საზოგადოება

ვისთან ერთად აღნიშნავს საიუბილეო საღამოს ენრიკო ჯანელიძე და რას ჰპირდება ის თავის ერთგულ მსმენელს

№38

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:30 27.09

ენრიკო ჯანელიძე
დაკოპირებულია

19 სექტემბერს ვახტანგ სარალიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ლეგენდარული, ენერგიული, ნამდვილი შოუმენი მომღერლის, ენრიკო ჯანელიძის საიუბილეო საღამო. როგორც თავად ამბობს, საღამოზე დამსწრე საზოგადოებას მომაჯადოებელი გარემო ელის. მომღერალი, მეგობრებთან ერთად, მათ გრანდიოზულ შოუპროგრამას და ცეცხლოვან სიმღერებს შესთავაზებს.

ენრიკო ჯანელიძე: მეგობრებს ტრადიციად გვაქვს, ერთმანეთს კონცერტით, დადებითი განწყობითა და ენერგეტიკით მივულოცოთ იუბილე. ჩემი საიუბილეო კონცერტიც ასე დაიგეგმა – მეგობრებთან ერთად და იქ მოსულ დამსწრე საზოგადოებას, გრანდიოზულ შოუპროგრამას ვთავაზობთ. გაჟღერდება როგორც ქართული ქალაქური, ისე იტალიური, ესპანური, სხვადასხვა ჟანრის, კოსტიუმირებული, ლამაზი აქსესუარებით დატვირთული საღამო. მოგეხსენებათ, ბევრ ჟანრში ვმუშაობ და ჩემგან მაყურებელი მიჩვეულია ენერგიულ სიმღერებს. შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი მსმენელისთვის. იქნება ძალიან საინტერესო პროგრამა, განკუთვნილი ჩემი ფანებისთვის, რომლებიც არ მაკლებენ სიყვარულს.

– აქტუალურობას არ კარგავთ, გყავთ ერთგული მსმენელი, თქვენი ენერგიულობა და დადებითი ენერგეტიკა ყოველთვის იგრძნობა სცენიდან. როგორ ინარჩუნებთ ამ ყველაფერს?

– ალბათ, ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა, ჩემი დაუღალავი შრომა, სიყვარული, ხასიათი და დადებითი განწყობა, რომელიც მინდა, თითოეულ ადამიანს გავუზიარო სცენიდან. სხვათა შორის, ბევრი მეკითხება იშვიათი სახელი გქვია და ვინ დაგარქვაო. ბევრს ფსევდონიმიც ჰგონია. სინამდვილეში კი, ჩემი სახელი მუსიკას უკავშირდება და ის მამიდამ შემირჩია. სამი წლიდან დავიწყე სიმღერა და არც კი ვიცოდი, სახელი ენრიკო დიდებული, გამორჩეული დიაპაზონის იტალიელი ტენორისა და ყველა დროის საუკეთესო მომღერლის პატივსაცემად რომ მერქვა. მოკლედ, მამიდას უნახავს ენრიკო კარუზოს გამოსვლა და რომ დავიბადე, მან დამარქვა ეს სახელი. 17 წლიდან რვა ენაზე ვმღეროდი უცხოურ სიმღერებს. 1976 წელს ამერიკაში წასვლა და სიმღერა ასე ადვილი არ იყო, მე კი იმიტომ მიმიწვიეს, რომ გამართული ინგლისურით ვმღეროდი. თუმცა, მანამდეც ბევრჯერ ვიყავი უცხოეთში გასტროლებზე, ჩემს ანსამბლებთან ერთად. ძალიან მოსწონდათ ჩემი შესრულებით როგორც ქართული რეპერტუარი, ისე როკენროლი, ჩქარი, ტემპერამენტიანი მუსიკა, როგორც მე ვეძახი – „ცხელი და ცხარე კერძები“. არ მინდა, თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ ჩემი სასიმღერო სტილიდან გამომდინარე, ჩავარდნილი კონცერტი არ ყოფილა. სხვათა შორის, უცხოეთში ძალიან პოპულარული ვიყავი და ბევრი ზედმეტი სახელი მერქვა: ვანდერი, ბენსონი, ჯო დასენი, შარლ აზნავური, ენრიკო მასეასი, ადამო... იცით, რატომ? იმიტომ, რომ 18 წლიდან უცხოეთში აქტიურად მიწვევდნენ და კონცერტები ანშლაგით მიდიოდა.

– როგორც ვიცი, 50 წელია, სცენაზე დგახართ. ამ წლების განმავლობაში, ალბათ, იყო პერიოდი, როცა არ გემღერებოდათ.

– ბევრჯერ იყო მომენტი, როცა პრობლემის გამო არ მემღერებოდა, თუმცა არ დავნებებულვარ. ადამიანის ცხოვრება მარტო ლირიკითა და ია-ვარდით არ არის მოფენილი. არის რთული მომენტები, თუნდაც, ახლობელი ადამიანების გარდაცვალება, რომელიც გულს გიკლავს. ნიჭიერ და ხელოვან კაცს მეტი და მეტი გინდა და მით მეტი დაბრკოლება და წინაღობა გხვდება წინ, რომლებიც აუცილებლად უნდა გადალახო. მადლობა ღმერთს, მიმართლებდა შემოქმედებითად და მსმენელის სითბოსა და სიყვარულს დღემდე ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. წარმოიდგინეთ, 20 კლიპი მაქვს გადაღებული და დღეს კიდევ ვგეგმავ ახალი კლიპის გადაღებას. სანამ ვარ, მყარად უნდა ვიდგე ფეხზე, პრობლემები გადავლახო და შემოქმედებითად წინ წავიწიო. არ ვჩერდები, დიდ სიყვარულს ვდებ სიმღერაში და როცა მას მაყურებელს წარვუდგენ, ხვდებიან ამას და ისინიც სიყვარულს მიბრუნებენ. ასევე, მინდა, ყურადღებისა და გვერდით დგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროსა და მერიას. სულ ვამბობ: ადამიანს სამი დღე აქვს ცხოვრებაში – გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი. გუშინ რაც გააკეთა, ისტორიას ჩაბარდა; დღეს სიყვარულითა და სიკეთით უნდა დაიტვირთო და იგივე გასცე, რადგან ღმერთმა იცის, ხვალინდელი დღე გათენდება თუ არა. ამიტომ, დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და არ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.

– ხშირად გიწევდათ გასტროლებზე სიარული და ოჯახისგან შორს ყოფნა. ეს რთული იყო?

– ბევრი ჩემი კოლეგა, რამდენიმეჯერ დაქორწინდა, მე კი 47 წელია, ერთი მეუღლე მყავს – მანანა კალმახელიძე. როცა ცოლი სიყვარულით მოგყავს, მიმტევებელიც უნდა იყო, რაღაცაზე თვალიც დახუჭო, სხვანაირად ვერ იქნება. რასაკვირველია, თვეობით მიწევდა უცხოეთში ყოფნა და ეს რთული იყო. თუმცა, დიდი სიყვარულით შექმნილმა ოჯახმა პრობლემებს სძლია. რასაკვირველია, იყო პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ ისეთი არა, რომ ჩვენ შორის ბზარი შეეტანა. მანანა თავადაც მღეროდა, სულ გვერდით მედგა, სტიმულს მაძლევდა და ხელს მიწყობდა. ერთი შვილი გვყავს, ვაჟი. მეც დედისერთა ვარ და მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. მინდოდა, ჩემს შვილს ჰყოლოდა ბევრი დედმამიშვილი, მაგრამ რას ვიზამთ. ერთს კი გეტყვით, დღეს მაქვს ოცნება, რომლის ახდენაც მალე მინდა.

– გაგვანდობთ ამ ოცნებას?

– ძალიან მიყვარს ბავშვები, ჯერ ბაბუა არ ვარ და ამას განვიცდი.

– საკმაოდ ბევრი რეგალია გაქვთ. ამასთანავე, სამი თვის წინ, უწმიდესისა და უნეტარესის, პატრიარქის სახელობისა პრემიის ლაურეატიც გახდით, გილოცავთ!

– ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ოთხი აკადემიის აკადემიკოსი, წევრ კორესპონდენტი, მწერალთა კავშირის წევრი, რუსთაველის საზოგადოების წევრი და სულ ახლახან მომანიჭეს კულტურის დესპანობა-ამაგდარობა. ასევე, ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი იყო, ჩვენი უწმიდესისა და უნეტარესის, პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატობა. სხვათა შორის, პატრიარქის ლაურეატობის წოდება რომ მომანიჭეს, საპასუხოდ დავწერე სიმღერა მადონა კალანდიას ლექსზე, რომელიც მივუძღვენი სამშობლოს და მეორე სიმღერა – სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და სიხარულითა და მონატრებით ბევრ კონცერტს ჩავატარებ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ამისთვის ღირს ხვალინდელი დღის დალოდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა