ჩემს ყოფილ ქმარს დასანახად ვერ ვიტან, დედამისთან კი ვმეგობრობ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.04
საუბედუროდ, საშინელი მეორე ნახევარი მყავდა და ისეთი კაცის ცოლი ვიყავი, ვისთვისაც ცოლი მხოლოდ დიასახლისი, მონა და მისი სურვილების ამსრულებელი იყო. თუმცა, საბედნეიროდ, დედამთილი შემხვდა ისეთი, რომლის იმედიც სულ მაქვს.
გათხოვების პირველივე დღეებში გავხდი ღალატის მსხვერპლი და რაც დრო გადიოდა, მით მეტად ვგრძნობდი, რომ ქმრისთვის მეორე კი არა, მეასეხარისხოვანი ვიყავი. მისგან არასოდეს მიგრძნია სითბო და პატივისცემა. არადა, როცა შემიყვარდა და ცოლად გაყოლა გადავწყვიტე, საკმაოდ გააზრებულ ასაკში ვიყავი და მეგონა, ეს ის მამაკაცი იყო, ვინც გამაბედნიერებდა. სამწუხაროდ, თვალები მქონდა დაბინდული და თავადაც კარგი მოთამაშე აღმოჩნდა. არ ვიცი, რის გამო მომექცა ასე, მაგრამ ფაქტია, ცხოვრება დამინგრია, ფსიქიკა გამინადგურა და საკუთარი თავის ღირსება შემილახა. მისი უღირსი საქციელების გამო მე მრცხვენოდა. დედამისი კი, რომელმაც მარტომ გაზარდა, სულ ჩემ გვერდით იდგა, სულ მაიმედებდა, სულ მაგრძნობინებდა რომ არ ვიყავი მარტო და უნდა მებრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის. არ დამავიწყდება, ერთხელ სტუმრები მოვიდნენ და ჩემმა ქმარმა მათ წინაშე ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, თავი ვერ შევიკავე, გავვარდი მეორე ოთახში და გულასმოსკნილი ვტიროდი. ჩემმა დედამთილმა კი მე დამიცვა, ისე უყვირა თავის შვილს, ისეთ დღეში ჩააგდო, ჩემმა ქმარმა კარი გაიკეტა და წავიდა. მთელი სამი დღე არ გამოჩენილა. ექვსი თვე ორსულად არ ვრჩებოდი, მაგრამ არც ვდარდობდი. ვიცოდი, ოჯახს დიდხანს ვერ შევინარჩუნებდი და ასეთი მამის ხელში ჩემი შვილიც უბედური იქნებოდა და ეს არ მინდოდა. მაგრამ ჩემი ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, მაშინაც ვიტირე და ჩემი დედამთილი მამხნევებდა, მაიმედებდა. სწორედ ის მედგა გვერდში მთელი ცხრა თქვე, ჩემს ქმარს კი სულ არ აინტერესებდა, ორსულს რა მჭირდებოდა. ბავშვის გაზრდაშიც დედამთილი დამეხმარა. მის გამო ვინარჩუნებდი გათხოვილი ქალის სტატუსს. თუმცა, ვეღარ გავუძელი სიტუაციას, სულ დაძაბულობას და სტრესს და იმ სახლიდან წამოვედი. დედაჩემი და მამაჩემი გვერდით დამიდგნენ. მათი იმედი მქონდა, ვიცოდი, არაფერს მომაკლებდნენ და არც ჩემს შვილს გაუჭირდებოდა უმამოდ გაზრდა. ჩემი დედამთილი კი თითქმის ყოველდღე მოდიოდა. მოჰქონდა ბავშვისთვის რაც მჭირდებოდა. ჩემთვისაც არაფერი ენანებოდა. ხშირად გავყავდი ქალაქგარეთ, მეუბნებოდა: სუფთა ჰაერზე გასვლა აუცილებელია შენთვის და ბავშვისთვის, მინდა ჯანმრთელები და ბედნიერები მყავდეთ. ერთი წამით არ იდარდო – მე შენ გვერდით ვარ, დედ-მამა არაფერს გაკლებს და ჩემი უვარგისი შვილის გამო თავი არ დაიდარდიანოო. დღემდე მეგობრებად დავრჩით და ვგიჟდები, ისე მიყვარს. ჩემს ყოფილ ქმარს კი დასანახად ვერ ვიტან. ეს იცის ჩემმა დედამთილმა. ვიცი, რომ დედისთვის რთულია, მისი შვილისადმი ასეთი დამოკიდებულება რომ მაქვს, მაგრამ არასოდეს არ უგრძნობინებია რაიმე ცუდი და ნეგატიური. სულ მეუბნება: ერთს გთხოვ, შვილო, მე ჩემი შვილის გაზრდაში, ფაქტია, შეცდომა დავუშვი და ვიმკი. შენ კი ეცადე, ყურადღებით იყო, რომ ჩემს შვილიშვილს მსგავსი შეცდომები არ მოუვიდეს, რაც მამამისს მოსდისო. მადლობა უფალს, ჭკვიანი ბავშვი მყავს, ჯერჯერობით მიჯერებს და მეც ვუხსნი, რომ ქალს სათუთად უნდა მოეპყრას. ცოლს რომ მოიყვანს, მისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბედნიერი ჰყავდეს და მშვიდად იცხოვროს. მართალია, მისთვის ცოლის მოყვანა ჯერ ადრეა, მაგრამ პატარა ასაკიდანვე ვაჩვევ, რომ მამამისივით ტირანი და უგულო არ იყოს მეორე ნახევრის მიმართ, ვის გვერდითაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას გადაწყვეტს.
სოფო, 36 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





