ტყუილი სიტყვა არ არის, ის გრძნობაა
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 25.01
ქალი ტყუილს ხშირად სიტყვებით კი არ ამჩნევს, არამედ ტონით. პაუზით, მზერით, სხეულის ენით... ტყუილი ქალისთვის იშვიათად არის ერთჯერადი ფაქტი – ის ხდება პროცესი, რომელიც ნელ-ნელა ანგრევს უსაფრთხოების განცდას.
როდესაც ქალი იგებს, რომ მოატყუეს, პირველი რეაქცია ხშირად არის ბრაზი, მერე კი – დაბნეულობა, კითხვა საკუთარ თავთან, „მე ხომ ვგრძნობდი… რატომ არ ვენდე საკუთარ ინტუიციას?“
ქალისთვის ტყუილი მხოლოდ ფაქტის დამალვა არ არის, ეს არის ემოციური კონტრაქტის დარღვევა, შეთანხმების, რომელიც სიტყვებით არასდროს ითქმება, მაგრამ ურთიერთობის საფუძველია:
„მე გენდობი, რადგან შენ პატივს სცემ ჩემს სიმართლეს.“
და როცა ეს ირღვევა, ქალი არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საკუთარ აღქმასაც ეჭვქვეშ აყენებს.
ქალისთვის ტყუილი ყოველთვის არ ნიშნავს ღალატს სხვა ადამიანთან. ხშირად ის უფრო მტკივნეულია, როცა ურთიერთობა ყალბ ემოციებზეა დამყარებული. როცა ქალის კითხვებს პასუხობენ არა სიმართლით, არამედ დამამშვიდებელი ფრაზებით. ამ დროს ქალი გრძნობს, რომ მის ინტელექტს არ სცემენ პატივს. რომ მას „იცავენ“ სიმართლისგან – თითქოს ის სუსტია. სინამდვილეში კი ქალი ტყუილს განიცდის, როგორც დაუფასებლობას. როგორც მესიჯს – „შენ ვერ გაუმკლავდები რეალობას“. და სწორედ აქ ფუჭდება ყველაფერი. ქალი შეიძლება, დარჩეს ურთიერთობაში, მაგრამ შინაგანად უკვე იწყებს უკან დახევას. ის აღარ სვამს კითხვებს და აღარც პასუხებს ითხოვს.
რატომ ახსოვს ქალს ტყუილი დიდხანს?
არსებობს მითი, თითქოს ქალები „ვერ ივიწყებენ“ ტყუილს და „ზედმეტად ემოციურები“ არიან. სინამდვილეში ქალი, უბრალოდ, სხვანაირად იმახსოვრებს.
ტყუილი ქალისთვის არ არის იზოლირებული მოვლენა. ის ემოციურ მეხსიერებაში ჯდება – იმ ადგილას, სადაც ინახება ტკივილი, სიხარული, იმედი. ამიტომაც ახსოვს დეტალები: დღე, ხმა, სიტყვა, მზერა.
და როცა ურთიერთობაში ისევ ჩნდება დაძაბულობა, ქალი, უბრალოდ, ცდილობს დაიცვას თავი უსიამოვნო მომავლისგან.
რას ვერ ხვდებიან კაცები
კაცები ხშირად ვერ ხვდებიან ერთ ძალიან მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რამეს: ქალი ტყუილს გრძნობს მანამდეც კი, სანამ ფაქტს გაიგებს. საქმე ისაა, რომ ქალი კითხულობს ტონებს, პაუზებს, თვალებს, სიტყვებს შორის სიცარიელეს... და როცა სიმართლე ბოლოს სააშკარაოზე მაინც გამოდის, პრობლემა ის კი აღარ არის „რა მოხდა“, არამედ რატომ არ ითქვა სიმართლე თავიდანვე.
ქალისთვის ტყუილი ფაქტზე მეტი რამ არის
ქალისთვის ტყუილი ნიშნავს:
•„მე ვერ მიბედავ სიმართლეს“;
•„არ მენდობი“;
•„გინდა, შენ ჩემ მაგივრად გადაწყვიტო“.
ეს არ არის მხოლოდ გულისტკენა. ეს არის იმ ემოციური კავშირის ნგრევა, რომელსაც ქალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ხშირად კაცი ამბობს: არ მინდოდა, გტკენოდა და მას ჰგონია, რომ სიმართლე დაანგრევს ურთიერთობას. ქალს კი ტყუილი ბევრად სწრაფად და უხმაუროდ ანგრევს.
კაცებს ხშირად სჯერათ, რომ თუ პრობლემა „მოგვარდა“, ტყუილიც წარსულში დარჩება.
ქალისთვის კი ტყუილი არასოდეს ქრება. ის რჩება, როგორც ბზარი, რომელიც ყოველ ახალ სირთულეზე თავს ისევ იჩენს.
ქალმა შეიძლება, გაპატიოს, მაგრამ აუცილებლად დაიმახსოვრებს.
რა არ ესმით კაცებს ბოლომდე
•ქალს სიმართლე უფრო აძლიერებს;
•ქალი არ ითხოვს იდეალურობას – ითხოვს გულწრფელობას;
•სიმართლემ შესაძლოა, ატკინოს, მაგრამ ტყუილი წაართმევს უსაფრთხოების შეგრძნებას.
და მთავარი: ქალი ხშირად მიდის არა ფაქტის გამო, არამედ იმის გამო, რომ მიხვდა, ყველაფერი მის გარეშე გადაწყვიტეს.
რატომ ტყუიან კაცები ქალებთან
კაცები ხშირად ფიქრობენ, რომ ტყუილი ყველაზე კარგი გამოსავალია.
* პატარა ტყუილი – „რომ არ ეტკინოს“;
* ნახევრად სიმართლე – „რომ არ გაბრაზდეს“;
* დუმილი – „რომ სიტუაცია არ გართულდეს“.
და სწორედ აქ იწყება ის, რასაც ქალი ღალატად აღიქვამს – არა ყოველთვის ფაქტს, არამედ არჩევანს. მაგრამ ტყუილი კაცისთვის თავდაცვაა.
კაცების უმრავლესობა ტყუილს არ იყენებს ბოროტი განზრახვით.
ისინი ტყუიან, როცა:
•არ იციან, როგორ თქვან სიმართლე;
•ეშინიათ კონფლიქტის;
•არ სურთ იყვნენ „ცუდები“;
•ვერ უძლებენ ქალის ემოციებს.
მათთვის ტყუილი ხშირად არის დროის მოგება. ქალისთვის კი – ნდობის დაკარგვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





