ქმრის შვილები ხელისგულზე გავზარდე, ჩემს შვილზე კი უარი ვთქვი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.04
სიყვარულით არ გავთხოვილვარ. საკმაოდ შეჭირვებულ ოჯახში ვიზრდებოდი. სამი დედმამიშვილი ვიყავით. მამა სულ სვამდა, დედა კი სულ მუშაობდა, რომ თავი გაგვეტანა. ცდილობდა, მამის დანაკლისი შეევსო ჩვენთვის და მაქსიმალურს აკეთებდა. ჩვენ დამჯერე ბავშვები ვიყავით, დედას ხელს ვუწყობდით, მის სიტყვას ვითვალისწინებდით.
და-ძმებში მე უფროსი ვიყავი და სულ მეუბნებოდა: შვილო, თუ ვინმე ხელის მთხოვნელი გამოჩნდა, უარი არ თქვა. ხომ ხედავ, მამაშენი თქვენზე არ ფიქრობს და ბედს ეწიე, შენი გზა მონახეო. მე კი მინდოდა, მესწავლა და პედაგოგი გავმხდარიყავი, ამიტომ სულ ვკითხულობდი და ფრიადებზე ვსწავლობდი. ჩვენს უბანში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, შორიდან საკმაოდ კარგი ხალხი ჩანდა, თუმცა ახლო კონტაქტი არ გვქონია. ისიც მრავალშვილიანი ოჯახი იყო, ეროვნებით იეზიდები. ვერ ვიტყვი, ფული გადასდიოდათ-მეთქი, მაგრამ არც უჭირდათ. მეზობლის ქალმა უთხრა დედას: მგონი, იმათ ბიჭს შენი გოგო უყვარს და რა ვიცი, იეზიდს როგორ გააყოლებთ ქართველსო. დედამ, მახსოვს, გაუღიმა და უპასუხა: ოღონდ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს და ეროვნებას რას დავეძებო. მე კი ნამდვილად არ მინდოდა გათხოვება. განა იმიტომ, რომ ის ბიჭი ქართველი არ იყო, იმიტომ რომ არც ვიცნობდი, დანახული კი მყავდა და თან სწავლის გაგრძელებაზე ვოცნებობდი. მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ გასაქანი არ მომცა, ხან რა მომიტანა საჩუქრად, ხან – რა... ისეთ ძვირად ღირებულ საჩუქრებს მჩუქნიდა, ჩემს მეგობრებს თვალები რჩებოდათ. მეც უარს ვერ ვეუბნებოდი და ვართმევდი. ბოლოს, რომ მითხრა, ჩემებს კი არ უნდათ სხვა ეროვნების ცოლი მყავდეს, მაგრამ მე მიყვარხარ და შენზე უარს არ ვიტყვიო, გავიპრანჭე. ისიც ვუთხარი, რომ არ მიყვარდა, მაგრამ იმდენად მიფრთხილდებოდა, იმდენად მანებივრებდა და თავს მევლებოდა, გადავწყვიტე, გავყოლოდი. მის მშობლებს ნამდვილად არ ეპიტნავებოდათ ჩემი რძლობა, მაგრამ ცალკე სახლში ვცხოვრობდით და იმდენად შეხება არ გვქონდა. ბავშვი რომ გამიჩნდა, მაშინაც ვგრძნობდი, რომ არ მიყვარდა და უბრალოდ, ცოლის მოვალეობას ვასრულებდი. ამას ხვდებოდა ჩემი ქმარი და ბრაზობდა. თუმცა, არც ვმალავდი. ბოლოს, კამათი მოგვივიდა, მეშჩანი და ფულის მონა მეძახა. მითხრა: ვიცი, რატომაც გამომყევი, ჩემი ფული და ქონება გინდაო. არც მე დავიხიე უკან და ვიკამათეთ. მის გვერდით გაჩერება აღარ მინდოდა, მაგრამ სახლშიც ვერ დავბრუნდებოდი. იქამდე მივიდა ჩვენი ურთიერთობა, რომ თავად მოვთხოვე განქორწინება. ამაზე სულ გადაირია და მითხრა: მე ბავშვს არ გაგატან და შენ წაბრძანდი, სადაც გინდა, მაინც ვიცი, არ ხარ ჩემ გვერდით დიდხანს გამჩერებელიო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უსიყვარულოდ ცხოვრებას, გაშორება ვამჯობინე. ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ბავშვი არ გამომატანა. დედამისი მიიყვანა და ის ზრდიდა, მე კი მამიდაჩემთან ვცხოვრობდი. მივდიოდი ბავშვის სანახავად და მაშინაც საშინელ დღეში მაგდებდნენ. დამოუკიდებლად ვერ გავზრდიდი შვილს და ვიფიქრე, მუშაობას დავიწყებ, მოვაგროვებ ცოტა ფულს, სწავლას გავაგრძელებ და მერე წამოვიყვან ბავშვს-მეთქი. გავიდა წლები, ვიმუშავე, მაგრამ რას დავაგროვებდი? ვერც სწავლა გავაგრძელე და მამიდაჩემთანაც აღარ მედგომებოდა. გამირიგეს მამაკაცი, რომელსაც ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა. მისგან ორი შვილი დარჩა და დამოუკიდებლად ზრდიდა. მას გავყევი ცოლად, დავიწყეთ ერთად ცხოვრება და აგერ უკვე ათი წელი გავიდა. მისი შვილები, რომ იტყვიან, ხელისგულზე გავზარდე, მე მეტი არ გავაჩინე... საკუთარი შვილი კი დავკარგე. ისეთი დისტანცია აქვს, უჭირს ჩემთან კონტაქტი. მამამისი საკმაოდ მშრომელი ადამიანია, სულ საშოვარზეა გასული და მას დედინაცვალი და ბებია ზრდის. მე კი ჩემი ქმრის შვილებს ვზრდი და ჩემი საკუთარი შვილი სულ მენატრება. ნამდვილად არ ვასხვავებ, ესენიც ჩემი შვილები არიან, მაგრამ ის სულ სხვაა, ჩემი გაჩენილია და მასზე სხვანაირად შემტკივა გული.
თამუნა, 35 წლის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





