გულახდილი საუბრები

რომ არა ქმრის ოჯახი და სანათესაო, ოჯახი დიდი ხნის დანგრეული მექნებოდა

№18

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.05

რძალ-დედამთილობა
დაკოპირებულია

გამიმართლა, რომ ქმრის ოჯახიც და ნათესავებიც კარგი ხალხი შემხვდა. მართალია, რომ ამბობენ: სანამ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრებ, ვერ გაიგებ, როგორიაო. ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ შეუღლების შემდეგ ასეთი ცუდ ხასიათს გამოამჟღავნებდა. მანამდე საერთოდ ვერ ვხედავდი და არც გამოუჩენია. გათხოვებიდან მთელი ორი წელი საშინლად კრიზისული აღმოჩნდა. საერთოდ ვერ ვუგებდი და სულ ვკამათობდით.

შემიძლია, დავიფიცო, რომ არასოდეს გავუმტყუნებივარ არც მის მშობლებს და არც მის სანათესავოს. განსაკუთრებით ჩემი მამამთილი მედგა გვერდში და ყოველთვის ის იყო ჩვენი ურთიერთობის დალაგების ინიციატორი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მართლა ვერ ვხვდებოდი რის გამო იჩენდა ასეთ ხასიათს. უაზროდ ამიხირდებოდა, სადმე თუ მივდიოდით, ბოლო წამში გადაიფიქრებდა, როცა უკვე გაპრანჭული ვიყავი და დალაგებული მქონდა წასვლის გეგმა. არც ჩემი ჩაცმა მოსწონდა, არც ჩემი გარეცხილი და არც ჩემი ნათქვამი რაიმე იდეა. დედამთილ-მამამთილი მართლა გადაფარებული იყვნენ ჩემზე. მათი უზომოდ მადლიერი ვარ. სხვათა შორის, ბევრჯერ მითხრეს ჩემებმა: რას აკლავ თავს, ჩაალაგე შენი ნივთები და მოშორდი მანდაურობას, ხომ არ უნდა დაიგლიჯო ნერვებიო. დედა მამას რომ გაშორდა, ექვსი წლის ვიყავი და დღემდე მწარედ მახსოვს ის დღეები, როცა მამა სიგიჟემდე მენატრებოდა. დღემდე ასე ვარ და არ მინდოდა, ჩემი შვილიც უმამოდ გაზრდილიყო. შვიდი თვის რომ გახდა, მისი პირველი სიტყვა მამა იყო და დღემდე გიჟდება მამაზე. საცოდაობა იქნებოდა, ესენი ერთმანეთს დამეშორებინა. მადლობა ღმერთს, წლების მერე მოვიდა ჩემი ქმარი ჭკუაზე და დამშვიდდა. ბავშვმაც დიდი გავლენა იქონია ჩვენს ურთიერთობაზე. ეს ყველაფერი კი მისი მშობლების, ნათესავებისა და ჩემი მოთმინების ხარჯზე მოხდა. თუმცა, მწარე მოგონებები დამიტოვა, მაგრამ არ ვწუწუნებ და ვცდილობ, ის დღეები აღარ გავიხსენო. მის ნათესავებთან დღესაც გადასარევი ურთიერთობა მაქვს, ჩემებს ვერ ვნახულობ და ვესიყვარულები ისე ხშირად, როგორც მათ. არასოდეს დამავიწყდება მამამთილის სიტყვები, როცა მათ ოჯახში შევედი: შვილო, მე გოგო არ მყავს, ყოველთვის მინდოდა გოგოს მამობა და ჩათვალე ჩემი შვილი ხარ, გულიც რომ მატკინო, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. ვიცი, რთულია, ქმრის მამა საკუთარ მამად აღიქვა, მაგრამ მე ჩემი საქციელით ვეცდები, თავის შეგაყვაროო. ასეც იყო. მართლა ოქროს ადამიანია, სასწაული მამა, ქმარი და ბაბუა. არ მახსოვს დღე, რომ არ მომფერებოდა, არ ეგრძნობინებინა, რომ გულით ვუყვარვარ. დედამთილი ცოტა სხვანაირი ბუნების ქალია, არ უყვარს გრძნობების აფიშირება და ემოციის ხმამაღლა გამოხატვა. თუმცა, მისგანაც იმავეს ვგრძნობ. არასოდეს ავიწყდება რომ შემაქოს, სტიმული მომცეს. ბავშვი, ხომ, ფაქტობრივად, მისი გაზრდილია, ერთი ღამეც კი არ გამითენებია. ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ყველაზე უბედური ვიქნებოდი, ოჯახი რომ დამენგრია, რომ არ დამენახა ამ ხალხის სიკეთე, ავყოლოდი ჩემი ქმრის პრეტენზიებს და არც სანათესავოს აზრი მომესმინა. ვფიქრობ, ჭკვიანურად მოვიქეცი და სხვათა შორის, დღეს ამას ჩემი ქმარიც აღნიშნავს. დროთა განმავლობაში კარგ მეუღლედ და მამად ჩამოყალიბდა და ალბათ, ის პერიოდი მართლა შეგუების დრო იყო, უჭირდა ახალი ცხოვრების, ვალდებულებების გააზრება. დღეს თამამად ვიტყვი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ოჯახიც მაქვს და გვერდით – ერთგული ადამიანებიც. მარტო კი, თან, ბავშვით ხელში, ვერაფერს შევძლებდი და მგონია, დაჩაგრული ვიქნებოდი ისე, როგორც ჩემ გარშემო ბევრი ქალია.

სალომე, 35 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა