როგორები ხდებიან მოძალადე ქმრებზე დამოკიდებული ქალები
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.09, 2021 წელი
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, საქართველოში მამაკაცების გარკვეული ნაწილი ქალების ქცევას ოჯახში ძალადობის გამოყენებით აკონტროლებენ. გარკვეულ, შემთხვევებში კი, ქმრის მიერ ცოლის ცემას დასაშვებად მიიჩნევენ არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც. ცოლებზე ძალადობენ ის მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობაში ჰყავდათ ძალიან მკაცრი დედა და ფიზიკურად სჯიდა მათ, რის გამოც გამუდმებით სტრესში იყვნენ. ქალებზე აგრესია სწორედ ამ დროს გროვდება. შემდეგ კი ეს ცოლთან ურთიერთობაში აღმოცენდება ხოლმე.
რაც შეეხება მამაკაცის მსხვერპლ ქალებს, ფსიქიკური თვალსაზრისით, ეს ქალებიც არ არიან ჩვეულებრივი, სტანდარტული ქალები. რადგან ჯანსაღი ფსიქიკის ქალს არ აქვს მიდრეკილება, მოირგოს მსხვერპლის როლი, შესაძლოა, ერთხელ დაუყვიროს კაცმა ან ერთხელ ასწიოს მასზე ხელი, მაგრამ ეს იქნება საბოლოო. ჯანსაღი ფსიქიკის ქალი არ გაუჩერდება ასეთ მამაკაცს. ზოგი კი ადვილად ირგებს მსხვერპლის როლს. ჩვენი პრობლემების ძირითადი ნაწილი ბავშვობიდან, აღზრდიდან და მშობლებს შორის ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
ხატია (34 წლის): მიკვირს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს რომ ვბედავ – მსხვერპლი კი არ ვიყავი, ახლაც ვარ. დიდი ხანია ამ მდგომარეობაში ვიმყოფები და სრულად გავაცნობიერე, რატომ ვერ ვცვლი რეალობას. ყოფილი ქმარი ციხიდან ხშირად მირეკავს და მეუბნება, რომ მალე გათავისუფლდება. ის იქ ჩემზე ძალადობის გამო აღმოჩნდა. ახლა უკვე მარტო ვცხოვრობ, ვმუშაობ. დამოუკიდებლად არსებობას ვახერხებ. პედაგოგი ვარ და ჩემი ცხოვრება მაქვს, მაგრამ მოძალადე ქმარი ჩემი ცნობიერებიდან ვერ გაქრა, ანუ, ჩემი ფსიქიკა ახლაც არ არის კარგად.
– დიდი ხანი იცხოვრეთ მის გვერდით?
– ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩემი ქმარი (იმდენად ვერ გავიდა იგი ჩემი ცნობიერებიდან, ყოფილ ქმარს ვერც ვეძახი) საუკეთესო მოსწავლე იყო, ზრდილობიანი, ულამაზესი… უნდა ვაღიარო, მაშინ უკვე ვგრძნობდი, რომ მასში რაღაც დოზით სადიზმი იყო. სადაც უნდა წავსულიყავი, სრულიად მოულოდნელად იქ ჩნდებოდა, მაკონტროლებდა. შიში ამეკიდა, ჩემს ოჯახს ამის შესახებ ვუთხარი, მაგრამ არავის უნდოდა ჩემი მოსმენა. ამბობდნენ, კარგი ოჯახის შვილია, შეძლებულები არიან. ბიჭი ლამაზია, ჭკვიანი, მეტი რა გინდაო. სასწავლებელი როცა დავასრულე და მუშაობა სკოლაში დავიწყე, მომიტაცა. 21 წლის ვიყავი, ის – ოცდასამის. ჩემს მამამთილს მართლა ჰქონდა სერიოზული კავშირები, ამიტომ ჩემს ქმარს ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. რა თქმა უნდა, დამტოვეს. შემეძლო და ალბათ, უკეთესიც იქნებოდა მაშინვე წამოვსულიყავი, მაგრამ შენ გარშემო ვიღაც ხომ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერის სურვილს? მინდოდა გამოქცევა, თუმცა ვერ გავბედე, ვერ შევძელი.
– პრობლემები მალევე დაგეწყოთ?
– პრობლემები რბილად ნათქვამია. უმოწყალოდ მცემდა, ყველამ იცოდა და ყველა დუმდა. ქორწილიდან რამდენიმე დღეში მცემა პირველად. არც მაშინ და არც შემდეგ არასდროს უთქვამს, რისთვის მცემდა. როცა სხვები დაიძინებდნენ, მოითხოვდა, რომ გავშიშვლებულიყავი და იწყებდა ცემას.
– გაშიშვლება რატომ?
– გაშიშვლება იმიტომ, რომ არ გავქცეულიყავი. მცემდა უმოწყალოდ, ვიდრე სისხლს არ დაინახავდა. მირტყამდა ხელს, ფეხს, ნივთებს მესროდა. ახლა ვხუმრობ, რომ რაც არ უნდა მესროლონ, ვერ მომარტყამენ, ხელის მოძრაობას თვალდახუჭული ვგრძნობ-მეთქი. ჩერდებოდა, როცა წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ მქონდა. მეფერებოდა და ამტკიცებდა, რომ უზომოდ ვუყვარდი. რომ ჩემ გარეშე არ შეეძლო. სხვათა შორის, ახლაც იგივეს იმეორებს, როცა ციხიდან რეკავს. ჩემი ქმარი ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო, მაგრამ, რომ იცოდეთ, ფხიზელი უფრო საშიში იყო.
– ოჯახში არავინ ეწინააღმდეგებოდა?
– ხალხში და ოჯახის წევრებთან არასდროს ძალადობდა ჩემზე, თავაზიანი მეუღლის როლს თამაშობდა, მაგრამ სხეულზე მეტყობოდა სილურჯეები და თვალები ჩაშავებული მქონდა.
– ანუ, ყველამ ყველაფერი იცოდა...
– დიახ და ყველა დუმდა. არავის უნდოდა ხმის ამოღება, რადგან გრძნობდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მას ჰქონდა გავლენა, მე უხმოდ ვიჯექი სახლში. მთელი 13 წელი ჩემი ხმა არავის გაუგონია. რის მუშაობა, მაგის უფლებას ვინ მომცემდა. რამდენჯერაც მისგან წამოვედი, იმდენჯერ მიმაბრუნეს უკან, შეგვარიგეს. აბა, ბავშვს რა ვუყოთ, თან ბიჭიაო. თურმე ბავშვი იყო პრობლემა. ისევ შეთანხმდნენ და ჩემ გარდა არავინ დასჯილა. წლების განმავლობაში საშინელ, დამამცირებელ მდგომარეობაში მამყოფებდა. უნდოდა, მეგრძნო, რომ არარაობა ვარ. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ სიკვდილს შვილმა გადამარჩინა. ალბათ, მართლა შვილის გამო გავუძელი წლების განმავლობაში ქმრისგან ძალადობას. ჩემი ქმარი კრიმინალური აზროვნების მქონე ადამიანია, ისე დამაჯერებლად შეუძლია საუბარი, იშვიათია, ვინმე, რომ მისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეს. ახლა ხომ ვართ განქორწინებულები, მაგრამ ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ისევ ძალადობს ჩემზე, შვილითაც მანიპულირებს.
– არ მიმართეთ ფსიქოლოგს?
– არა. ფსიქოლოგებთან არ მივსულვარ, რადგან უფრო საკუთარი თავის მჯერა. ქმარი რეკავს და მეუბნება, რომ გამოვა ციხიდან და მერე კი ცუდად იქნება ჩემი საქმე. მაგრამ აღარ მეშინია. უკვე ვიპოვე ჩემს თავში ძალა. მაგრამ გულახდილად გეტყვით, როცა მისი ზარი შემოდის, ესეც სტრესში მაგდებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან