შეიძლება თუ არა, ქალი იყოს სრულად ბედნიერი, როცა მისი ცხოვრება მხოლოდ ოჯახურ როლებზეა აგებული
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.04
ქალის ბედნიერების საკითხი ყოველთვის იყო და კიდევ იქნება დისკუსიის თემა კულტურულ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ სივრცეებში. საუკუნეების განმავლობაში ქალის იდენტობა უმეტესად განისაზღვრებოდა მისი ოჯახური როლებით: როგორც მეუღლე, როგორც დედა, როგორც მზრუნველი შვილი, რძალი... მაგრამ თანამედროვე რეალობაში ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა, „ყინული დაიძრა “ და „ჩარჩოები დაიმსხვრა“.
დღეს ქალი აღარ არის მხოლოდ ერთ როლში. რადგან ბევრმა ქალმა გააცნობიერა, რომ ის არის პიროვნება – თავისი სურვილებით, შესაძლებლობებით, დაუკმაყოფილებელი ოცნებებითა და შინაგანი ძიებით. ეს ბუნებრივია და ნორმალური. მაგრამ, რატომღაც რთულად აღსაქმელი გარეშემო მყოფებისთვის და ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა, ქალი იყოს სრულად ბედნიერი, თუ მისი ცხოვრება მხოლოდ ოჯახურ როლებზეა აგებული, თუკი მას არა აქვს საყვარელი საქმე, საკუთარი სივრცე, საკუთარი „მე“? რა ხდება ამ დროს? როგორია მისი ფსიქიკა? გადადის თუ არა დაუკმაყოფილებელი სურვილები ნევროზში? შესაძლებელია თუ არა, რომ მხოლოდ ოჯახი იყოს ქალის სრული ბედნიერების წყარო? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის ფსიქიკა არ არის შექმნილი ერთ როლში ჩასაკეტად. ქალი, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, საჭიროებს მრავალფეროვან იდენტობას. ხოლო, როცა ქალი წლების განმავლობაში უარყოფს საკუთარ სურვილებს, ამბობს „მერე“, „ახლა დრო არ არის“, „ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია“ – ეს სურვილები არ ქრება, გროვდება და ერთ დღეს აუცილებლად გამოჟონავს შფოთვით, პანიკური განცდებით, გაღიზიანებით, ცრემლებით...
მაკა (53 წლის): დღეს უკვე ხშირად ისმის შეკითხვა – არის თუ არა ქალისთვის საკმარისი მხოლოდ ცოლისა და დედის სტატუსი, იმისთვის რომ ბედნიერი იყოს? თუ მას არ აქვს საყვარელი საქმე ან პირადი სივრცე, ეს შეიძლება, გახდეს შინაგანი დაძაბულობის, ეჭვიანობისა და ნევროზის მიზეზი.
– ესე იგი, ქალისთვის, რომელსაც არ აქვს საყვარელი საქმე, ან თვითრეალიზაციის საშუალება, ოჯახი ვერ იქნება ბედნიერების წყარო?
– საქმე ისაა, რომ ოჯახი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ემოციური საყრდენია, თუმცა მხოლოდ ერთ როლში ცხოვრება ხშირად იწვევს სიცარიელის განცდას. ადამიანს, მათ შორის ქალსაც, სჭირდება საკუთარი იდენტობის გააზრება და აღქმა. ანუ: მე ვინ ვარ? ვარსებობ მხოლოდ როგორც დედა ან ცოლი, თუ ვარ სრულფასოვანი ინდივიდი?
– მხოლოდ ცოლისა და დედის სტატუსი შეიძლება არ იყოს საკმარისი?
– ზოგი ქალი შეიძლება, თავს კარგად გრძნობდეს ამ როლებში, მაგრამ ეს დამოკიდებულია მის შინაგან რესურსებზე, ინტერესებსა და ღირებულებებზე. უმეტეს შემთხვევაში კი, როცა პიროვნული განვითარება შეჩერებულია, ჩნდება დაუკმაყოფილებლობის განცდა. როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. ბოლოს უკვე ძალიან ცუდად ვიყავი.
– არის თუ არა კავშირი ასეთ დაუკმაყოფილებლობასა და ეჭვიანობას შორის?
– დიახ, ასე ხშირად არის. როცა ადამიანს არ აქვს საკუთარი სივრცე, ინტერესები ან მიღწევები, მისი მთელი ემოციური ენერგია გადადის პარტნიორზე. გინდა თუ არ გინდა, ეს აუცილებლად მოხდება. ვერ გაექცევი. მერე ეს შეიძლება, გადაიზარდოს კონტროლის სურვილში, შიშსა და ეჭვიანობაში. რეალურად კი, ეს უფრო საკუთარი, შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გამოხატულებაა.
– ნევროზი? შეიძლება, ეს მდგომარეობა ფსიქიკურ დაძაბულობამდე მივიდეს? თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– როგორც გითხარით, საკმაოდ რთულად ვიყავი. მეც ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიყავი ზოგჯერ აგრესიული. ხან საკუთარ თავს ვერჩოდი, ხან – ოჯახის წევრებს. მერე იმაზე მეშლებოდა ნერვები, თავს რომ ვერ ვაკონტროლებდი. რა თქმა უნდა. ხანგრძლივი შინაგანი უკმაყოფილება, ჩახშობილი სურვილები და თვითრეალიზაციის არარსებობა ხშირად იწვევს შფოთვას, გაღიზიანებას, ემოციურ გადაღლას, რასაც ფსიქოლოგები და ექიმები ნევროზულ მდგომარეობებს უწოდებენ.
– და რა შეიძლება, იყოს გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან?
– მე ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა და პირველი ნაბიჯი საკუთარი სურვილების გაცნობიერება იყო. პირველად იმან დამაფიქრა, რა მომწონდა რეალურად, რა სურვილები მქონდა, რა მიხაროდა ჩემი შვილების სიხარულებისა და სურვილების გარდა. მერე უკვე დავფიქრდი და ვკითხე საკუთარ თავს, რა მაძლევდა ენერგიას. აღმოვაჩინე, რომ ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო პროფესია, ჰობი, რაღაც ახლის სწავლა ან თუნდაც მცირე პირადი სივრცე ყოველდღიურობაში. თურმე, ძალიან მნიშვნელოვანია, ქალმა იგრძნოს საკუთარი ღირებულება არა მხოლოდ ოჯახში, არამედ საკუთარ თავთან მიმართებითაც. სხვანაირად ვერც შენ იქნები ბედნიერი და ვერც სხვას გააბედნიერებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





