გულახდილი საუბრები

რა არის საჭირო კაცის „დასაბმელად“ და როგორ იქცევიან ქალები კრიტიკულ სიტუაციაში

№42

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 29.10, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

მოღალატე ქმრების შესახებ ბევრი გვისაუბრია, მაგრამ იშვიათად გვაინტერესებს ის ქალები, რომლებთანაც ეს მამაკაცები ცოლებს ღალატობენ. ისინი ყოველთვის არ არიან დამნაშავეები და არც სხვისი ოჯახის დანგრევაზე ოცნებობენ. გოგონა აღიარებს, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ტყუილზე წამოეგო და ურთიერთობა გააბა ცოლ-შვილიან მამაკაცთან, რომელიც უმტკიცებდა, რომ მისი ქორწინება დასრულებულია.

დიანა (29 წლის): თავს პირობა მივეცი, რომ უკვე არასოდეს გავხდები ვინმეს საყვარელი, რადგან წინა ასეთი ურთიერთობა ძალიან ცუდად დასრულდა. უბრალოდ, მოხარული ვარ, რომ ამ აღიარებით შემიძლია, სხვა ქალებს დავეხმარო. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ჩემ ერთ ნაცნობს ქმრის შესანარჩუნებლად შვილის გაჩენა გადაუწყვეტია... და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ამ კაცს ბავშვი საყვარელმაც გაუჩინა, ალბათ, მანაც მის შესანარჩუნებლად. ანუ, რა გამოდის, რომ თითქოს, ორ ქალს კაცის „დასაბმელად“ ნამდვილი ბრძოლა აქვს გაჩაღებული? წარმოუდგენელია, რომელიმე იყოს ბედნიერი ასეთ კაცთან. რა აზრი აქვს ბრძოლასაც, რომელშიც, ჩემი აზრით, გამარჯვებული არ არსებობს.

- ცოლიანი კაცის საყვარელი იყავით და გჯეროდათ, რომ ცოლთან აღარ ცხოვრობდა?

- მივხვდი, რისი თქმაც გინდათ - რომ მე შეგნებულად ვიტყუებდი თავს. ასე იფიქრებს ყველა, ვინც „გარედან“ უყურებს ამას. მე ვფიქრობ, ჩემს ამბავზე საინტერესო ჩემი ნაცნობის ამბავია, სადაც ცოტა უფრო ჩახლართული სიტუაციაა: - ქმარმა, რომელიც ქალებში სიარულს ნაჩვევი იყო, ცოტა უფრო სერიოზული ურთიერთობა გააბა ქალთან, რომელსაც ცოლები მარტივად და ბანალურად „საყვარელს“ ეძახით.

- ისევ ცოლი გამოგყავთ დამნაშავედ? რას ნიშნავს „ბანალურად ეძახიან“.

- ცოლის პოზიციიდან მართალი ხართ. მაგრამ, როცა ამას მოჰყვება ბავშვი - ის უკვე ხდება ამ ურთიერთობების გახანგრძლივების ყველაზე დიდი იმედი და ქალისთვის ყველაზე საიმედო ფინანსური გარანტიაც...

- ძალიან ცუდ რამეს ამბობთ ახლა...

- რატომ, რადგან ფინანსები ვახსენე? კი ბატონო, მე არაფერს ვამტკიცებ. იქნებ მართლაც გულწრფელი სიყვარულის ნაყოფია - ვინ იცის! მხოლოდ ვარაუდებსა და ეჭვებს ვახმოვანებ...

მოკლედ, ამ ყველაფერს მოჰყვა ბევრი ცრემლი, ნერვიულობა და ისტერიკები, ერთმანეთთან მივარდნა-მოვარდნები, საჯარო ლანძღვა-გინება, მაგრამ ოჯახი ვერაფერს გახდა. ბუნებრივია, კაცებს ძალიან სძულთ, როცა რამეს აძალებენ! მე მესმის მათი და ცოლებს მივმართავ - აბა, თქვენი თავი წარმოიდგინეთ - საშინელებაა, როცა სიყვარულს გაიძულებენ!

- საქმე ასე მარტივად არ არის. ისე ჩანს, თითქოს, აქ ომი მარტო გრძნობებისთვის მიდის, მაგრამ რეალურად, ეს ქალები გავლენის სფეროებს იყოფენ...

- სწორად მიხვდით. სწორედ მაგაშია საქმე. ზოგადად, მე ცოლებისაც მესმის. ძალიან მძიმე ასატანია, როცა სხვაში გცვლიან. როცა ერთი შეხედვით, შენს მეტოქეს განსაკუთრებული არაფერი აქვს, არც შენზე უკეთ ზრუნავს საყვარელ ადამიანზე, არც გარეგნობით გჯობია და არც საზოგადოებრივი მდგომარეობით, მაგრამ მაინც მარტო რჩები. გვერდზე ისე გაგწევენ, თითქოს ნივთი იყო. მიუხედავად პრობლემისადმი ყველაზე „პროგრესული“ მიდგომისა, შეგუებით ვერავინ ეგუება, ჭრილობა ჭრილობად რჩება და ტკივილი - ტკივილად.

არ დაიჯეროთ, რომ თითქოს ზოგი ქალი მსგავს სიტუაციას, „ეგუება“: რჩება ოჯახში, „თვალს ხუჭავს“ ქმრის გაორებულ ცხოვრებაზე და ამით თითქოს, ოჯახს ინარჩუნებს. ზოგი ოფიციალურად აღიარებს ქმრის საყვარელთან შეძენილ შვილს, იღებს სახლშიც - ბავშვმა რა დააშავაო?! მე თუ მკითხავთ, ბავშვი აქ მსხვერპლი უფროა... რა ვქნა, მომკალით და არ მჯერა, რომ ასეთ ცოლებს არ ადარდებთ, რომ მათი ქმრები გუგულებივით სხვის ბუდეში დებენ კვერცხებს...

ვერაფრით ვხვდები, ცოლისთვის ეს როგორი გამოსავალია, ან არის კი გამოსავალი საერთოდ?

ალბათ, გამოცდილებმა უფრო იციან, შეუძლია თუ არა ბავშვის დაბადებას ამოავსოს ცოლ-ქმარს შორის გაჩენილი ბზარი? დააბრუნებს ძველ სიყვარულს? შეიძლება ზოგ ქალს უღირს საყვარელი ადამიანის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. მე მათ კატეგორიას არ მივეკუთვნები.

ბოლოს მაინც შეჭამს მტანჯველი ეჭვი, რომელიც ადრე თუ გვიან, ნებისმიერი სახის ურთიერთობას ანადგურებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი