გულახდილი საუბრები

საყვარელ გოგოსთან წინასწარ ინტიმური ურთიერთობის გამო, მასთან დაოჯახებას მიშლიან

№44

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.11

ურთიერთობა
დაკოპირებულია

ჩემი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, არასდროს ვყოფილვარ ტრადიციებზე დამოკიდებული და დამცველი. ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა და არასდროს წამიგია. არც ოჯახი შემირცხვენია და არც სამეგობრო წრეში ჩავჭრილვარ.

ნანი ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი და პირველივე დანახვისას მივხვდი, რომ ძალიან კარგი გოგონა იყო. თავიდან იპრანჭებოდა, გამირბოდა, მაგრამ გასაქანი არ მივეცი და თავი შევაყვარე. დღეს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ოჯახი და სამეგობროა წინააღმდეგი. როგორც ვთქვი, მე არ ვარ ტრადიციული და არც იმას ვაღიარებ, რომ აუცილებელია, გოგო ქალიშვილი ჩაჰბარდეს ქმარს. მაგრამ სამწუხაროდ, ჩემ გარშემო ასე არ ფიქრობენ. ნანის რომ დავუახლოვდი, მომიყვა, როგორ შეცდა ერთ ბიჭთან, რომელიც უყვარდა და მას მერე შიში ჰქონდა, გაურბოდა ახალ რომანს. მეორე მამაკაცი აღმოვჩნდი, ვისაც ენდო. არც დაგვიმალავს სამეგობრო წრეში, რომ სექსი გვქონდა და არც ის, რომ მომავალში ოჯახის შექმნას ვაპირებდით. ერთ დღესაც, ნანიმ ძალიან გამახარა, მითხრა, ორსულად ვარ და შვილს ველოდებითო. იმ წუთებში დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა ჩემზე ბედნიერი ადამიანი. ჩავკოცნე და სახლში გავიქეცი, ვიფიქრე, ჩემებს ვეტყვი, ცოლი მომყავს-მეთქი. დედ-მამას კი გაუკვირდათ, არაფერი გითქვამს, თუ გოგო გიყვარდა, ასე მალე რატომ მოგყავს, ჯერ კარგად დაფიქრდი, გაგვაცანი და არ ვართ წინააღმდეგებიო. რაღა დაფიქრება და მოცდა მინდოდა? მით უმეტეს, მამა ვხდებოდი და ეს ყველაფერს გადაწონიდა. ეჭვი მაქვს, სამეგობრო წრიდან ვიღაცამ მშობლებთან „ჩამიშვა“. უამბო ჩვენი ამბავი და გადამირია ოჯახი. რომ გაიგეს, ნანი ორსულად იყო, თავი გაიგიჟეს, მაგ ბოზს სახლში ვერ შემოვუშვებთ და შენ თუ გიყვარს, გყავდეს და ზარდე სხვისი შვილიო. ვუხსნიდი, ბავშვი ჩემია, მიყვარს ეს გოგო და რა პრობლემაა, თუ წინასწარ გვქონდა ურთიერთობა, ეს რას ცვლის-მეთქი. მაგრამ, მოსმენაც არ უნდათ. ერთი სიტყვით, რადგან ნანი ჩემთან იწვა, ჰგონიათ, სხვასთანაც ადვილად დაწვება, მიუხედავად იმისა, რომ არ იციან, ჩემამდე ქალიშვილი რომ არ იყო. მე კი ეს ადამიანი ძალიან მიყვარს, არაფრად მიმაჩნია მისი წარსულის შეცდომები, თან, ოცდამეერთე საუკუნეა და ასეთი რამ ვის უკვირს? ფაქტია, ჩემმა ოჯახმა ჩვენზე უარი თქვა, არც კი მოინდომა სარძლოს გაცნობა. დღეს ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. მაინც ბედნიერი ვარ, შვილის მოლოდინში, საყვარელი ქალის გვერდით. მაგრამ, ჩემს ოჯახზე ძალიან ნაწყენი ვარ. როცა გვერდით დგომა მჭირდება, ყველაზე მეტად მინდა მათი დახმარება, მაშინ მიმატოვეს და ხელი მკრეს. არა უშავს, ზუსტად ვიცი, ყველაფერს შევძლებ, გადავიტან. ცოლ-შვილის გამო ვიტყვი ჩემს უზრუნველ ცხოვრებაზე უარს და მათთვის ვიცოცხლებ. იმედია, ბავშვს რომ დაინახავენ, შვილიშვილი მაინც გაუთბობთ გულს და შეგვირიგდებიან. ყველაზე მეტად კი სამეგობრომ დამწყვიტა გული. რომ მეგონა, ძმაკაცები იყვნენ, მათაც უკან დაიხიეს და ერთხელაც არ მოსულან, არ ვუნახივართ მე და ნანი. ისიც კი მითხრეს, ალბათ, დროებითია ეს ურთიერთობა, მალე გაივლის და შენც დაფიქრდებიო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს? ვერ ვამტკიცებ, რომ ნანი სიგიჟემდე მიყვარს, ჯერ არ დაბადებული ბავშვის მომავალზე ვზრუნავ და ყველაფერი მათთვის მინდა. ბევრი ასეთი ამბავი გამიგია, მაგრამ ბოლოს, ყველას ერთი დასასრული აქვს – როცა კაცი თავის სიმაღლეზეა, საყვარელ გოგონას სხვებს არ დააჩაგვრინებს და ცხოვრებასაც ისე მოაწყობს, იქით შეეხვეწებიან შერიგებას. ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნება, ამიტომ, დღეს იმ ბედნიერებას შევირგებ, რაც მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ფიზიკური შრომა მიწევს, მაინც ბედნიერი ვარ, რომ საყვარელი გოგოს გვერდით ვცხოვრობ და შვილს ველოდები.

გიორგი, 26 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი