როგორ შეიძლება, ქორწინებაში ფლირტი იყოს სიყვარულის შენარჩუნების საშუალება
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 22.08

რა არის ფლირტი – ერთი შეხედვით უწყინარი თამაში, ღიმილი, მზერა ან უმნიშვნელო კომპლიმენტი. მაგრამ, როცა საქმე ქორწინებას ეხება, ფლირტმა შეიძლება, ორ უკიდურესობამდე მიგვიყვანოს – გახდეს წყვილის ურთიერთობის გამხსნელი, განახლებადი ენერგია ან იქცეს განხეთქილების წყაროდ. სად გადის ზღვარი, როგორ დავინახოთ ფლირტი ჯანსაღი პერსპექტივით? ეს ხომ ორმაგად სენსიტიური თემაა, რომელიც ზოგისთვის ღალატთან ასოცირდება, ზოგისთვის კი კომუნიკაციის ხიბლია. როგორ უნდა გავარჩიოთ? ფსიქოლოგგები ამბობენ, რომ ფლირტი არ არის მხოლოდ სიყვარულის დასაწყისი. ის შეიძლება; იყოს არსებული ურთიერთობის მაცოცხლებელი „ჟანგბადი“.
როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ახერხებს „თამაშს“ – ინარჩუნებს ურთიერთობაში სიმსუბუქეს, იუმორს, შეყვარებულობის დინამიკას – ეს ფლირტია და ეს ეხმარება წყვილს რუტინის გადალახვაში.
ნინო (47 წლის): მე ვფიქრობ, რომ ქორწინებაში ფლირტი აუცილებელია. უფრო სწორად, დავრწმუნდი ამაში.
– ფსიქოლოგები ამბობენ, რომ აუცილებელი არაა, მაგრამ სასურველია. და რომ ერთმანეთის მოხიბვლა წყვილის სიძლიერეა.
– მეც უკვე ასე ვფიქრობ. დიახ, არ არის მარტივი ჩვენს დაძაბულ ყოველდღიურობაში ფლირტზე იფიქრო, მაგრამ ამას სხვა მხრიდან უნდა შეხედო: როცა პარტნიორთან ურთიერთობა გაბედნიერებს, ყოველდღიურ პრობლემებსაც მარტივად უმკლავდები. ანუ, თუ პარტნიორები მუდმივად ცდილობენ, იყვნენ საინტერესო, მიმზიდველი, მომხიბვლელი – მათ შორის ეროტიკული ენერგია აქტიურდება.
ანუ, ფლირტი შეიძლება, სიყვარულის შენარჩუნების სტრატეგია იყოს.
– და როგორ გავარკვიოთ, ზღვარს ხომ არ გადავდივართ? ხომ არ ვხდებით სხვასთან ემოციურად მიჯაჭვული?
– ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის მარტივი არ არის. უნდა დავფიქრდეთ. თუ უკვე ვგრძნობთ, რომ ეს არის ჩვენი პირადი საიდუმლო, მაშინ ფლირტი უკვე გასცდა იმ ზღვარს, რაც ქორწინებისთვის ჯანსაღია, ანუ, ფლირტმა არ უნდა გადაფაროს პარტნიორის მიმართ ერთგულება.
– ანუ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ გარეთ ფლირტი ყოველთვის საფრთხეა?
– არა, ყოველთვის არა. ზოგჯერ ფლირტი, უბრალოდ, სოციალური თამაშია, კარგი გასართობია. თუმცა, საფრთხე ჩნდება იქ, სადაც ადამიანი ამ თამაშით იწყებს ემოციური დეფიციტის შევსებას. იმის თქმა მინდა, რომ თუ პარტნიორებმა ერთმანეთთან არ ააგეს ნდობაზე, კომუნიკაციაზე და სურვილზე დაფუძნებული ურთიერთობა, ფლირტი უკვე საყრდენი ხდება და…
– და... ეს უკვე ღალატია?
– ფლირტი ქორწინებაში შეიძლება, იყოს ენერგია, რომელიც ცეცხლს ინარჩუნებს – ასე ფიქრობენ ფსიქოლოგები. თუმცა, ზოგიერთი წყვილისთვის ეს უკვე ნამდვილად აღიქმება ღალატად. რეალურად არ არის აუცილებელი, ღალატად მივიჩნიოთ ყოველი მზერა ან კომპლიმენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და პარტნიორთან. ერთი სიტყვით, ფლირტი არაა ცუდი.
– მაგრამ კითხვაა. ვისთვის თამაშობ? და რატომ? ან როგორ მივხვდეთ, რომ ფლირტი, უბრალოდ, სიმპათიის გამოხატვაა და არა ღალატისკენ გადადგმული ნაბიჯი?
– თუ თქვენთვის ფლირტი ბუნებრივი კომუნიკაციური ელემენტია, მაშინ ის საშიში არ არის, ანუ განსხვავება არის განზრახვაში. თუ ამ კონტაქტის მიზანია თამაში, საკუთარი მიმზიდველობის განცდა და ამით თვითშეფასების ამაღლება, ის არ არღვევს უკვე არსებულ ურთიერთობას.
მაგრამ, როცა შენს პარტნიორს ვერ უზიარებ იმ განცდებს, რასაც ეს კონტაქტი გიტოვებს — იქ იბადება ღალატის ეჭვი.
– როგორ გგონიათ, შეიძლება, ფლირტი ღალატად ჩაითვალოს, თუ ფიზიკური კავშირი არ ყოფილა?
– მოდი, შევთანხმდეთ: ფლირტი ღალატად იქცევა მაშინ, როცა ის იწყებს ახალი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას, პარტნიორის გვერდის ავლით. ფიზიკური კონტაქტი ღალატის საბოლოო შედეგია, მაგრამ ღალატი ბევრად ადრე იწყება – როცა გრძნობთ, რომ გული სხვასთან უფრო ძლიერად ფეთქავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან