გულახდილი საუბრები

ჩემმა ეგოისტობამ მეც დამღუპა და შვილსაც ცხოვრება დაუნგრია

№8

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.03

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

ქმარს რომ გავშორდი, ჩემი ბიჭი რვა წლის იყო. ვცდილობდი, სულ გვერდით მყოლოდა, რომ იტყვიან კალთაზე გამოკერებული გავზარდე.

მკაცრი დედაც ვიყავი და იმავდროულად, ვცდილობდი, მასთან მეგობრული ურთიერთობაც მქონოდა, რომ ჩემთან გახსნილი ყოფილიყო. კი ვიცოდი, რომ ეგოისტი დედა ვიყავი, მაგრამ ეს თუ ამ ზომამდე მივიდოდა, ჩემს შვილსაც დააზიანებდა და მეც მომისპობდა ცხოვრებას, ვერ წარმოვიდგენდი. პირველად, როცა მითხრა, გოგო მომწონსო, საკმაოდ დიდი იყო, ასე 22-23 წლის და მაშინ, თავი გავიგიჟე, ვიეჭვიანე, გულდასმით გამოვკითხე იმ გოგოზე ყველაფერი. ფოტოებზე რომ მანახვა, დავუწუნე, ვუთხარი, რა შენი შესაფერისია, პროვინციული გარეგნობა აქვს-მეთქი. ცოტა კი გაფხუკიანდა და ეწყინა, მაგრამ როგორც ჩანს, შეხვედრები ახალი დაწყებული ჰქონდათ და მალევე დაანება თავი. სულ იმას ვუჩიჩინებდი: ცოლად ისეთი გოგო უნდა მოიყვანო, რომ გავუგო, პრანჭია უნდა იყოს, გემოვნება ჩემნაირი ჰქონდეს, რომ მაღაზიებში ერთად ვიაროთ. არასოდეს მითქვამს: ისეთი ცოლი მინდა გყავდეს, შენს გემოვნებას რომ დააკმაყოფილებს და შენ რომ მოგეწონება და გეყვარება-მეთქი. ვერ ვიტყვი, ბევრ გოგოს ხვდებოდა-მეთქი, მაგრამ ვისთანაც დაიწყო ურთიერთობა, ყველა დავუწუნე. ბოლოს, რომ მიხვდა, არავის მოვუწონებდი, დამალვა დაიწყო. აღარც პირად ცხოვრებაზე მიყვებოდა და აღარც ფოტოებს მაჩვენებდა. მეგონა, არავინ ჰყავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეყვარებული ჰყავდა და იმ გოგოს ორი წელი ისე ხვდებოდა, მე არაფერი ვიცოდი. ბოლოს კედელთან მიმაყენა, მითხრა: შეყვარებული მყავს, დაქორწინება გადავწყვიტეთ და შენი პრეტენზიები და გაბუტვები არ მინდა, უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის, მე მიყვარს და თუ პატივს მცემ, ისე მოიქეცი, როგორც ჩემთვის იქნება კარგი და არა შენთვისო. თავიდან კი ელდა მეცა, მაგრამ მივხვდი, ჩემი ემოცია უნდა დამემალა და მშვიდად ვთხოვე, მოეყოლა მის შესსახებ. რომ მითხრა, ქირით ცხოვრობსო, ფოტოს ჩვენებაც კი არ მომითხოვია, გარეგნობა რომ მენახა. მაშინვე ისტერიკებში ჩავვარდი. როგორც მითხრა, მამას სიმსივნე ჰქონია, ბინა გაუყიდიათ, რომ უცხოეთში ემკურნალა და ამის გამო ცხოვრობდნენ ქირით. უარზე დავდექი, ასეთი დაქცეული, რად გვინდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა და ჩუმათ მოაწერეს ხელი იუსტიციაში. ჩემი რეაქცია რომ იცოდა, მამამისს სთხოვა და ის დაეხმარა, რომ ახალდაქორწინებულებს ცალკე ეცხოვრათ. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა, შვილი წამართვეს, დავრჩი მარტო და წყალში ჩამეყარა მთელი ამაგი, რაც მის აღზრდაში ჩავდე. ჩემი და მამშვიდებდა: უნდა შეეგუო, არ არის ცუდი გოგო, უყვართ ერთმანეთი და ახლა ისტერიკები ზედმეტიაო. თუმცა, არავის და არაფრის გაგონება არ მინდოდა. იმდენი ვქენი, ერთმანეთს მანამდე დავაშორე, სანამ შვილი ეყოლებოდათ. ამ ამბავს საკმაოდ ცუდი გაგრძელება ჰქონდა: გოგო ორსულად ყოფილა და მე ისეთები ჩავიდინე, ისეთები ვუთხარი, რომ შვილზე უარი თქვა, აბორტი გაიკეთა და ამის გამო, ჩემს შვილს მასთან დიდი კონფლიქტი მოუვიდა. ჩემი შვილი რომ ჩემთან დაბრუნდა, დავმშვიდდი, მაგრამ დროებითი იყო ეს სიმშვიდე. სამი წლის მერე, ისევ შეუყვარდა, ისევ დაოჯახება გადაწყვიტა და ისევ ჩავერიე. ვიცი, ეგოისტურად მოვიქეცი, მაგრამ მინდოდა, ჩემს შვილს ისეთი მეორე ნახევარი ჰყოლოდა, რომელიც მეც მომეწონებოდა. შემთხვევით გავიგე, რომ შეყვარებული იყო, ჩავერიე და იქაც სკანდალით დასრულდა ურთიერთობა. დღეს ჩემი შვილი ცალკე ცხოვრობს, ჰყავს ცოლი, შვილი... მე კი არ მელაპარაკება. ბოლოს რომ ვიჩხუბეთ, სანამ კარს გაიჯახუნებდა მითხრა: დავიღალე, ვერ შეგაგნებინე, რომ მიყვარხარ, დედაჩემი ხარ და არ მინდა, გაწყენინო, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება, მეც ადამიანი ვარ და ვინც ჩემს გულს უნდა, ის უნდა მყავდეს გვერდითო. მამამისმა ერთოთხიანი ბინა მისცა, იქ წავიდა საცხოვრებლად. ისე გავა თვე, არ გაახსენდება, რომ დამირეკოს და მომიკითხოს მაინც. ახლა ვნანობ, ვიცი, ეგოისტურად მოვიქეცი, დავუნგრიე ცხოვრება, მაგრამ მინდოდა, მისი ცოლი ყველაზე კარგი ყოფილიყო.

ნანი, 54 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი