ისტორია

რატომ უთხრა საყვედურები იოანე-თორნიკემ ბიზანტიის დედოფალს

№26

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 07.07

ისტორია
დაკოპირებულია

ბიზანტიის კეისარმა დავით მესამე კურაპალატს ტაოს მომიჯნავე მიწები გადასცა. სანაცვლოდ, იმპერატორმა მძევლები მოსთხოვა ქართველ მეფეს, დიდებულთა შვილები, ვინაიდან, დავით მეფეს ვაჟი არ ჰყავდა (ალბათ, არც ასული). დიდებულების შვილების მძევლად აყვანით ბიზანტია ცდილობდა, შეეკავებინა ქართული სახელმწიფოს ამბიცია. მძევალთა შორის მოხვდა ულუმბოს მთაზე დამკვიდრებული ბერი იოანეს (ერისკაცობაში ვარაზ–ვაჩე ჩორდვანელის) პატარა ვაჟიც, ეფთვიმე (ექვთიმე).

მძევალთა ამბავი გახმაურდა და წმიდა იოანემაც შეიტყო. იძულებული გახდა, საჯაროდ გამოჩენილიყო და კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. მამა იოანე პატივით მიიღეს იმპერატორის სასახლეში. კეისარმა უარი ვერ უთხრა და მამამ შვილი თან წაიყვანა ულუმბოს მთაზე. დაახლოებით 965 წელს, მამა იოანე, შვილთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ულუმბოდან ათონს გაემგზავრა.

დავით კურაპალატის კარზე მსახურობდა მამა იოანეს ძმაც, სარდალი თორნიკე. მრავალბრძოლაგადახდილმა თორნიკემაც გადაწყვიტა, თავი მიეძღვნა ქრისტესთვის და მამა იოანეს საძებნელად ულუმბოს გაემგზავრა, რადგან ძალიან უყვარდა. ულუმბოს მთაზე აღარ აღმოჩნდა მამა იოანე. თორნიკემ ფარულად გამოიკითხა და გაიგო, რომ მისი ძმა, ბიზანტიის მეფეთა საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, მთაწმინდას (ათონზე) გადასულიყო. ბიზანტიის იმპერიაში ყველაფერი კონტროლდებოდა და ამიტომ, ასეთი სახელგანთქმული სარდლების გადაადგილება სახელმწიფოსთვის საინტერესო იყო. გაემგზავრა თორნიკე ათონზე და მამა იოანეს ხელით მონაზვნად ეკურთხა და ეწოდა იოანე.

მამა იოანე და სხვა ქართველები მთაწმინდაზე წმიდა ათანასეს ლავრაში მოღვაწეობდნენ. თორნიკეს სარდლობისა და სახელგანთქმულობის შესახებ სმენოდა მამა ათანასეს და ძალიან შეიყვარა იგიც.

976 წელს ბიზანტიის ჭაბუკი კეისრის, ბასილი მეორისა და მისი თანამოსაყდრე ძმის, კონსტანტინეს წინააღმდეგ, რომლებიც სომხური წარმომავლობის დინასტიიდან იყვნენ, მაკედონელთა სახელწოდებით, დაიწყო აჯანყება, ასევე, სომხური წარმოშობის სარდლის, ბარდა სკლიაროსის მეთაურობით. აღმოსავლეთის პროვინციები მთლიანად ბარდას ხელში გადავიდა. იმპერატორადაც აკურთხეს მომხრეებმა.

ჭაბუკი იმპერატორები და მათი დედა-დედოფალი თეოფანა დასავლეთში, კონსტანტინოპოლში იყვნენ გამაგრებული, უფრო სწორად, გამომწყვდეული. კონსტანტინოპოლის სამეფო კარმა გადაწყვიტა, დახმარებისთვის დავით კურაპალატისთვის მიემართა. აღმოსავლეთით გზები ჩაკეტილი ჰქონდა სკლიაროსს. გარდა ამისა, დავით კურაპალატისთვის წერილის გასაგზავნად და მის დასაყოლიებლად უნდა შერჩეულიყო ძალიან ერთგული და საქმეში ჩახედული ადამიანი. კონსტანტინოპოლში შიშობდნენ, სკლიაროსს არ მიმხრობოდა დავით კურაპალატი. ამ ვითარებაში გამოარკვიეს, რომ ათანასეს ლავრაში იმყოფებოდნენ ქართველთა მეფის ყოფილი სარდლები. დედოფალმა სასწრაფოდ სევასტოფორი (იმპერატორის პირადი გამომცხადებელი, წარმდგენი) გააგზავნა ათონზე და თავისი შვილების სახელით, სათითაოდ, ვრცელი წერილები მისწერა მამა იოანეს, მამა ათანასესა და მამა იოანე-თორნიკეს: „უღმერთო სკლიაროსი განგვიდგა და დაიპყრო მთლიანად აღმოსავლეთი. ვევედრებით სიწმინდესა თქვენსა, ყოველი მიზეზის გარეშე, აუცილებლად მოვიდეს ჩვენთან იოანე-თორნიკე“...

ათანასე და იოანე დიდ უხერხულობაში ჩავარდნენ, ბევრი ეხვეწნენ თორნიკეს. იოანე-თორნიკე ძალიან შეწუხდა და უთხრა: „მე ჩემი ცოდვების გამო მოვედი ამ წმიდა ადგილას და შეუძლებელია, ჩემი წასვლა მეფეებთან, რადგან ვიცი, რისთვისაც მიხმობენ. ღვთის მადლით, ბერად აღვიკვეცე და ამიერიდან მეფეებთან არაფერი მესაქმება. გევედრებით, ღვთის სიყვარულისთვის შემინდეთ და ნუ მაიძულებთ წასვლას, ნუ ჩამაგდებთ ამსოფლიურ შფოთში“.

მთელი ერთი კვირა ამ საკითხზე კამათში გავიდა. ბოლოს მამა ათანასემ და მამა იოანემ თავის თავზე აიღეს ყველა ცოდვა, რაც თორნიკეს შეიძლება, ჩაედინა და მაინც დაარწმუნეს წასულიყო.

ძმებ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს, ჯერ არ ჰქონდათ ძალაუფლება და ქვეყანას დედოფალთან ერთად მართავდა პარაკიმენონი (მესაწოლეთა უხუცესი) – ბასილი ლაკაპინოსი, საჭურისი, იმპერატორ რომან პირველი ლაკაპინოსის უკანონო შვილი.

მივიდა თუ არა იოანე-თორნიკე კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე, პარაკიმენონმა სასწრაფოდ შეიყვანა სამეფო დარბაზში. კეისრები და დედოფალი ფეხზე წამოუდგნენ, პატივით მოიკითხეს და გვერდით დაისვეს ქართველი ბერი. დედოფალმა უბრძანა და ახალგაზრდა იმპერატორები ფეხებში ჩაუვარდნენ, დაუჩოქეს ქართველთა ყოფილ სარდალს.

მამა იოანე-თორნიკემ ამხილა დედოფალი ზოგიერთ საკითხში, მათ შორის ქართველთა შევიწროების გამო სხვადასხვა ტერიტორიებზე. დედოფალმა ბოდიში მოიხადა და აღუთქვა: „რასაც მიბრძანებ, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ წაბრძანდი დავით კურაპალატთან და ჩვენი გაჭირვება ამცნე“.

დაწერეს დახმარების სათხოვნელი წერილი დავით კურაპალატისადმი და გამოატანეს მის ყოფილ სარდალს. დავით მესამემ ძალიან გაიხარა თავისი ყოფილი თანამებრძოლის ხილვით. წაიკითხა იმპერატორების წერილი, გამოჰკითხა თორნიკეს საქმის ვითარება და გადაწყვიტა, დახმარებოდა კონსტანტინოპოლს სკლიაროსის წინააღმდეგ. მისი სამეფო ამით მოგებული გამოვიდოდა. 12 000-კაციანი ქართული შენაერთების სარდლად თორნიკე დაინიშნა, ჯოჯიკთან ერთად. თორნიკემ თავისი და მეფის წერილები გადაუგზავნა კონსტანტინოპოლს და ამცნო კურაპალატის მოთხოვნები. სამაგიეროდ კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარმა, ქართველ მეფეთა-მეფეს გადასცა: ბასიანს გადაღმა ქვეყნები, ბიზანტიის დაქვემდებარებაში რაც იყო ან რაზეც პრეტენზია ჰქონდა კონსტანტინოპოლს; ბასიანის სამხრეთით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობების ტერიტორიები; არზრუმის ოლქი მთლიანად, ხლათი, ვანის ტბის გარშემო და მის მომიჯნავედ არსებული მიწები, რომელიც სიცოცხლეში მას უნდა ჰქონოდა.

კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარმა ბრძოლაში მიმავალ თორნიკეს შემოუთვალა: „ვიცით, ღმერთი შეგეწევათ, ჩვენი მოწინააღმდეგენი დაატყვევეთ და ყველაფერი, რაც ალაფი იქნება, თქვენი იყოსო“.

ქართული ჯარი დაეხმარა ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ მებრძოლ ბიზანტიელ სარდალ ბარდა ფოკას და 979 წლის მარტში დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი. დააპატიმრეს ყველა დიდებული, ვინც მიემხრო სკლიაროსს და მათი ქონების კონფისკაცია მოახდინეს. ნაწილი ქართულ-ბერძნულ ლაშქარს გაუყვეს, დიდი ნაწილი თორნიკე ერისთავს გადაეცა, შეპირებისამებრ. ალბათ, ნაწილი დავით კურაპალატს არგუნეს, ნაწილი კი – ფოკას. იოანე-თორნიკე ეახლა საიმპერატორო კარს, სადაც დიდი სიხარულით მიიღეს გამარჯვებული სარდალი. შემდეგ ათონისკენ გაემგზავრა კვლავ. წმიდა მამები დიდი სიხარულით შეხვდნენ ძმას.

იოანე-თორნიკეს მიერ მოპოვებული თანხით დიდი ქართული საქმეები გაკეთდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი