გულახდილი საუბრები

როგორ ახერხებს ზოგიერთი დედა შვილისთვის სასურველი მამაკაცის „დათრევას“

№13

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 05.04

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ ბედი უცნაური რამაა. თუმცა ადამიანების უმეტესობა თავად არის საკუთარი ბედის ავტორი. გოგონები ოცნებობენ და ზოგი ეგუება უღირს ქმარს, ზოგიც უკანმოუხედავად გამორბის ოჯახიდან... ბუნებრივია, ყველა დედას უნდა, თავისი ქალიშვილი კარგ ბედში ჩავარდეს, ჰქონდეს უზრუნველი ცხოვრება და გვერდით ღირსეული მამაკაცი ჰყავდეს... იქნებ ამიტომაც, არცთუ იშვიათად დედები შვილებთან ერთად იბრძვიან სასურველი სასიძოს მოსაპოვებლად.

დიანა (53 წლის): თავის დროზე მეც ასე შევქმენი ოჯახი. გარეგნობით არ ვბრწყინავდი. ჩემს მეგობრებს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდათ, მე კი – არც ერთი. ძალიან ვითრგუნებოდი და მწყინდა. ერთი ბიჭი შემიყვარდა ძალიან და იმდენი ვიბრძოლე, მოგვიანებით ის ბიჭი ჩემი ქმარი გახდა.

– ქმრისთვის ბრძოლა? ეს რას ნიშნავს. როგორ უნდა იბრძოლო, თუ ადამიანს არ უნდიხარ?

– ყველაფრისთვის უნდა იბრძოლო, ისე არაფერი მოდის. არაერთი ღამე გამითენებია მასზე ფიქრით... მერე დედაჩემს გული გადავუშალე და ისიც დატრიალდა. ჩემს შვილს ვის დავაჩაგვრინებო. გაიკითხ-გამოიკითხა ამ ბიჭის ამბავი. უთხრეს, კარგი ოჯახიშვილია, მაგრამ უკვე ჰყავს საცოლეო. ეს რომ გავიგე, გული გადამიტრიალდა. არაფრის იმედი არ მქონდა, მაგრამ დედაჩემს გაეღიმა. ვნახავთ, ვის მოიყვანს ცოლადო. შენ მარტო ის გააკეთე, რასაც მე გეტყვიო. საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა და რა არის დასამალი, ესეც დაგვეხმარა. დედამ ჩემი მეგობრების დაპატიჟება დაიწყო. ხან ტკბილ სუფრას აკეთებდა, ხან ხინკალზე შეკრებდა, ხან აგარაკზე წვეულებას მართავდა.

– მეგობრებს შორის ისიც იყო, ვინც მოგწონდათ?

– დიახ. რა თქმა უნდა. ყველაფერი ხომ სწორედ მისთვის კეთდებოდა. და ერთ მშვენიერ დღეს, გვიანობამდე გავაგრძელეთ. დედაჩემმა დაიჩემა, ნასვამი ვინც არის, ყველა ჩვენთან უნდა დარჩეს, ვერ დავსვამ საჭესთან, სანამ გამოფხიზლდებიან, უსაფრთხოდ მინდა, იყვნენო. ასე „უსაფრთხოდ“ ჩაეძინა მას ჩემს საძინებელში. ისე, რომ ვერც მიხვდა, ყველაფერი დედაჩემის დაგეგმილი რომ იყო. დილით გვერდით თვალცრემლიანი რომ დავხვდი, ვერაფერი ვეღარ თქვა. სულ მგონია, რომ ჩემ მიმართ რაღაც სიმპათია მაინც ჰქონდა. იმ დღიდან 25 წელი გავიდა. ორი შვილი გაგვიჩნდა. ვაჟმა ადრე შეირთო ცოლი. იმ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც ჩემმა მშობლებმა უყიდეს. ქალიშვილზე კი ადრეული ასაკიდან დავიწყე ზრუნვა. მე დამემსგავსა – გარეგნობით არ „ბრწყინავს“, მაგრამ მე რისთვის ვარ? როცა წუწუნებს, რატომ გავჩნდი ასეთი შეუხედავიო, მაშინვე ვამშვიდებ – ნუ დარდობ, თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, ერთად ვიბრძოლებთ მის ხელში ჩასაგდებად-მეთქი.

– ამას სერიოზულად ამბობთ?

– დიახ. მეცხრე კლასში იყო, თანაკლასელი რომ შეუყვარდა, მაგრამ ის ბიჭი ზედ არ უყურებდა. მაშინ ვუთხარი, რომ იმ ბიჭისთვის არც ღირდა ნერვიულობა, მრავალშვილიანი და ღარიბი ოჯახიდან არის, აქეთ შემოგვაჩერდება ხელებში-მეთქი. კიდევ კარგი, დამიჯერა. ახლა სხვაზე აქვს თვალი დადგმული. მეც ძალიან მომწონს. ჩემი შვილია და ჩემი ალღო აღმოაჩნდა, მეც რაღაცები ვურჩიე და იმდენი ქნა, ბიჭმა ყურადღება მიაქცია. ახლა გნებავთ შეყვარებული დაარქვით, გნებავთ – მოჯადოებულ-მონუსხული. წარამარა ურეკავს ჩემს შვილს. გიჟდება მასზე. საქმეზე იყო წასული უცხოეთში და ამან რომ ტირილით უთხრა, უშენოდ მოვკვდებიო, ხუთი დღით ადრე ჩამოვიდა მადრიდიდან. თან საჩუქრებით დატვირთული. ნიშნობა უკვე ჰქონდათ. ჩემი შვილი გამოცდებს მორჩება თუ არა, ჯვარს დაიწერენ, სამოგზაუროდ ევროპაში წავლენ და სექტემბერში ქორწილსაც გადავიხდით.

– ესე იგი, შეიძლება, ადამიანმა საკუთარი და სხვისი ბედი ასე დაგეგმოს.

– ჩემი დევიზი კი ასეთია: საკუთარ ბედ-იღბალს ადამიანი თავად ჭედავს და თუ ამ გზაზე სხვისი ბედიც გადაიკვეთა, იმის ბედიც შეიძლება შეიცვალოს. არის ამაში სიმართლის მარცვალი. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემი შვილი ამის ნათელი დადასტურება ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი