ისტორია

რა დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე ვახტანგ გორგასლის დედას, დედოფალ საგდუხტს

№44

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 08.11

ისტორია
დაკოპირებულია

მირდატ მეფეს ცოლად ჰყავდა რანის (ბარდავის) სპარსული წარმოშობის მმართველის, სპარსეთის შაჰის ქვეშევრდომის, სახელად ბარზაბოდის ასული, საგდუხტი. ჩვენი დედოფლის ცეცხლთაყვანისმცემელ მამას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა სპარსეთში და მტრობდა, თურმე, ქრისტიანებს. მაგრამ, დინასტიურმა ქორწინებამ მეზობლებს შორის მშვიდობა ჩამოაგდო.

საქორწინო ხელშეკრულების თანახმად, საგდუხტს შეეძლო, შეენარჩუნებინა თავისი სარწმუნოება – მაზდეანობა. თუმცა, დედოფალმა ქრისტიანობაში დაინახა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მოინათლა და მტკიცედ იდგა ქრისტიანობის სადარაჯოზე. მან ააშენა სამშვილდის სიონის ტაძარი. რომელიც, სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს.

ახალგაზრდა მეფე-დედოფალს პირველად ასული შეეძინათ, რომელსაც უწოდეს ხვარანძე.

სამეფოს სჭირდებოდა მემკვიდრე უფლისწული. მეფე და დედოფალი გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, ეჩუქებინა მათთვის ვაჟი. უფალმაც არ დააყოვნა წყალობა და დაიბადა უფლისწული, რომელსაც დაარქვეს სპარსულად – ვარან-ხუასრო-თანგ, ქართულად – ვახტანგი. ექვსი წლის შემდეგ სამეფო ოჯახში დაიბადა კიდევ ერთი ასული, მირანდუხტი.

შემდეგ წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მირდატ მეფე. მაშინ ვახტანგ უფლისწული შვიდი წლის იყო. ქმრის გარდაცვალებამ ძალიან დაამწუხრა დედოფალი. განსაკუთრებით შეშინდა თავისი პატარა შვილების გამო, რადგან იბერიას სპარსეთისა და მამამისის სახით დიდი მეტოქე ჰყავდა კავკასიაში.

არჩილ და მირდატ მეფის მიერ მიყენებული ზიანი მწარედ ახსოვდათ სპარსებს. საგდუხტ დედოფლის მამა კი სპარსეთის წარმომადგენელი და ინტერესების გამტარებელი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში. სპარსელები აუცილებლად ისარგებლებდნენ ვახტანგის არასრულწლოვნებით, შეეცდებოდნენ იბერიის დაკავებას, ქართლში ქრისტიანობის შევიწროებას, მაზდეანობის გავრცელებას და, შესაძლო იყო, ამ ვითარებას თვით სამეფო ოჯახიც შესწირვოდა, რადგან სპარსებისთვის ქართლის სამეფო ოჯახი მტრად ითვლებოდა.

„ვაითუ, შური იძიოს მამაჩემმა ჩემი მამამთილისა და ქმრის მოქმედებების გამო, რომლებმაც ბევრჯერ მიაყენეს მას ზიანი; ვაითუ, შური იძიოს ჩემზე, მაზდეანობის უარყოფისა და ქრისტიანობის მიღებისათვის, მოკლას ჩემი შვილი, ააწიოკოს ქართლი და ქრისტეს სჯულს საფრთხე შეუქმნას...“ – ფიქრობდა საგონებელში ჩავარდნილი ქართლის ქვრივი დედა-დედოფალი, დღედაღამ ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს შველას.

ქრისტიანული იბერიის სპარსყოფილმა ქრისტიანმა დედოფალმა გადაწყვიტა, სამეფო ოჯახისა და ქართლის გადასარჩენად მაზდეან მამას ხლებოდა. მოიწვია იბერიის დიდებულები, მწარე ცრემლებით შეავედრა თავისი შვილები, სპასპეტსა და ერისთავებს ჩააბარა და ბარდავს გაემგზავრა, მამასთან მშვიდობის სათხოვნელად.

დედოფალი საგდუხტი ბარდავში ჩავიდა, ეახლა მამას სასახლეში, თავსაფარი მოიხადა, თმა გაიშალა, მკერდი მოიშიშვლა მწუხარებისა და მორჩილების ნიშნად, მუხლებზე დაეცა და ფეხებში ჩაუვარდა მკაცრ მაზდეანს. ცრემლებით დაალტო მამის ფეხები და ითხოვდა შეწყალებას, მისი ქმრისა და მამამთილის მიერ გამწარების გამო შურისძიებაზე უარის თქმას, მაზდეანობის დატევებისთვის პატიებას. ევედრებოდა, არ მაიძულო ქრისტიანობაზე უარის თქმა, რადგან ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთიო. ევედრებოდა ქართლის დედოფალი ცეცხლთაყვანისმცემელ მამას, ჩემი შვილი თავის მამულში დარჩესო და სთხოვდა, სპარსთა მეფის წინაშე გვიშუამდგომლე მე და ჩემს შვილებსო.

გული მოულბა ქართველთა მტერს. ბარზაბოდმა, რომელიც გამზადებული იყო უმეფოდ დარჩენილი ქართველებისთვის ბოროტის მისაგებად, შეიწყალა თავისი ასული, არ აიძულა ქრისტიანობის დატევება და მისი ყველა თხოვნა შეასრულა. სარწმუნოების შესახებ კი განაცხადა: იძულებით არც სხვა ქართველებს დავატოვებინებთ ქრისტეს სჯულს, მაგრამ გავგზავნი ცეცხლის მსახურებს თქვენს დედაქალაქში და იქნებიან იქ ჩვენი მღვდელმთავრები. რომელი ქართველიც თავისი ნებით აირჩევს მაზდეანურ სარწმუნოებას, ნუ დაუშლითო.

საგდუხტმა შიშით სთხოვა მამას, სახლში გამოეშვა და დაბრუნდა ქართლში.

ბარზაბოდმა გამოგზავნა მცხეთაში ცეცხლისმსახური მოგვები, რომელთა უფროსი იყო ვინმე ბინქარანი და დაბანაკდნენ მოგვთა უბანში.

საგდუხტ დედოფალი მართავდა სამეფოს მამამისის დახმარებით და თავისი შვილის, მცირეწლოვანი მეფე ვახტანგის სახელით, დაახლოებით ისე, როგორც ევროპელებშია მიღებული რეგენტის ინსტიტუტი. გავიდა ხანი, მოკვდა ბარზაბოდი და მის მაგიერ სპარსთა მეფემ ბარდავის მთავრად დაადგინა ბარზაბოდის ძე – ვარაზ-ბაკური, საგდუხტ დედოფლის ძმა და ვახტანგის ბიძა. იმავე ხანებში გარდაიცვალა ვახტანგ უფლისწულის მამამძუძე – საურმაგ სპასპეტი.

მეფე ვახტანგის სახელით დაადგინეს სხვა სპასპეტი, რომელსაც ერქვა ჯუანშერი.

ბინქარანი, ცეცხლისმსახურ მოგვთა ხელმძღვანელი, ქართველებს მაზდეანობას ასწავლიდა და სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა, გადაებირებინა ისინი. წარჩინებულები და განათლებულები არაფრად აგდებდნენ მის სწავლებას, მაგრამ ღარიბი მოსახლეობის ნაწილი მაინც გადაიბირა, რადგან სხვადასხვა ბერკეტი ჰქონდა ხელში.

ამ დროს სხვა განსაცდელის წინაშეც იდგა ქართლი: თურმე, სპარსული წარმოშობის მთავარეპისკოპოსი მობიდანი ფარულად მანიქევლობის მწვალებლობისკენ ყოფილა მიდრეკილი. მანიქეიზმი ქრისტიანობისა და მაზდეანობის ერთგვარი ნაზავი იყო. რა თქმა უნდა, ქართლში ის არ იყო აღიარებული, მაგრამ, გადმოცემით, მობიდანი ფარულად მისდევდა, თურმე, ამ ერესს და წერდა მაცდურ წიგნებს. ესეც სპარსეთის ინტერესებში შედიოდა, თუკი საქართველო ქრისტიანობას განუდგებოდა.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქართლი სარწმუნეობრივი და სახელმწიფო კრიზისის წინაშე იდგა.

ძალიან წუხდა საგდუხტ დედოფალი, მაგრამ სპარსთა მძლავრების გამო ხმამაღლა ვერაფრის თქმას ბედავდა. მაშინ მოიყვანა ბიზანტიიდან მღვდელი ჭეშმარიტი (ანუ მართლმადიდებელი), სახელად მიქაელ და დაადგენინა ქართლის ეკლესიის მთავარეპისკოპოსად. იმ დროს მობიდან მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო.

მიქაელ მთავარეპისკოპოსი წინ აღუდგა ბინქარან მაცდურს და ენერგიულად ცდილობდა ქართველთა შორის ქრისტიანობის განმტკიცებას. ქვეყნის წარჩინებულები და ერის დიდი ნაწილი მყარად გახდა მისი მრევლი. მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა ცეცხლის მსახურად, მათ შორის, მცხეთაში მცხოვრები სპარსელები.

ათი წლის რომ იყო ქართველთა მეფე ვახტანგ პირველი, ახალი განსაცდელი დაატყდა ჩვენს სამშობლოს. ჩრდილოეთ კავკასიის ველებიდან ქართლში შემოიჭრნენ ოსების ბრბოები და მოაოხრეს მტკვრის სანაპირო ხუნანამდე. ქალაქებიდან და ციხეებიდან მხოლოდ კასპი აიღეს, მაგრამ სოფლები გაძარცვეს და ბევრი დაატყვევეს. ტყვედ წაიყვანეს კასპელები, მათ შორის მეფის ასული მირანდუხტი, მეფის მცირეწლოვანი და, რომელიც იმ დროს 3 წლის იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა