ასაკით უფროსმა ქალმა თავისი ხასიათით ისე შემაყვარა თავი, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.10
სკოლა დავამთავრე თუ არა, სოფლიდან დედაქალაქში ჩამოვედი, რომ მემუშავა და ჩემი ფული მქონოდა. თავიდან ბიძაჩემთან ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, ბიცოლაჩემმა, ვერ ამიტანა. ხშირად მომისმენია, ვითომ ჩუმად, მაგრამ ჩემს გასაგონად, თავის ქმარს რომ ებუზღუნებდა: ამ პატარა ბინაში ჩვენ ვერ ვეტევით და კიდევ დამატებული შენი ძმისშვილი, უკვე ნამეტანიაო.
არადა, რასაც ვშოულობდი, მართალია არც კომუნალურ გადასახადებს ვიხდიდი და არც ბინის ქირას, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ჯიბის ფულს ვიტოვებდი, დანარჩენით კი საჭმელი მიმქონდა სახლში და ბიძაშვილებისთვის – ტკბილეული და სათამაშოები. ერთი სიტყვით, ექვსი თვე გავუძელი ბიცოლაჩემის ცხვირაბზეკვას და მერე გამოსავალი ვიპოვე – სოციალურ ქქსელში გავიცანი ქალი, რომელიც თითქმის დედაჩემის ხნის იყო, მაგრამ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ჰქონდა საკუთარი ბინა, სამსახური, მანქანა, ქმარს გაშორებული იყო და არც შვილი ჰყავდა. თან, ძალიან მხიარული და კეთილი ბუნების ადამიანი ჩანდა. თავიდან, ხათუნასთან გართობის მიზნით ვსაუბრობდი. მერე მივხვდი, ეს ადამიანი ძალიან თბილად მექცეოდა. თუ მჭირდებოდა, ჩემთვის დროს ყოველთვის გამონახავდა ხოლმე. მასთან ყველაზე გულახდილი ვიყავი. თუ რამეს ვკითხავდი, ცდილობდა, დავერიგებინე. ერთხელ კი, რომ ვუთხარი, სოფელში მინდა წასვლა და უფულობის გამო ჯერ ვერ ვახერხებ-მეთქი, ფულიც კი ჩამირიცხა. არაფერს ვუმალავდი, იცოდა, რა მქონდა და ვინ ვიყავი. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემი პატიოსანი შრომითა და გაკეთებული სიკეთეებით მოვდივარ დღემდე. ერთ დღესაც, კიდევ რომ დაიწყო ბუზღუნი ბიცოლაჩემმა, ხათუნას დავურეკე და ვთხოვე, თუ გცალია, სადმე შეგხვდები, ვეღარ ვჩერდები ბიცოლაჩემის გვერდით, შემჭამა თავისი უაზრო ბუზღუნით და გეხვეწები, იქნებ შენ გვერდით მაინც დავმშვიდდე ცოტა, უარი არ მითხრა-მეთქი. სხვათა შორის, ადრე რომ სულ უარს მეუბნებოდა შეხვედრაზე, იმ დღეს დამთანხმდა. მანქანით სახლთან ახლოს მომაკითხა და კარგა ხანს თბილისის ქუჩებში ვიარეთ. თან, ვსაუბრობდით და თან, ვხვდებოდი, ეს ადამიანი, კიდევ უფრო ახლობელი იყო ჩემთვის, ვიდრე მეგონა. შევთავაზე, სადმე დავსხდეთ, ცოტა მშია და რამე ვჭამოთ-მეთქი. მითხრა: სწორედ ახლა გავაკეთე უგემრიელესი კერძი, ხილიც მაქვს და ჩემთან ავიდეთ, თან მივირთვათ და თან ვისაუბროთო. არ მოველოდი ასეთ პასუხს და ცოტა დავიბენი. ვუთხარი: უხერხულია, მერიდება-მეთქი და გაეცინა: კარგი რა, რა გერიდება, ამდენი ხანია, ტელეფონით ვკონტაქტობთ, ასე თუ ისე მიცნობ და გიცნობ, თან, მარტო ვცხოვრობ. გენდობი, ვიცი, კარგი ადამიანი ხარ და რა პრობლემააო. ისე მომიხსნა კომპლექსი, დავთანხმდი. ის საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ, გემრელად მივირთვით, ფილმსაც ვუყურეთ ჩამქრალ ოთხში სანთლების ფონზე და ის ღამე მასთან დავრჩი. გეფიცებით, ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა ამქვეყნად. საოცრად თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა და იმ დღის მერე, ერთად ვცხოვრობთ. მართალია, ჩემი ოჯახი თავს იგიჟებს, მაგრამ მე მართლა შემიყვარდა და მის გარეშე ვეღარც კი ვძლებ. არ ვიცი, ხვალ რა მოხდება, მაგრამ დღეს ამ ადამიანის გვერდით ძალიან ბედნიერი ვარ. მისთვის არაფერი მენანება, მინდა, ჩემი მხრიდანაც პატივი ვცე, სამაგიერო გადავუხადო და ხან რას ვყიდულობ, ხან – რას, ყვავილები კი ყოველ ორ დღეში ერთხელ მიმაქვს. სულ მეჩხუბება: ნუ ხარჯავ ამ ფულს, ხომ ვიცი, რა წვალებით შოულობ. თან, ხედავ მე შენი არაფერი მინდა, დააგროვე ან ოჯახს გაუგზავნე სოფელშიო. ამას ვინ გეტყვის? დღევანდელი გოგონები თუ ქალები იმას ფიქრობენ, კაცს ფული როგორ დასცინცქლონ და გამოსძალონ, ეს კი სულ ჩემზე ფიქრობს. თითქმის ყველაფერს თვითონ ყიდულობს ჩემთვის. სამსახურიდან როგორი დაღლილიც არ უნდა მოვიდეს, ყოველთვის ამზადებს საჭმელს, რომ მეც რომ მივალ, ერთად ვივახშმოთ. საოცარი ადამიანია და მის გამო რომ ბევრი მეგობარი დამშორდა და დედაჩემი და მამაჩემი დღემდე მიბრაზდებიან, სულ არ მაინტერესებს. მე ამ ქალის გვერდით ბედნიერი ვარ და მისი ასაკი სულ არ მაღელვებს.
ნიკა, 23 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან