაენი და მისი შთამომავლობა მსოფლიოს ბატონებად. ვინც არ დაგვემორჩილა, განადგურდა ცოლებთან, შვილებთან, ახლობლებთან და მონებთან ერთად. დაეცა მათი ქალაქები. ჩვენი ჯარის დიდება გავრცელდა ქვეყანაზე. დაგვმორჩილდი, გამოგვიგზავნე ხარკი და ეახლე ჩვენს ნოინს მორჩილების ნიშნად. ან მოემზადე ომისთვის“.

იმ დროს მონღოლთა ბანაკში მიიტანეს ცნობა ჰულაგუს ძმის, დიდი ყაენის, მუნქეს გარდაცვალების შესახებ. ჰულაგუ უნდა გამგზავრებულიყო ყარაყორუმში, ყურულთაიზე დასასწრებად.

დავით მეფემ ჰულაგუს სამშობლოში გაშვება სთხოვა, რადგან დიდი ხნის წამოსულები იყვნენ, ქვეყანას კი მიხედვა სჭირდებოდა. ჰულაგუმ გამოუშვა ქართველები. თვითონ იძულებული იყო, წასულიყო მონღოლეთში, მონაწილეობა უნდა მიეღო დიდი ყაენის არჩევაში. მუნქე ყაენის გარდაცვალების შემდგომ გაიზრდებოდა ბათო ყაენის ძმის, ბერქას ამბიციები. ბერქასა და ჰულაგუს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო ადარბადაგანი, შირვანი და სხვა ტერიტორიები.

ამგვარად, ჰულაგუ (ულო) იძულებული იყო, ფრთხილად ყოფილიყო. მას თავის მიერ დაკავებული ტერიტორიების მბრძანებლობა უნდოდა. ვერც თავისი უმთავრესი მოკავშირის, დავით ულუს ჯარს შეელეოდა. ქართველები კარგ და ერთგულ მეომრებად მიიჩნეოდნენ და ამიტომ ქართული ნაწილები ახლოს უნდა ჰყოლოდა ჰულაგუს. თუ ბერქა შემოიჭრებოდა კავკასიაში, ჯობდა, აქ მოწინააღმდეგედ ჰულაგუს მონღოლებთან ერთად დახვედროდა ჩვენი ხელმწიფეც თავისი ჯარით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...