გულახდილი საუბრები

მესამედ გათხოვების შემდეგ ვიგრძენი, რა არის ქალური ბედნიერება

№13

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.04, 2022 წელი

გარიგებით გათხოვება
დაკოპირებულია

წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, სამჯერ გათხოვდებიო, სიცილით გავიგუდებოდი.

მინდოდა, მხოლოდ ერთი მყვარებოდა, მასთან შემექმნა ოჯახი, მყოლოდა შვილები და ღრმა მოხუცებულობამდე მის გვერდით ვყოფილიყავი, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისე არასოდეს ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და რაზედაც ვოცნებობთ. ამ გადასახედიდან, პირველად რომ გავთხოვდი, ეს სიყვარული კი არა, ვნებაზე აყოლა იყო. უბრალოდ, ერთმანეთი გვიზიდავდა, ასაკიც ხელს გვიწყობდა და ნაადრევად შევქმენით ოჯახი. შვილი რომ მეყოლა, ქმართან ურთიერთობა დამეძაბა, გამუდმებით ვჩხუბობდით. ჩვენს დაძაბულ ურთიერთობაში მშობლებიც ჩაერივნენ და საბოლოოდ განქორწინება გადავწყვიტეთ. მაშინ ვფიქრობდი, აღარასოდეს გავიხედავდი კაცისკენ. თუმცა, სამი წლის მერე, ისევ დავოჯახდი. ჩემი მეორე მეუღლე შეძლებული ოჯახიშვილი იყო, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი და სოლიდური მამაკაცი. რომ გავყევი, არ მიყვარდა. პირველი წარუმატებელი ოჯახური თანაცხოვრების და სიყვარულის მერე, შეშინებული ვიყავი. ვფიქრობდი, ერთად ცხოვრება, უბრალოდ, შეჩვევა იყო და სიყვარული შესაძლოა, დროთა განმავლობაში მოსულიყო ან პირიქით. მოკლედ, რადგან წარმატებული და სიმპათიური ადამიანი იყო, ბედი მას დავუკავშირე და შვილთან ერთად, საცხოვრებლად მასთან გადავედი. თუმცა, მალე მივხვდი, რომ ისევ შეცდომა დავუშვი. მხოლოდ კარგი ცხოვრება, ფუფუნებაში ყოფნა, კარგი ჩაცმა-დახურვა და სმა-ჭამა არ არის საკმარისი გათხოვილი ქალი გერქვას და მეუღლის სტატუსი გქონდეს. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ჩემი შვილის გამო უფრო გადავდგი, ვიდრე ჩემი ბედნეირებისთვის, მინდოდა, უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდა. მეორე შვილი რომ შემეძინა, მეგონა, ბავშვის მერე გაჩნდებოდა სიყვარული. თუმცა, აქაც შევცდი. დღეები გადიოდა და ვხვდებოდი, კარგი დედა ნამდვილად ვიყავი, თუმცა მეუღლისთვის – უბრალოდ, ცოლი და არა საყვარელი ქალი. შესაძლოა, ამაში დამნაშავე მეც ვიყავი, რადგან მის მიმართ არასოდეს ვყოფილვარ თბილი და მოსიყვარულე, რა ვქნა, არ შემიძლია თამაში და მით უმეტეს, ურთიერთობაში. დამეფიცება, რომ მეორე ქმართან არასოდეს მომსვლია კამათი და ჩხუბი, თუმცა, ერთმანეთთან იმდენად შორს ვიყავით, ჯობდა, ცალ-ცალკე გვეცხოვრა. ვიცოდი, ამით შვილებს უდიდეს სტრესს მივაყენებდი, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგი. მეორე მეუღლეს ცივილურად დავშორდი. სიტუაცია გავარკვიერთ, ერთმანეთს მიზეზები ავუხსენით და აღმოჩნდა, რომ ისიც ჩემსავით ფიქრობდა და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთად ვყოფილიყავით და ოჯახი გვრქმეოდა, სისულელე იყო. ბინა მიყიდა და ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავედი. ყოველთვე ფულს გვიგზავნიდა და არც ბავშვებს აკლებდა მზრუნველობას. ჩემს შვილს საკუთარი შვილისგან არ ასხვავებდა. პირველი ქმარი კი ჩემი მეორედ გათხოვების მერე იმდენად იყო გამწარებული, ბავშვსაც კი არ ნახულობდა. მოკლედ. ორჯერ გათხოვილ ქალს, გარდა ცოლის სტატუსისა, სხვა რამ არ მიგრძნია. მეორე ოჯახის დანგრევის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ სიყვარული არ არსებობს, არსებობს გამართლება და მე არ მიმართლებდა. ახლა ვხვდები, არასწორად ვფიქრობდი. ასაკში რომ შევედი, სწორედ მაშინ მეწვია ნამდვილი გრძნობა, თავი ნამდვილ ქალად ვიგრძენი და ისე გადავეშვი სიყვარულის მორევში, მესამედ გათხოვება გავრისკე. არ მინდოდა მისი საყვარლობა, არც თავად სურდა მალულად შეხვედრები და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ. მართალია, ჩემზე ასაკით პატარაა, მაგრამ ზუსტად იცის ქალის პატივისცემა, იცის სიყვარულის განაწილება და მის გვერდით ვიგრძენი, რა არის ქალური ბედნიერება. უფროსმა შვილმა არ მოინდომა ჩვენთან ცხოვრება. ჩემს მშობლებთან ცხოვრობს. თუმცა, ხშირად გვსტუმრობს და ჩემს მესამე ქმართან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. მეორე შვილი კი ჩვენთანაა. კიდევ ვამბობ, ვინმეს რომ ეთქვა, სამჯერ გათხოვდებიო, ალბათ, მეწყინებოდა, მაგრამ გავიცინებდი, თუმცა ფაქტია, სამჯერ შევქმენი ოჯახი და მხოლოდ მესამე ქმართან განვიცადე ის გრძნობა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს. ამიტომ, ახლა შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ „ვინ რას იტყვის“ ადამიანმა უნდა დაძლიოს, არ იცხოვროს წარსულის შიშებით და ნამდვილი სიყვარული იპოვოს.

ანა, 38 წლის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი