ისტორია

როგორ ექცეოდა ჯალალედინი საკუთარ დიდებულებს და რით სჯობნიდა ის რუსუდანის სამეფო კარს

№40

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 17.10

ისტორია
დაკოპირებულია

ტფილისის აღების შემდგომ ჯალალედინს ირანში წასვლა და მონღოლებთან ბრძოლა მოუწია. ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი სულთანი ბრაზობდა პირად თანამებრძოლებზეც კი და ტირანულად ექცეოდა მათ.

მისი მეხოტბე, მონღოლთა მსახური ისტორიკოსი ჯუვეინი წერს: „სულთანი გულმოსული იყო თავისი ამალის დიდებულთა უმეტესობაზე. მან ბრძანა, მოეგვარათ ის ხანები და მეთაურები, ვინც ხელმწიფის ახლობლები და მისი სამეფო კარის სახელმოხვეჭილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ბრძოლის დღეს არაფერი გაუკეთებიათ. მათ თავზე ქალის ლეჩაქები დაახურეს და ქალაქის უბნები შემოატარეს.

იმ ხალხს, ვისაც ამირობის ხარისხი არ ჰქონდათ, მაგრამ იმ დღეს, რომელიც განკითხვის დღე იყო, ბრძოლის ველზე დაწინაურდა, მაგრად გაიდგა ფეხი და ერთგულად იდგა, ზოგს ხანობის წოდება უბოძა. ზოგსაც – მალიქობისა და საპატიო ხალათები და სხვა საჩუქრები, აღაზევა ისინი და განადიდა“.

ტირანის საქართველოდან გასვლით ისარგებლეს ქართველებმა და ტფილისი დაიბრუნეს.

ჯალალედინმა გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო საქართველოში და შური ეძია მისი ვეზირისა და გარნიზონის ტფილისიდან განდევნის გამო.

„625 წელს (1227 წლის 12 დეკემბრიდან – 1228 წლის 29 ნოემბრამდე) იქიდან საქართველოში წავიდა.”

ჩვენი მეზობელი მაჰმადიანი მმართველები დარწმუნდნენ, რომ ჯალალედინი ისლამის მცველი კი არა, ჩვეულებრივი მძარცველი იყო, რომელიც ანადგურებდა ყველაფერს და ყველას, ვისაც მოერეოდა, ვისაც ვერ მოერეოდა, გაურბოდა. ამიტომ, გადაწყვიტეს, ქართველებთან ერთად შებრძოლებოდნენ მას. ჯუვეინი წერს: „რაკი რუმის, შამის, სომხეთისა (იგულისხმება მაჰმადიანთა მიერ დაპყრობილი სომხეთის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში არ შემოდიოდა) და იმ მხარეთა სულთნებს ეშინოდათ მისი სიმკაცრისა და შურისძიების, მძვინვარე იერიშისა და გაბედული თავდასხმის, ერთმანეთს შეუთანხმდნენ და მის განსადევნად გაერთიანდნენ. ქართველთა, ალანთა, სომეხთა, სარირების, ლეკების, ყივჩაყთა, სვანების, აფხაზთა, ჭანების, სირიელების და ურუმთა ლაშქარი გაერთიანდა იმ ხალხთან ერთად, ვინც განგების ცეცხლზე იყო ნაწრთობი და მებრძოლთა შორის რჩეული“.

ჯუვეინი ტყუის. ჯალალედინმა შეიტყო ამ კოალიციის შექმნის გეგმის შესახებ. რუსუდანის მოშლილი სამეფო კარისგან განსხვავებით, ხორეზმელს კარგად ორგანიზებული სადაზვერვო სამსახური ჰქონდა. დაასწო და შემოიჭრა საქართველოში, სანამ ჩვენი მეზობელი მაჰმადიანი მთავრები მოვიდოდნენ თავისი ჯარით. რაც მოასწრეს ჩვენებმა, ჯუვეინის მიხედვით, ყივჩაღების 20 000 მეომარი, დაიქირავეს, ანუ იმდენივე, რაც თვითონ ჰყავდათ.

ქართველები ბოლნისთან დახვდნენ მტერს.

ჯუვეინი განაგრძობს: „სულთანი მათს სიახლოვეს მივიდა მინდორზე და ჩამოხდა. იგი შეშფოთებული იყო შეიარაღების ნაკლებობით და მახვილოსნებისა და შუბოსნების უყოლობით, აგრეთვე მტრის მომრავლებით და თავისი ბედის ცვალებადობით”.

ჯუვეინი ისევ ტყუის ქართველების სიძულვილის გამო და ისე გამოჰყავს, თითქოს სულთანს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. რაც არ არის მართალი.

ჯუვეინი განაგრძობს: „ჯალალ ად-დინმა რჩევა ჰკითხა ვაზირ იულდუზჩისა და სხვა დიდებულებს. იულდუზჩიმ მოახსენა: „რაკი ჩვენი ხალხის რაოდენობა იმათ მეასედსაც არ შეადგენს, მინდორიდან წავიდეთ და იმათ გზა მოვუჭრათ წყლისა და საწვავისაკენ, რათა სიცხისაგან თვითონაც დასუსტდნენ და ცხენებიც დაუმჭლევდეთ. ჩვენი სხვა რაზმებიც, რომლებიც სხვადასხვა მხარეს არიან, ამასობაში მოაღწევენ. მაშინ სრული ძალითა და გამჭრიახობით შევუდგებით საქმეს და ომზე ვიფიქრებთ“.

„სულთანი უზომოდ განრისხდა ამაზე და, წინ რომ სამელნე ედგა, ვაზირს თავში სთხლიშა. თან ბრძანა, „ეგენი ცხვრის ფარას წარმოადგენენ და ლომს რა აქვს საწუწუნო მათი სიმრავლის გამო?“

იულდუზჩიმ თავისი უხეირო ნათქვამი მოინანია და ჯარიმად 50 000 დინარი გადაიხადა. ჯუვეინის ამ მონათხრობში კიდევ ერთხელ ჩანს რა დესპოტი და არაადამიანი იყო ჯალალედინი, რჩევის გამო ვეზირებს სცემდა და ჯარიმად ფულს ართმევდა.

ჯუვეინი განაგრძობს: „თუმცა მძიმე და ძნელი საქმეა, მაგრამ ერთადერთი საშველი ბრძოლა და ღვთის წყალობაზე მინდობაა. არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს.

ხაზინის კარი გახსნეს და ცხენის ჯოგები მორეკეს; ამირებმა და დიდებულებმა, საშუალო და მდაბიო მეომრებთან ერთად, რაც კი შეეძლოთ, აიღეს და მოემზადნენ“.

აღმოსავლელებს ძალიან ახასიათებდათ მტრის ჯარის მრავალრიცხოვნად, ხოლო საკუთარის მცირერიცხოვნად წარმოჩენა. ჯუვეინი განაგრძობს:

„როცა მოწინააღმდეგის რაზმებმა მოაწიეს დაფითა და ბუკით, მამალი და დედალი აქლემებით და ერთმანეთის მიყოლებით დაეწყვნენ მწკრივებად ომისთვის მომზადებულნი, სულთნის ლაშქარი თავის თავთან შედარებით ზღვის მცირე ნაკადულად და თავის მოედანზე ბურთად ეჩვენათ“.

ჯალალედინმა აჯობა ჭკუით რუსუდანის სარდლებს. ჩუმად ხალხი გაუგზავნა ყივჩაღებს და დიდი საჩუქრები შესთავაზა:

„როცა ქართველთა ლაშქარი მოვიდა, სულთნის ჯარმაც იარაღი აისხა. სულთანი მათ დასათვალიერებლად ერთ მაღალ გორაკზე ავიდა. მარჯვნივ ყივჩაყთა დროშები და ალმები და 20 000 რჩეული კაცი დაინახა. სულთანმა ყოშყარს უხმო, ერთი პური და ცოტაოდენი მარილი მისცა და ყივჩაყებთან გაგზავნა. მან მოაგონა ის ამბავი, რომ მამამისის მეფობაში, იმ დროს, როცა ისინი დამონებული და დამცირებული იყვნენ, სულთანმა თავისი ეშმაკური მახვილსიტყვაობით დაიხსნა ისინი ამისგან და მამასთან უშუამდგომლა. თან დასძინა: „ნუთუ ახლა იმ ამბის სამაგიეროდ მახვილს იშიშვლებთ ჩემ წინააღმდეგ?“.

ჯალალედინმა შესთავაზა ყივჩაღებს, მიეტოვებინათ ქართველები. ალბათ, გაუგზავნა მეტი თანხა, ვიდრე ქართველებისგან აიღებდნენ ბრძოლაში ქართველების დახმარების სანაცვლოდ.

ადრე, ხორეზმშაჰების ჯარშიც მსახურობდნენ ყივჩაღები. ჯალალედინის მოქმედ ჯარშიც იყვნენ სხვა დაქირავებული ყივჩაღები, რაც მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნებოდა ჯალალედინის მხრიდან ქართველების მიერ დაქირავებულ ყივჩაღებთან მოლაპარაკებისას.

ყივჩაღები განაწყენებული იყვნენ მეფე რუსუდანზე. რამდენიმე წლით ადრე მან არ მიიღო ისინი ქვეყანაში. მაშინ, ყივჩაღებთან ორი შეტაკებაც მოხდა. პირველად ყივჩაღებმა გაიმარჯვეს, მეორე ბრძოლაში კი ჩვენმა ჯარმა სძლია და გარეკა. ეს მწარედ ახსოვდათ ყივჩაღებს.

რუსუდანის სარდლებს ყივჩაღთა კარვებთან დაცვა არც ეყენათ.

ჯალალედინის პურმარილმაც გაჭრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა