გულახდილი საუბრები

როგორია ზრუნვით შეფუთული ბულინგი ოჯახში

№14

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.04

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ოჯახი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანი პოულობს სიმშვიდეს, დაცულობასა და საკუთარ თავს. მაგრამ არსებობს ურთიერთობები, სადაც გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანს. არ არის ხმაური, არ არის კონფლიქტი, არსად ჩანს აშკარა ძალადობა და მაინც, ამ „იდეალურ სიმშვიდეში“ ადამიანი, თითქოს, ნელ-ნელა ქრება. ეს არის ბულინგი, რომელიც არ ტოვებს ხილულ კვალს. ის მოდის ზრუნვის სახელით, სიყვარულის ფორმით, „საუკეთესო სურვილებით“ შენიღბული. სწორედ ამიტომ არის ის ყველაზე რთულად ამოსაცნობი როგორც სხვებისთვის, ისე თავად იმ ადამიანისთვის, ვინც ამ მდგომარეობაში ცხოვრობს. ეს არის უხილავი ზეწოლა, რომელიც არ ანადგურებს და არ კლავს ერთ დღეში – ის ნელა, შეუმჩნევლად შლის ადამიანის იდენტობას.

ასეთი ქალების ისტორია იწყება ისე, როგორც ბევრი სხვა – სიყვარულით, ყურადღებითა და თითქოს ზედმეტი ზრუნვითაც კი. თავიდან ეს ყველაფერი აღიქმება, როგორც განსაკუთრებული დამოკიდებულება. მისი პარტნიორი აქტიურად ინტერესდებოდა მისი ცხოვრებით, გადაწყვეტილებებით, გარემოთი. კითხვები, რომლებიც თითქოს ბუნებრივად ისმებოდა, ნელ-ნელა გადაიზარდა შეფასებებსა და „რჩევებში“, რომლებიც ყოველთვის შეფუთული იყო კეთილი განზრახვით: „მე, უბრალოდ, მინდა, რომ უკეთესი არჩევანი გააკეთო“.

„შენ ამას ვერ ხედავ, მე უფრო ობიექტურად ვუყურებ“... პირველ ეტაპზე ეს არ აღიქმება პრობლემად. პირიქით – ეს ქმნის ილუზიას, რომ გვერდით არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და ზრუნავს, მაგრამ სწორედ ამ ეტაპიდან იწყება მთავარი გარდატეხა. ამ პროცესში ყველაზე საშიში ის არის, რომ არ არსებობს აშკარა ძალადობა.

ეკატერინე (44 წლის): მთელი პრობლემა ასეთ ურთიერთობაში ის არის, თავიდან ვერაფერს ხვდები. უფრო უარესი – მოგწონს კიდეც „ზრუნვა“. მერე ნელ-ნელა იწყებ საკუთარი არჩევანის გადახედვას. მართალია, უკვე შეჩვეული ხარ, თუმცა ნელ-ნელა საკუთარ თავში გეპარება ეჭვი და ფიქრობ, რომ შენი გადაწყვეტილება გადამოწმებას საჭიროებს. ეს არ არის აშკარა შეურაცხყოფა. არ არის კონფლიქტი, რომელიც გარედანაც თვალსაჩინო იქნებოდა. მაგრამ ცივი დისტანცია „განადგურებს“.

– ამ ეტაპზე იწყება თვითცენზურა?

– დიახ. შენ ნელ-ნელა იწყებ ფიქრს, როგორ მოიქცე ისე, რომ შეამცირო ეს დისტანცია – როგორ თქვა, როგორ მოიქცე, რა აირჩიო, რა ჩაიცვა... თუმცა შენი ქცევა აღარ გამომდინარეობს საკუთარი სურვილებიდან. მთლიანად ხდები დამოკიდებული სხვის რეაქციაზე.

– ამ ტიპის ურთიერთობაში ერთ დღეში ხომ არ ხდება ცვლილება?

– არა, რა თქმა უნდა. ის არის პროცესი. პირველად იკარგება შენი მცირე არჩევანი: რას ჩაიცვამ, ვის შეხვდები, სად წახვალ, რისი თქმა შეიძლება და რისი – არა... და ბოლოს უკვე იკარგება საკუთარი თავის, საკუთარი სურვილების აღქმის განცდა. იწყებ ცხოვრებას ისე, რომ მუდმივად ეძებ გარედან დადასტურებას, აღარ ენდობი საკუთარ ინტუიციას, არ ენდობი საკუთარ შეფასებას, ყველაფერი გადის ერთ ფილტრში – „მოსწონს თუ არა მას?“

– ამ მდგომარეობაში ადამიანი ხომ აღარ ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით.

– მთავარი პრობლემაც სწორედ მაგაშია. შენ ცხოვრობ იმ ჩარჩოებში, რომლებიც სხვამ შეუმჩნევლად შეგიქმნა. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, თან ახლავს შფოთვა, რომელიც თავიდან გაურკვეველია. არ არსებობს კონკრეტული მიზეზი, მაგრამ არსებობს მუდმივი დაძაბულობა. არსებობს შიშიც – არა აშკარა საფრთხის, არამედ ემოციური სტაბილურობის დაკარგვის, მერე კი იწყებ ფრთხილად ცხოვრებას, ფრთხილად საუბარს, ფრთხილად არსებობას... ანუ, თავისუფლება პირდაპირ კი არ იკრძალება, ნელ-ნელა ქრება. ყველაზე რთული ამ ყველაფერში არის ის, რომ ამას დიდხანს ვერ აღიარებ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ადამიანი, ვინც გზღუდავს, იმავდროულად, „ზრუნავს“. ვინც გაკონტროლებს, გეუბნება, რომ უყვარხარ.

– გარდატეხის მომენტი როდის დგება?

– როცა ჩნდება, ერთი პატარა კითხვა, „მე რა მინდა?“ და როცა ამ კითხვაზე პასუხს ვეღარ პოულობ, იწყება გაცნობიერება. ეს არის მომენტი, როცა ხვდები, რომ დაკარგე არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ საკუთარი თავი.

ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არ არის მარტივი. უნდა დაიწყო იმით, რომ აღიარო – ეს, რაც ხდება, არ არის ნორმალური. შემდეგ იწყება ძალიან ნელი, საკუთარ თავთან დაბრუნების პროცესი, რაც ყოველთვის რთულია, რადგან მას თან ახლავს ბევრი შიში – ოჯახის დაკარგვის, კონფლიქტის, ცვლილების.

– თუმცა, ეს მაინც უნდა გააკეთო.

– ასე გადაჭრით ვერ იტყვი. უფრო მეტი ქალი ამჯობინებს არაფერი შეცვალოს და ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც არის, რადგან ცვლილებები ყოველთვის მტკივნეულია. ქალებს მინდა, ვუთხრა – როცა სიტყვები „მე შენზე ვზრუნავ“, სინამდვილეში, კონტროლის ფორმად იქცევა, როცა „სიყვარული“ ნელ-ნელა თავისუფლებას გართმევს, როცა შენს გადაწყვეტილებებს „საუკეთესო სურვილით“ ცვლიან, შენივე ნების წინააღმდეგ, ესეც არის აგრესია, მაგრამ შენიღბული სიყვარულის სახელით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი