ოთხჯერ გავთხოვდი და საბოლოოდ პირველ ქმარს დავუბრუნდი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.07

საოცარი ბედი მარგუნა განგებამ. ყველას რომ ეგონა, გავთხოვდებოდი და ცხოვრების ბოლომდე იმ მამაკაცის გვერდით ვიქნებოდი, ასე არ გამოვიდა. თუმცა, მეორე მხრივ, გამოვიდა კიდეც, რადგან ოთხჯერ გავთხოვდი და საბოლოოდ, ისევ პირველ ქმართან დავბრუნდი, ვისთანაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებ.
პირველად რომ გავთხოვდი, გააზრებულიც არ მქონდა, რა იყო ოჯახი. სკოლის ბანკეტიდან გავიპარეთ და რომ გვეგონა, სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი, ბავშვური გატაცება აღმოჩნდა. ოთხი წელი ვიყავით ერთად და ის ოთხი წელი ერთმანეთი დავტანჯეთ. ვერც ხასიათით ვუგებდით ერთმანეთს და ვერც სხვა რამეში. არც ვუთმენდით და სულ კამათი და გაწევ-გამოწევა გვქონდა. ამ ოთხ წელში, ალბათ, ასჯერ მაინც გავიქეცი ჩემებთან და მერე, უკან დავბრუნდი, ისევ ჩემი ქმრის თხოვნით. მაგრამ საბოლოოდ, რომ გადავწვიტე გაშორება, ჩემმა ქმარმაც აღარ იაქტიურა და ბავშვებთან ერთად ჩემებთან დავრჩი. ცოდვას ვერ ვიტყვი, გადასარევი მამა იყო და არის დღემდე. მოკლედ, სადღაც ერთ წელში გავიცანი ბიჭი, რომელიც მეგონა, ჩემი ოცნების მამაკაცი იყო და მას გავყევი ცოლად. პირველ პერიოდში ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ბავშვები აითვალწუნა და შეურაცხყოფაზე რომ გადავიდა, მივხვდი, მის გამო შვილები მეჩაგრებოდა და გავშორდი. სულ, ჯამში, წელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად. ვიფიქრე, აღარასოდეს გავიხედავ მამაკაცისკენ-მეთქი, მაგრამ წლების მერე ისევ მეწვია გრძნობა. ჩემი შვილის თანაკლასელის დედასთან ვმეგობრობდი და მის ნათესავს მოვეწონე. გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ გასაქანი არ მომცა. რაც მთავარია, ვმალავდი ჩემს მეორე ქორწინებას. რაღაცნაირად მრცხვენოდა და ახალ გაცნობილ და დამეგობრებულ ადამიანებს არ ვუმხელდი. ერთი სიტყვით, იმ მამაკაცმა იმდენი ქნა, საჩუქრებითა თუ სახლში მოკითხვებით, ისე მოინადირა ჩემი გული, აზრზე რომ მოვედი, უკვე საქორწინო რგოლი მეკეთა თითზე. მართლა არ მომცა გასაქანი და მალევე დავქორწინდით. რაიონიდან იყო და მისი მშობლები, თურმე, წინააღმდეგი ყოფილან განათხოვარი და მით უმეტეს ორშვილიანი ქალის რძლად მიღებაზე. მაგრამ, მშრომელი იყო, ქირით ცხოვრობდა და ბინის ფულსაც აგროვებდა. მპირდებოდა: ბინასაც ვიყიდით, დედოფალივით გაცხოვრებ, ჩემი მშობლები ხმას ვერ გაგცემენ უბატონოდ, შენს შვილებსაც საკუთარი შვილებივით გავზრდიო. მეც მშვიდად ვიყავი, მაგრამ ბოროტ ადამიანებს რა დალევს? გაიგო, რომ მეორე ქმარი მყავდა და რას ჰქვია მიმალავდიო, ერთი ამბავი დამაწია. ვუხსნიდი, ხმას უწევდა, მეც არ ვუკლებდი და სილა რომ გამაწნა, მივხვდი, ისევ შევცდი მამაკაცში, ისევ მომიწევდა მისგან წასვლა და ოჯახის ხელახლა დანგრევა. რა გამაჩერებდა იმ მამაკაცის გვერდით, რომელმაც ჩემზე ხელი ასწია?! არ ვიკვეხნი, მაგრამ ჩემი გარეგნობის გამო ძალიან ბევრ ბიჭს მოვწონდი და ვუყვარდი, მაგრამ ალბათ, ჩემი ბედი ასეთი იყო. მესამედაც დავანგრიე ოჯახი და დანამდვილებით ვიცოდი, აღარ გავრისკავდი, სულ რომ ოქროს ცხენზე ამხედრებული უფლისწული მოსულიყო ჩემთან. წლები რომ გავიდა და ბავშვები გაიზარდნენ, მამასთან კიდევ უფრო დაახლოვდნენ. ხშირად მოდიოდა ჩემი პირველი ქმარი ჩვენთან და მატერიალურადაც უზრუნველგვყოფდა. ხუმრობით მეუბნებოდა: რა გინდოდა, რას დახტოდი, გვეცხოვრა ტკბილად, მაგრამ გაჯიუტდიო. მე ვიცინოდი და ვპასუხობდი: სამაგიეროდ, შენ როგორი განძი გაჩუქე, შვილების სახით-მეთქი? ჰოდა, დღეს ისევ ერთდ ვართ. ასაკში მივხვდით, რომ თურმე, იმ ბავშვურმა ჯინიანობამ და სიჯიუტემ გაიარა. ისევ გვაქვს გრძნობა ერთმანეთის მიმართ და რაც მთავარია, საერთო შვილები გვყავს, რომლებიც ორივეს სიცოცხლის აზრია. ისევ თავიდან დავიწყეთ ცხოვრება, გამოვიდა, რომ მეოთხედ გავთხოვდი და მივხვდი, რაც შუბლზე აწერია ადამიანს, ვინც მისი ნამდვილი ბედია, რაც არ უნდა იხტუნაოს, ვერ ასცდება.
ლანა, 41 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან