გულახდილი საუბრები

დედამთილს არაფერს დავუთმობ, ცხოვრებას გავუმწარებ

№48

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.12, 2021 წელი

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

მთელი ორი წელი ვხვდებოდი ნიკას, შეყვარებულები ვიყავით და ყოველთვის იმას უსვამდა ხაზს, რა შეგნებული დედა ჰყავდა და რომ მამას და დედას, უაზროდ უყვარდათ ერთმანეთი. მეც ასე მეგონა, სანამ მათ ოჯახში არ შევდგი ფეხი. პირველივე დანახვისას დედამთილმა ცხვირი აიბზუა, სიმაღლე და წონა დამიწუნა – ჩემს შვილზე დაბალია და ძალიან გამხდარიო. 

ჩავყლაპე, გავატარე, ნიკას ხათრით მოვითმინე. რამდენიმე დღეში ოქროს ბეჭედი მაჩუქა და მოაყოლა: ეს ჩემმა დედამთილმა მაჩუქა, ოჯახის რელიკვიაა, არ უნდა მომეხსნა თითიდან, სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ ჩემმა შვილმა შემჭამაო. რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ანუ, ჩემი ქმარი აძალებდა დედამისს ჩემთვის ოქროს სამკაული მოეცა და მას არ სურდა, ხომ ასეა? ჰოდა, გამოვართვი და არც არასოდეს გამიკეთებია, კარადაში დავაგდე. თუ რამე ახალს ვიყიდი, სიტყვით გამოდის: ამ გაჭირვების ჟამს რა დროს ყიდვაა, რაც გაქვთ ის ჩაიცვით, ცოტა გაუწიეთ ხათრი ოჯახის ბიუჯეტსო. მართალია, არ ვმუშაობ, მაგრამ ჩემს ქმარს ნამდვილად აქვს იმდენი შემოსავალი, თვეში ერთხელ ახალი რამე მიყიდოს და გამახაროს. ამაზეც გულზე სკდება ჩემი დედამთილი. ამას წინათ ჩემს ქმარს კალთაში ვეჯექი, მიხუტებულები ტელევიზორში ფილმს ვუყურებდით. ქალბატონი კი სამზარეულოში თავის მულს ელაპარაკებოდა ტელეფონით. მესმოდა: აღარ შემიძლია ამდენის გაძლება, მტერმა უყუროს ამას ყოველდღე, ამისთვის გავზარდე დედისერთა შვილი, რომ ამან „გამოიჭიროს? კიდევ კარგი, ჩემი ქმარი არ უყურებს როგორი ჯოჯო მომითრია სახლშიო. გეფიცებით, ზუსტად ამ სიტყვებით ელაპარაკებოდა. მე უკვე გამოვიმუშავე იმუნიტეტი და აღარ ვაქცევ ყურადღებას, პირიქით, ისე ვიქცევი, უფრო რომ აეშალოს ნერვები. მოკლედ, რომ დაასრულა საუბარი, შემოვიდა მისაღებში და ჩამქრალ ოთახში, ტელევიზორის შუქზე, ქმრის კალთაში ჩახუტებული დამინახა, გადაირია. ეცა, აანთო შუქი და დაიწყო ხმამაღლა ყვირილი: რა უბედურებაა? ეს უნამუსოა და ჩემი ხათრი რომ არ აქვს, გასაგებია და შენ, ამხელა ბიჭს, დედის არ გრცხვენიაო? გამეცინა და ვუპასუხე: რისი უნდა რცხვენოდეს, რას ვაკეთებთ, ტელევიზორს ვუყურებთ-მეთქი. ამაზე სულ აენთო და დაიწყო ლანძღვა-წყევლა-კრულვა. ნიკამაც აღარ მოუთმინა და ჩემი მხარე დაიკავა. ორი დღე ლოგინში გორავდა აწეული წნევით, როგორ თუ შვილი შეეწინააღმდეგა და რძალმა ხმა აუმაღლა.

აბა, როდემდე გავუტარო და ვუთმინო კლიმაქსური შეტევები? ნეტავ, არ ახსოვს თავისი ახალგაზრდობა, ქმართან გატარებული პირველი თვეები თუ წლები? ერთი სიტყვით, მიტევს, არც მე ვუთმობ და არც ვაპირებ დათმობას. არაფერს ვაშავებ, ქმართან თბილად ვარ და რატომ უნდა შევიზღუდო დედამთილის ხუშტურებისა და ძველმოდური შეხედულებების გამო ცხოვრება და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. მათ ოჯახში ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა პირველად, ჩემმა ოჯახმა და ნათესავებმა გადაწყვიტეს მოსვლა. მე და ნიკა დავტრიალდით, დავიწყეთ სამზადისი, გვინდოდა ორიგინალური ყოფილიყო ეს დღე. ხელი უცებ მოვაწერეთ, მხოლოდ მეჯვარეების გარემოცვაში და ნიკა სულ იმას მიმეორებდა: არც ჯვრისწერა გვქონია, არც ქორწილი, შენი პირველი დაბადების დღეა ჩემს ოჯახში და ისეთი უნდა იყოს, მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდესო. და რა ქნა ჩემმა დედამთილმა? ჩემს დაბადების დღეზე, დაკრა ფეხი და მულთან წავიდა. მთელი ორი დღე იქ იჯდა და რომ მობრძანდა, ყველაფერი მივახალე პირში. ყველა მის ასეთ უაზრო საქციელს შესაბამისად ვუპასუხებ. ის, რომ ასაკით ჩემზე დიდია და საყვარელი მამაკაცის დედაა, არ უქმნის იმის პრივილეგიას, თავზე დამაჯდეს და შეურაცხყოფა მომაყენოს. ასე რომ, რაც მეტად შემომიტევს და მატკენს გულს, მით მეტად შევუტევ და ვატკენ. ცხოვრებას გავუმწარებ, რომ მიხვდეს როგორია არაფრის გამო ათვალწუნება და აბუჩად აგდება. მთავარია, ჩემი ქმარი მიდგას გვერდით და ხედავს როგორც ჩემს, ისე დედამისის ქცევებს, ადეკვატურად რეაგირებს და საღად აზროვნებს.

ნინი, 24 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა