გულახდილი საუბრები

ქმრის გარდაცვალებამ გამანადგურა, მეორედ გათხოვებამ კი საბოლოოდ დამასვა დაღი

№13

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.04

დედის აღსარება
დაკოპირებულია

მე და ჩემს პირველ მეუღლეს სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ის ჩემზე ერთი წლით დიდი იყო, უფროს კლასში სწავლობდა. ის ყოველ დილით ქუჩაში მელოდებოდა და სკოლაში ერთად მივდიოდით. გაკვეთილების დამთავრების მერე, ისევ გარეთ მელოდებოდა და სახლამდე მაცილებდა. ყოველ გაზაფხულზე, უბის ჯიბით მოჰქონდა იის კონები.

სულ ცდილობდა, რამით გავეხარებინე. სტუდენტი რომ გახდა, მაშინაც მხვდებოდა სკოლასთან და სულ მეუბნებოდა: დროზე დაამთავრე სკოლა, გახდი სტუდენტი და მერე ვიქორწინოთო. ასეც მოხდა – გავხდი სტუდენტი და გავიპარეთ. არავინ გვიშლიდა ერთად ყოფნას, მშობლებმაც ყველაფერი იცოდნენ, თუმცა, ჩვენ მაინც ასე გადავწყვიტეთ შეუღლება. დიდი ქორწილიც გადავიხადეთ და ერთ წელში ულამაზესი გოგონას მშობლებიც გავხდით. ბედნიერების პიკში მყოფებს უბედურება წამოგვეწია, ჩემი მეუღლე ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ის ორი წელი, როცა ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით, ჩემთვის მართლა უბედნიერესი იყო. ჩემი მეუღლე დედისერთა იყო და მის მშობლებს, იმედად მხოლოდ მე და მათი შვილიშვილი დავრჩით. ყოველდღე სასაფლაოზე ვათენებდი და ვაღამებდი. არ ვიცოდი, მის გარეშე როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. საბედნიეროდ, საუკეთესო მშობლები ჰყავს და ის რთული დღეები მათ გადამატანინეს. სულ გვერდით მედგნენ, ერთ წამს არ მტოვებდნენ და თავად გამწარებულები, მე მაიმედებდნენ. სამი წელი რომ გავიდა, ბავშვის დაბადების დღე მოდიოდა. მამამისის გარდაცვალების მერე ეს დღე არ აღგვინიშნავს. დამისვეს მამამთილ-დედამთილმა და მითხრეს: შვილო, ერთადერთი შვილი მიწას მივაბარეთ, შენ შემოგცქერით თვალებში, ბავშვი ჩვენი იმედია და ნუ გააკეთებ ისე, რომ ბავშვობის წლები ცუდად დაამახსოვრდეს. გაახარე, მიეცი საშუალება, იყოს ბედნიერი, მამამისი ზეციდან უყურებს და ეცადე, მის გამო გაიხადო შავები, მის გამო გაიღიმო, მის გამო გაერთო მის დაბადების დღეზე, როგორც მამამისს გაუხარდებოდაო. უარი ვერ ვუთხარი, დავფიქრდი და მივხვდი, მართლები იყვნენ. ბავშვს დაბადების დღე აღვუნიშნე და მამის სახელზე საჩუქარიც ვუყიდე. ცოტა დრო რომ გავიდა, ისევ დამისვეს და მითხრეს: ახალგაზრდა გოგო ხარ, ცოდო ხარ ასე მარტო და ეულად, ახლა გინდა შენ გახარება, გვერდით მამაკაცი და თუ გათხოვებას დააპირებ, ჩვენ არ დაგიშლითო. თავი გავიგიჟე, რა გათხოვება, ეს როგორ მითხარით, რა სისულელეა, მე სხვა კაცი გვერდით არ მინდა-მეთქი. თუმცა, ექვსი წლის მერე გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც სოციალურ ქსელში გავიცანი და ისე შემიყვარდა, ცოლად გავყევი. თითქოს კარგად ვიცნობდი მის ხასიათსა და ბუნებას, მაგრამ შევცდი. ჩემს გარდაცვლილ ქმარს არც კი შევადარებ. თავიდან შემპირდა, სამსახურს დავიწყებ, არაფერი მოგაკლდებაო, მერე მითხრა, მე ვერ ვშოულობ და იქნებ შენ დაიწყო მუშაობაო და დღემდე მე ვინახავ. ჩემს შვილს ბებია-ბაბუა არაფერს აკლებენ, ძირითადად, მათთან არის, მაგრამ მე ამის უაზრო საქციელებმა დამღალა. სმა დაიწყო, სამსახურიდან მოსულს სადარბაზოსთან მხვდებოდა და სასმლის ფულს მართმევდა. რომ არ მივეცი, მეორე დღეს სახლიდან ნივთები დამხვდა გაყიდული. რა თქმა უნდა, ამის ფონზე სულ ვჩხუბობდით. თუმცა, ერთ დღესაც, ჩემი პირველი ქმრის ნაჩუქარი ოქროული რომ დამხვდა გაყიდული, იქ მივხვდი, რომ საბოლოოდ დავსამარდი. თავზე დავამხე ყველაფერი, მაგრამ ვერავის ვუთხარი, შემრცხვა. არ ვიცი, როგორ ვუთმენ ამ ყველაფერს, მაგრამ არ მინდა, ვათქმევინო ვინმეს, რომ სულელი ვარ, ისეთი შეცდომა დავუშვი, რაც არ მეკადრებოდა და თავი დავიღუპე. წლებია, ამას ვუძლებ. პირველი ქმრის გარდაცვალებამ გული გამიპო და მეორე ქმარმა კი საერთოდ მომკლა.

ლიკო, 34 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი