გულახდილი საუბრები

რას გრძნობს დედა, რომლის შვილის ცხოვრებაშიც საყვარელი ქალი ჩნდება

№8

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 06.03

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

დედა შვილის ცხოვრებაში პირველი ქალია, პირველი სიყვარული, პირველი უსაფრთხოება, პირველი ზრუნვა... მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს სიყვარული ვერ ეგუება ცვლილებას? როცა ბიჭი იზრდება, ქორწინდება, ქმნის საკუთარ ოჯახს, ზოგიერთი დედისთვის ეს რეალობა მიუღებელი და მტკივნეულია. დედა შინაგანად მაინც ვერ უშვებს თავის პირმშოს და იწყება სერიოზული ბრძოლა. დედები ხდებიან რძლების მეტოქეები, ზოგჯერ – მტრებიც კი და ამ დაპირისპირებამ, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე ხასიათი მიიღოს. ისინი საკითხს ასე აყენებენ: მან ცოლი აირჩია, ანუ მე უარმყო? მას ის ჩემზე ძალიან უყვარს?.. – ეს არ არის მარტივი პრობლემა. არამედ მძიმე ფსიქოლოგიური დრამაა ქალისა, რომელიც საკუთარ ცხოვრებასაც ამახინჯებს და ამ მძიმე ომში შვილსაც ითრევს.

ლია (61 წლის): ძალიან მინდა, ყველაფერი სწორად გამიგოთ. მე შეიძლება, შეცდომები დავუშვი, მაგრამ არავის აინტერესებს, როგორი ცხოვრება მქონდა იქამდე, სანამ ჩემი შვილი ზრდასრული გახდებოდა და ოჯახს შექმნიდა. როცა ის პატარა იყო, მე ვიყავი მისი მთელი სამყარო. ვიცოდი, როდის შიოდა, როდის ეშინოდა, როდის სტკიოდა. მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ყველაფერს უყვებოდა.

– ასეა ყველა დედა, მაგრამ თქვენ ხშირად ამბობთ: „მე არ მინდოდა შვილის დაკარგვა“. რას ნიშნავს ეს?

– ერთ დღეს მივხვდი, რომ მისთვის მთავარი აღარ ვიყავი. უკვე სხვას უყვებოდა ყველაფერს. სხვა ქალი გახდა მისი მესაიდუმლე და მე ფუნქცია დავკარგე. ნელ-ნელა მშორდებოდა და ჩემთვის უცხო ხდებოდა. როცა გადაწყვეტილებები ჩემ გარეშე მიიღო და პირველად მითხრა: „დედა, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ“, ეს „ჩვენ“ ძალიან მძიმე იყო და მე მაშინ ლამის მოვკვდი. მთელი ღამე ვტიროდი. მანამდე „ჩვენ“ მე და ის ვიყავით. შეგიძლიათ, მიხვდეთ რა განვიცადე? ალბათ, არა.

– რას გრძნობდით რძლის მიმართ?

– სიძულვილს – არა. უფრო – შიშს. ვფიქრობდი, რომ მან წამართვა ჩემი ადგილი. ჩემი ფუნქცია. ჩემი მთავარი როლი ყველაზე ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში. როცა ჩემი შვილი მეუბნებოდა: „ეს ჩვენი ოჯახია“, მე ამას ვიგებდი, როგორც: „შენ აღარ ხარ მთავარი.“

– ეს ხომ ბუნებრივია. როცა ორი ზრდასრული ადამიანი ერთად ცხოვრებას იწყებს, უკვე ის არის მათი ოჯახი.

– მე კი ვფიქრობდი, რომ ვეხმარებოდი. ვურჩევდი, ვასწავლიდი, ხანდახან გავახსენებდი, როგორი იყო ბავშვობაში. რძალსაც ვუყვებოდი მისი ქმრის ბავშვობის ამბებს. ხანდახან ჩემს შვილს ვეტყოდი, „შენ ასე არ იზრდებოდი“. მაგრამ ეს ყველაფერი მისი ცოლისთვის იყო მესიჯი, რომ მე უკეთ ვიცოდი.

– შვილმა რამე გითხრათ?

– დიახ, ერთხელ მითხრა: „დედა, მე შენ არ გტოვებ. უბრალოდ, მე ჩემი ცხოვრება მაქვს. ძალიან გთხოვ, ნურასდროს ჩაერევი “. იმ ღამესაც ბევრი ვიტირე. მე მეგონა, რომ თუ ის ცოლის მხარეს დადგებოდა, მე მარტო დავრჩებოდი. ფაქტობრივად, დავინგრიე ცხოვრება.

– დღეს როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?

– ახლა მესმის, რომ სიყვარული არ ნიშნავს კონტროლს. მაგრამ მე არ მინდოდა მისი დაკარგვა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რომ მას არ ვკარგავდი – ის, უბრალოდ, გაიზარდა. შვილი არ უნდა დააყენო დედასა და ცოლს შორის არჩევანის წინაშე. თუ მან არჩევანი უნდა გააკეთოს, ესე იგი, სადღაც დედა აშავებს.

– რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული?

– იმის აღიარება, რომ ჩემი შიში იყო ძალიან დიდი პრობლემა. ფსიქოლოგიურად არასტაბილური ვიყავი – არ მინდოდა შვილის დაკარგვა. მაგრამ რეალურად საკუთარი როლის შემცირების მეშინოდა. დედობა ხომ ჩემი იდენტობა იყო. როცა ის დაქორწინდა, მე უკვე აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი მის გარეშე. დღეს ფსიქოლოგთან დავდივარ და ვცდილობ, ჩემს თავზე ვიმუშავო. რას ვერჩოდი ჩემს შვილს ან რძალს, რომელსაც ცხოვრება გავუმწარე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი