გულახდილი საუბრები

როგორ იცვლება მოტყუებული ქალის ცხოვრება

№2

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 23.01

გულახდილ საუბარი
დაკოპირებულია

ქალისა და კაცის ურთიერთობებში ყოველთვის იყო ტყუილი და ალბათ, სულ იარსებებს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ იმაზე, რა ემართება ქალს მას შემდეგ, როცა სიმართლეს იგებს. არა იმ დროს, როცა ტყუილი გამჟღავნდება – არამედ მერე, დღეების, თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში… ზოგჯერ ეს ფაქტი ქალის მთელ რეალობას ცვლის და არცთუ იშვიათად – უარესობისკენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ტყუილი ორივე სქესისთვის მძიმეა, თუმცა ქალი ამას ბევრად უფრო მტკივნეულად განიცდის. ჩვენი რუბრიკის რესპონდენტის სიტყვებიც არ არის ბრალდება, ეს უფრო აღიარებაა.

– მოდი, თავიდან დავიწყოთ. როგორ გაიგეთ, რომ მოგატყუეს?

მარიამი (42 წლის): უცნაურ რაღაცას გეტყვით – პირველ ეტაპზე შოკი არ მიგრძნია, უფრო სიცარიელის განცდა დამეუფლა, თითქოს შიგნით რაღაც დიდი ჩამოიშალა, მაგრამ ყოველგვარი ხმაურის გარეშე. თავიდან საკუთარ თავს ვუთხარი: „ალბათ, ვცდები. ასე ვერ იქნებოდა. ასე არ მოხდებოდა...“ სხვათა შორის, ეს ქალებისთვის ბუნებრივია. კაცის ქცევას კი არ აკვირდება და იქიდან გამომდინარე კი არ აკეთებს დასკვნებს, არამედ საკუთარ ინტუიციას უჯერებს.

– ანუ, ტყუილი ერთჯერადი არ იყო?

– არა. წყვილის ურთიერთობაში ტყუილი იშვიათად არის ერთჯერადი და ერთი სიტყვა. ეს არის მთელი ჯაჭვი. როგორ გითხრათ, რაღაც სისტემური უფროა – ჟესტები, დუმილი, შეუსაბამო ახსნები, თვალების არიდება. სიმართლე რომ გავიგე, მივხვდი: მე მხოლოდ ერთ ფაქტზე არ მომატყუეს, მომატყუეს მთელ ჩემს ემოციურ კავშირზე. ანუ, ის, როგორ ვგრძნობდი თავს ამ ურთიერთობაში, ყალბი აღმოჩნდა.

– ანუ? რას ნიშნავს ეს?

– ეს ნიშნავს, რომ შეყვარებული ქალი, რეალობას თავის განცდებზე აგებს. რაღაცებში თავსაც კი აჯერებს. იმიტომ, რომ ასე უნდა. თუ კაცი გეუბნება, „ყველაფერი რიგზეა“, ნელ-ნელა იწყებ იმის დაჯერებას, რომ ყველა შენი შფოთვა უსაფუძვლოა. ტყუილი აქ უკვე არ არის მხოლოდ ფაქტი, ეს არის ემოციური მანიპულაცია.

– რა შეიცვალა თქვენში მომხდარის შემდეგ, ანუ, როცა ტყუილი გამოაშკარავდა?

– ყველაფერი და არაფერი ერთდროულად. გარედან იგივე ქალი დავრჩი, იგივე ხმა, იგივე სახე. შიგნით კი… შიგნით გაჩნდა მუდმივი ეჭვი. გამადიდებელი შუშით ვაკვირდები აბსოლუტურად ყველაფერს. აღარ ვიჯერებ სიტყვებს ისე, როგორც ადრე. ვუსმენ პაუზებს, ვაკვირდები თვალებს, ვკითხულობ ქცევებს... ქალი ტყუილის შემდეგ სწავლობს არა სიყვარულს, არამედ თავდაცვას.

– ანუ, სიყვარული გაქრა? მაშინ რაღა აზრი აქვს ერთად ცხოვრებას?

– არა. ასეც ვერ ვიტყვი. სიყვარული არ ქრება ასე მარტივად. ქრება გულუბრყვილობა. ქრება უნარი, სრულად მიენდო გვერდით მყოფს და მოდუნდე. ქალი აღარ შედის ურთიერთობაში მთლიანად და თავდავიწყებით. ის უკვე იტოვებს „სარეზერვო გასასვლელს“. ეს არის ცვლილება, რომელსაც ბევრი კაცი ვერ ამჩნევს, მაგრამ გრძნობს.

– როგორ გრძნობს?

– ქალი აღარ ითხოვს ბევრს. აღარ ეჭვიანობს ხმამაღლა. აღარ სვამს ზედმეტ კითხვებს. კაცები ამას სიმშვიდედ აღიქვამენ, სინამდვილეში კი ეს არის ემოციური დისტანცია. ქალი აღარ იბრძვის და ეს ყველაზე საშიში ნიშანია ურთიერთობისთვის.

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ტყუილი მაშინვე არ ანგრევს ურთიერთობას?

– ტყუილი თითქმის იშვიათად ანგრევს ურთიერთობას მაშინვე, თუმცა ის მაშინვე იწყებს ქალის დანგრევას შიგნიდან. ურთიერთობა შეიძლება, გაგრძელდეს, მაგრამ ქალი ამ ურთიერთობაში უკვე სხვაა – ნაკლებად გულწრფელი, ნაკლებად გახსნილი, ნაკლებად ბავშვური... ის აღარ არის ქალი, რომელიც ადრე უყვარდა კაცს და ხშირად სწორედ ამის გამო ეუბნება კაცი: „შენ შეიცვალე“.

– თქვენ შეიცვალეთ და მან ეს გითხრათ?

– დიახ. და ეს ცვლილება არ არის ჩემი სისუსტე. ეს არის გადარჩენა. ქალი ტყუილის შემდეგ სწავლობს საკუთარ საზღვრებს. სწავლობს, თქვას „არა“... სწავლობს, წავიდეს და თავი გადაირჩინოს მანამდე, სანამ ბოლომდე დაიშლება.

– ისევ გჯერათ ურთიერთობების?

– მჯერა, მაგრამ სხვანაირად. ახლა უკვე ვიცი, რომ სიყვარული არ უნდა იყოს მუდმივად ერთგულების მტკიცება. თუ ადამიანი ტყუილს ირჩევს, ეს მისი არჩევანია და არა ჩემი ნაკლი.

– და ასე ცხოვრება შეიძლება?

– რა თქმა უნდა. ფაქტია, მე ვცხოვრობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი