გულახდილი საუბრები

მამამთილმა გამოგვიცხადა, ქონება პატარა შვილისააო და მე და ჩემი ქმარი სახლიდან გამოგვიშვა

№34

ავტორი: „თბილისელები“ 23:01 04.09

სინანული
დაკოპირებულია

რომ გავთხოვდი, სახლში პატარა მაზლი დამხვდა. ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვქონდა, სანამ არ გაიზარდა და მოთხოვნილებებიც არ მოემატა. კორპუსის სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით მე, ჩემი ქმარი, დედამისი, მამამისი, ჩემი ორი შვილი და ჩემი მაზლი. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ჩვენს ოჯახში უკმაყოფილება, ან ჩემია-შენიას ძახილი. ყოველთვის სიამტკბილობაში ვიყავით. არ ვიცი, ჩემს მაზლს რამ უკბინა, რა დაეტაკა და ერთ დღეს გამოაცხადა, ცოლი მინდა მოვიყვანო და სად წავიყვანო, ამ სახლში ჩემი ადგილიც კი აღარ დარჩა და მე ჩემი შვილები და პირადი ცხოვრება არ მინდაო? ამაზე ისე გაბრაზდა ჩემი ქმარი, პირველად მოუვიდათ ძმებს სერიოზული ჩხუბი. 

არ დამავიწყდება ჩემი ქმრის სიტყვები: არ მეგონა, ასე თუ არ მაფასებდი, ასე თუ არ გიყვარდი და მსახიობობდი. ბიჭო, თუ ცოლი და შვილები გინდა, მე ხელს როგორ შეგიშლი, დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ და გამოსავალი გამოვძებოთო. ნამდვილად არაკონფლიქტური ქმარი მყავს, მაგრამ ჩემმა მაზლმა ისე გამოიყვანა წყობიდან, ხელით შეეხო და ისე სცემა ხელი მოტეხა. ამაზე სულ გადაირია ჩემი დედამთილ-მამამთილი. თუმცა, დედამთილი ჩემი ქმრის მხარეს იყო, მამამთილმა გაჭედა: ეს რა სცენები დამიდგით, რა რინგი გამიმართეთ?! როგორც ვხედავ, თქვენ ერთად ვერ იცხოვრებთ, ვერასდროს ვერ მორიგდებით. სახლი პატარა ბიჭისაა და თუ ასე აპირებთ გაგრძელებას, მიბრძანდითო. ანუ, მიბრძანდითში იგულისმებოდა, მისი პირველი შვილი, ანუ ჩემი ქმარი, მე და ჩვენი შვილები, ანუ მისი შვილიშვილები. ჩემი ქმარი თავმოყვარეა და მეორე დღესვე დატრიალდა და იშოვა ბინა ქირით. ვეხვეწე, ჩემს მშობლებთან გადავიდეთ – ჩემებს ნახალოვკაში უზარმაზარი ორსართულიანი კერძო სახლი აქვთ, მაგრამ არაფრის დიდებით არ ქნა. მითხრა: შენ გათხოვდი, მე ხომ არა, ამიტომ, იმდენს „ვიჩალიჩებ“, შენ და ჩემს შვილებს დიდხანს არ გაცხოვრებთ ქირით, უცხოეთში წავალ, დღე და ღამე ვიმუშავებ და ჩემს საკუთარ ბინას მაინც ვიყიდიო. ჩემი დედამთილის დიდი ძალისხმევით, სოფლის სახლი მოგვცეს. მამამთილმა შემომითვალა: შენს ქმარს არ ველაპარაკები და შენ გეტყვი, რომ რახან თბილისის ბინიდან გაიქეცით, სოფლის ბინა თქვენი იყოსო. ვეღარ ვაკადრე ამხელა კაცს, რომ კი არ გავიქეცით, თვითონ გამოგვყარა. როგორც ჩანს, თავიდანვე ჩაფირებული ჰქონდა ასე და აგულიანებდა უმცროს შვილს, იმანაც მამის აზრი იცოდა და გათამამდა. მწყინს, რომ ძმებმა სამუდამოდ მოიძულეს ერთმანეთი და ჩემს ქმარს არც მამის დანახვა უნდა. დედამისს კი ურეკავს და კითხულობს. დედამთილი ჩვენთანაც მოდის და როგორც შეუძლია, გვეხმარება. ქონება დღეს არის, ხვალ – არა, ამის გამო როგორ უნდა დაკარგო დედმამიშვილი ან მამამ შვილი? ჩემი ქმარი მართლა წავიდა უცხოეთში, მეც ვმუშაობ, ჩემებიც მეხმარებიან და უკვე იმდენი თანხა დავაგროვეთ, მალე ვიყიდით ბინას. ვიცოდი, რომ ღმერთი არ გაწირავდა ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს, რომელიც მართლა პატიოსნად, გულითა და სულით უდგება ყველა საქმეს, უღალატო და უერთგულესი ადამიანია. თანაც, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი. ისეთი მოთხოვნაა მასზე, საქმე არ აკლია და კარგად უხდიან. უბრალოდ, მე ვნერვიულობ, ბევრს რომ მუშაობს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას. მთავარია, ბინა ვიყიდოთ და მერე, აღარ გავუშვებ. მირჩევნია, აქ ნახოს სამსახური და ჩვენ გვერდით იყოს. მე კი არასოდეს გავარჩევ ჩემს შვილებს და ამით არ ვატკენ გულს.

მანანა, 44 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა