ყოფილმა ქმარმა შვილის გარეშე, მარტო დამტოვა, თვითონ კი ცხოვრება აიწყო
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.09
რომ ვთხოვდებოდი, ვერც კი დავუშვებდი იმას, რაც წინ მელოდა. არადა, ერთი შეხედვით, მშვიდი, მოსიყვარულე ოჯახი ჩანდა. მეც თბილად მიმიღეს, მაგრამ მერე აურიეს. არ ვიცი, რა არ მოსწონდათ ჩემში, პირში არაფერს მეუბნებოდნენ, თუმცა, სიტყვებით მკბენდნენ, მაიძულებდნენ და მიწვევდნენ, რომ წამომეწყო ჩხუბი ან რამე ისეთი მეთქვა მათთვის, რასაც ხელზე დაიხვევდნენ. დედამთილზე არაფერს ვამბობ, ყველამ იცოდა, რასაც წარმოადგენდა, მაგრამ ჩემი ქმრის მიკვირდა. დედის ენას აყოლილი, ისე მომაყენებდა შეურაცხყოფას, არც კი დაფიქრდებოდა, გულს როგორ მტკენდა.
გათხოვებიდან ექვსი თვე არ დავრჩი ორსულად და დედამთილი ყველას ეჭორავებოდა, ჩემი რძალი უშვილოაო. ორსულად რომ დავრჩი, დიდად არც მაშინ გამოუხატავს სიხარული. არც ჩემი ქმრისთვის შემინიშნავს, რომ მომავალი მამობით აღფრთოვანდა. რასაც ჩემს მამამთილზე ვერ ვიტყვი. არასდროს დამავიწყდება მისი საქციელი – ჯერ არდაბადებულ ბავშვს პატარა ფეხსაცმელები უყიდა, მომიტანა და მითხრა: მომეწონა და ვუყიდე, არ გეწყინოს და არ დაიჯერო იმის, რომ ამბობენ, წინასწარ არ ვარგა ყიდვაო. რასაკვირველია, არ მჯერა ცრურწმენების და გულით გამიხარდა, ჩავკოცნე და მადლობები ვუხადე. ხუთი თვის ორსული კი, ისე გამომიყვანა დედამთილმა წყობიდან, ვიჩხუბეთ. ალბათ, ბევრს სისულელედ მოეჩვენება, მაგრამ დაიჟინა, გინდა თუ არა, ბავშვს, თუ ბიჭი იქნება, მამაჩემის სახელი უნდა დავარქვა, გოგოს – დედაჩემისო და ამაზე ვიკამათეთ. უკან რომ არ დაიხია, მეც აღარ მეყო ნერვები და ბოლო ხმაზე ვუყვიროდი. ჩემი ქმარი სამსახურიდან რომ მოვიდა, სანამ დედამისი მოახსენებდა, რა მოხდა, მე მოვუყევი და ისე შემომიტია, გავოგნდი. კატეგორიული ტონით მითხრა: დიახ, დედაჩემის დედამ და მამამ გამზარდა, ბებია-ბაბუაზე ჭკუა მეკეტებოდა, სიგიჟემდე მიყვარს ორივე და სწორად უთქვამს დედაჩემს, დიახაც, ჩემს შვილებს მათ სახელებს დავარქმევო. მივხვდი, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა და გავჩუმდი. ვიფიქრე, ჯერ დაიბადოს და მერე, მე ვიცი, რასაც დავარქმევ-მეთქი. არ გავიდა ორი დღე და ისევ დედამთილმა გამოყო კლანჭები. მიყვიროდა: გემჩნევა, რა ოჯახიდანაც ხარ, გინდა, ბავშვი უსუსური და უდღეური დაიბადოს, ჩემს მომზადებულს შენ არ ჭამ, არ მიყვარსო, არც სახლის საქმეებს აკეთებ, ვიღლებიო. ყველაფერს აკეთებ, ეგ ბავშვი სრულფასოვანი არ იყოს და ატარე მერე მთელი ცხოვრება ხელითო. ბავშვს რომ შეეხო, ვეღარ მოვითმინე, კარგად გამოვლანძღე, გამოვიკეტე კარები და ჩემს დასთან წავედი. გადაირია ჩემი და და სიძე, ვერ მიხვდნენ, რის გამო დამიპირისპირდა ან რა ჰქონდა საპრეტენზიო ჩემს დედამთილს ჩემს ოჯახზე. საღამოს, ქმარმა რომ მომაკითხა, არც მე წავყევი და არც ჩემებმა გაატანეს ჩემი თავი. უთხრეს: აღელვებულია გოგო, ორსულადაა, არაფერი დაემართოს, იყოს ცოტა ხანი ჩვენთანო. იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს, ვტიროდი, თან ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, რა დაემართათ, რომ ასე ამომიძულეს. გამთენიისას, მუცლის მწვავე ტკივილები დამეწყო, სასწრაფო გამოიძახეს, გადამიყვანეს სამშობიაროში და სამწუხაროდ, ვეღარ მიშველეს – ბავშვი დავკარგე. არც ჩემს დედამთილს მოუდგამს ფეხი იქ და არც მის სანათესაოს. ჩემი ქმარი და მამამთილი მოდიოდნენ, გაიგებდნენ ამბავს და ისე მიდიოდნენ, რომ არც მნახულობდნენ. სამშობიაროდან ისევ ჩემს დასთან წავედი. სუსტად ვიყავი, დეპრესია მქონდა და ის მივლიდა. ჩემი ქმარი კი ჯერ მოდიოდა, მერე კი საერთოდ აღარ მობრძანებულა. რასაკვირველია, მასთან აღარც დავბრუნებულვარ. როგორც გაირკვა, დედამისს ადრე ერთი გოგო მოსწონდა სარძლოდ და ისე ჩააწყო, მისმა შვილმა მასთან დაიწყო სიარული და მალევე მოიყვანა ცოლად. ახლა უკვე სამი შვილიც ჰყავს. მე კი, პირველი გათხოვებიდან შეშინებული, არც მეორედ გავთხოვდი და შვილიც არ შემრჩა. წლების მერე სიმსივნური კვანძი აღმომაჩნდა, ოპერაცია დამჭირდა და სამუდამოდ უშვილო დავრჩი. არ მინდა, ვინმე დავწყევლო ან ცუდი ვუსურვო, მაგრამ ერთს ვიტყვი – ყველას ისე მოეწყოს ცხოვრება, როგორც იმსახურებს!
ნინო, 38 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან