რა აკავებს ქალს ურთიერთობაში მაშინაც კი, როცა გრძნობს, რომ ყველაფერი დასრულდა
ავტორი: დალი მიქელაძე 21:00 18.08

მონათხრობი ათასობით ქალის ყოველდღიურობად ქცეული რეალობიდან მაშინ, როცა ქალი საყვარელ მამაკაცს არჩენს, უვლის, უქმნის კომფორტს და ამ ყველაფრის ფონზე გრძნობს ღალატს, სიმშვიდე ერღვევა, ეჭვიანობს, შფოთავს, მაგრამ არ აქვს მტკიცებულება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში, სიბრაზის ნაცვლად, მას დანაშულის გრძნობა უჩნდება. ასეთ დროს ქალი საკუთარ თავში ეძებს მიზეზს, რატომ არ უყვარს ქმარს ისე, როგორც უყვარდა ადრე. რატომ აღარ აფასებს. რატომ ტოვებს მის სიყვარულსა და შრომას უპასუხოდ.
ეს თემა საკმაოდ რთულია და მრავალმხრივი. ის ეხება ეკონომიკურ ძალაუფლებას, ემოციურ დამოკიდებულებას, თვითშეფასებას და იმ უხილავ ბადეს, რომელიც ბევრ ქალს აკავებს მაშინაც კი, როცა გრძნობს, ყველაფერი დამთავრდა.
რატომ რჩება ქალი ასეთ ურთიერთობაში, სადაც არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ თავისუფლებასაც კარგავს? ეს ხშირად არის შიშის, დანაკარგის განცდისა და ემოციური დამოკიდებულების ნაზავი.
ქალი, რომელიც არჩენს ქმარს, ხშირად საკუთარ თავშივე ხედავს პასუხისმგებლობას – თითქოს თუ წავა, „მის გარეშე“ მამაკაცი ვერ გაძლებს, დაიღუპება. ამას ემატება საზოგადოებრივი ზეწოლა – „ოჯახი არ უნდა დაანგრიო”, „ცოლი ქმარს არ ტოვებს“… და, რა თქმა უნდა, სიყვარული, რომელიც ხანდახან აღარ არსებობს, მაგრამ მოგონებები თავს ატყუებინებს. მნიშვნელოვანია, ასეთ ქალს დაეხმარონ საკუთარი რეალობის ობიექტურად დანახვაში – რომ ორივეა პასუხისმგებელი ამ ურთიერთობაში, სად მთავრდება პარტნიორობა და იწყება ექსპლუატაცია...
მაკა (44 წლის): ჩემს ამბავს სანამ მოვყვები, ჯერ საერთო პრობლემაზე ვიტყვი. ხშირად ქალები ამბობენ – არ მეჩხუბება, არ მცემს, მაგრამ სულ დამნაშავედ ვგრძნობ თავს და ეს ემოციური შანტაჟია? დიახ. ემოციური შანტაჟი არ ტოვებს ფიზიკურ იარებს, მაგრამ ძლიერად აზიანებს თვითშეფასებას. ის ხშირად გამოიხატება ფრაზებში, როგორიცაა:
– „შენ რომ არა, სად ვიქნებოდი…“;
– „მე თავი გავწირე და ეს ღირდა?!”;
– „თუ დამტოვებ, გამანადგურებ“.
ეს არის არაჯანსაღი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც ქალი იღებს, ისე, რომ ვერც ამჩნევს. სწორედ ამ გზით იქმნება „შებოჭილი თავისუფლება“, როცა ფორმალურად ქალი თავისუფალია, მაგრამ შინაგანად ყოველ ნაბიჯზე სირცხვილის, დანაშაულისა და შიშის კედელი აქვს გარშემო.
– რა უნდა ქნას ასეთ სიტუაციაში მყოფმა ქალმა? როგორ უნდა მონახოს გამოსავალი?
– პირველი ნაბიჯი ყოველთვის რეალობის დანახვაა – გულწრფელად, დაფარული იმედების გარეშე. არ არის ეს მარტივი, მაგრამ შესაძლებელია. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. ქალმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს:
– „თუ ჩემი ფინანსური მხარდაჭერა არ იქნებოდა, შენარჩუნდებოდა ეს ურთიერთობა?“;
– „მიყვარს თუ, უბრალოდ, მარტო დარჩენის შიში მაქვს?“;
– „რა ფასად მაქვს „სიმშვიდე – ჩემი ბედნიერების ხარჯზე?“.
შემდეგ უკვე მოდის მხარდაჭერა – ფსიქოლოგის, მეგობრის, შვილების, ახლობლების. ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგო: არ ხარ ვალდებული, გაამართლო ის, ვინც აშკარად გიყენებს.
ეკონომიკური დამოუკიდებლობა, საკუთარ თავზე ზრუნვა და შინაგანი საზღვრების დაცვა – სწორედ ეს არის ის ბილიკი, რომელიც უნდა გაიარო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოხვიდე ემოციური ძალადობის ბურუსიდან.
ხანდახან მეჩვენებოდა, რომ მე არ ვიყავი ცოლი – მე ვიყავი მისი საკუთრება. ის არ ამბობდა მადლობას, არც რამეს მსაყვედურობდა, უბრალოდ, მიყურებდა ისე, რომ თავი დამნაშავედ მეგრძნო, თუნდაც, ჩემი დაღლილობის გამო. დღესაც არ ვიცი, მღალატობს თუ არა. არც არაფერი მითქვამს, მაგრამ ის, რაც გრძნობებს მირევს, ყველაზე მძიმე მტკიცებულებაა.
და მაინც... ყოველ ჯერზე ვეუბნები თავს: „ახლა არ არის დრო... ჯერ – ის, მერე – მე“. რატომ ვაკეთებ ამას, მართლა არ ვიცი. დიახ, მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გავთავისუფლდე ტოქსიკური ურთიერთობისგან. მაგრამ ერთხელ მაინც უნდა ვკითხო საკუთარ თავს სერიოზულად – როდემდე?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან